Facebook Twitter

ა-3097-ა-23-2011 21 ნოემბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი _ ს. ღ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვანცენტი გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ს. ღ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4666 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ღ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებით ს. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ღ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინებით ს. ღ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დადგენილ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

2011 წლის 15 აგვისტოს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ს. ღ-ემ. განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რის საფუძვლადაც მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

კასატორს არ დაურღვევია ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა, რამდენადაც საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების შესახებ 2011 წლის 18 მაისის განჩინება მან ჩაიბარა არა 2011 წლის 25 მაისს, როგორც ეს საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურშია მითითებული, არამედ 2011 წლის 2 ივნისს;

იმის დასადასტურებლად, რომ 2011 წლის 18 მაისის განჩინება ფოსტის მუშაკმა, ე.ოთიაშვილმა ადრესატს ნამდვილად 2011 წლის 2 ივნისს ჩააბარა, ს. ღ-ემ განცხადებას თან დაურთო ე.ოთიაშვილის განცხადება, სადაც ეს უკანასკნელი განმარტავს, რომ 2011 წლის 25 მაისს თელავის ცენტრალური ფოსტიდან სხვა კორესპონდენციებთან ერთად წამოიღო წერილი ¹862, 2011 წლის 18 მაისის განჩინებითურთ, რათა იგი გადაეცა სოფელ ართანაში მცხოვრები ს. ღ-ისათვის. ფოსტის მუშაკი ადრესატთან მივიდა იმავე დღეს, თუმცა ეს უკანასკნელი სახლში არ დახვდა. მან გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება შეძლო 2011 წლის 2 ივნისს. დაშვებული შეცდომის გამო, ფოსტის მუშაკმა ხელმძღვანელისაგან მიიღო სასტიკი საყვედური.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ს. ღ-ის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით ს. ღ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რასაც საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზის შეუვსებლობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელს ახლად აღმოჩენილად მიაჩნია თელავის ფოსტის ფილიალის ნაფარეულის განყოფილების ფოსტალიონის 2011 წლის 3 აგვისტოს განცხადება, რომელშიც ფოსტალიონი განმარტავს, რომ მან ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება კასატორს ჩააბარა 2011 წლის 2 ივნისს და არა 25 მაისს, როგორც ეს დაფიქსირებულია საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათში.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს განმცხადებლის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება ეყრდნობა, საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2011 წლის 18 მაისის განჩინების ასლი კასატორს პირადად ჩაბარდა 2011 წლის 25 მაისს, რასაც ადასტურებს აღნიშნულ შეტყობინებაზე კასატორის ხელმოწერა (ტომი 2, ს.ფ. 68).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფოსტის მუშაკის ზემოხსენებული განმარტება ვერ აქარწყლებს იმ ფაქტს, რომ კასატორმა ხარვეზის განჩინება ჩაიბარა 2011 წლის 25 მაისს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათს პირადად აწერს ხელს კასატორი და ჩაბარების თარიღიც მის მიერაა მითითებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების განახლების პროცესუალური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ღ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება