Facebook Twitter

ა-2831-ა-25-2011 25 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შ. დ-სა და გ. ზ-ეს შორის 2008 წლის 20 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება სოფ. წ-ში მდებარე 544.6 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. დ-ემ და გ. ზ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით შ. დ-სა და გ. ზ-ის წარმომადგენლის შ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება. მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დადგენილ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

2011 წლის 25 ივლისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. გ-მა. განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რის საფუძვლადაც მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:P

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელს არ დაურღვევია ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასართლოს მიერ დადგენილი ვადა, რამდენადაც საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების შესახებ 2011 წლის 30 მაისის განჩინება მან ჩაიბარა არა 2011 წლის 10 ივნისს, როგორც ეს საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურშია მითითებული, არამედ 2011 წლის 20 ივნისს; იმის დასადასტურებლად, რომ 2011 წლის 30 მაისის განჩინება ადრესატს ნამდვილად 2011 წლის 20 ივნისს ჩაბარდა, მ. გ-მა განცხადებას თან დაურთო საქართველოს ფოსტის აჭარის ფილიალის წერილი და საფოსტო რეესტრი, საიდანაც ირკვევა, რომ შეკვეთილი წერილი ¹371 ჩაჰბარდა გამგებელ შ. დ-ეს 2011 წლის 20 ივნისს, ასევე განცხადებას დაურთო გამოკითხვის ოქმები, საიდანაც ირკვევა, რომ გ-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოდან გაგზავნილი განჩინება ჩაიბარა 2011 წლის 20 ივნისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მ. გ-ის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წარმოების განახლების შესახებ 2011 წლის 25 ივლისის განცხადებით მ. გ-ი სადავოდ ხდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებას. აღნიშნული განჩინებით მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რასაც საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზის შეუვსებლობა. საკასაციო სასამართლომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ათვლის დასაწყისად მიიჩნია ხარვეზის შესახებ განჩინების ასლის კასატორისათვის ჩაბარების მომდევნო დღე _ 2011 წლის 11 ივნისი, საიდანაც ეს ვადა ამოიწურა 2011 წლის 17 ივნისს.

წარმოდგენილი განცხადებით მ. გ-ი სადავოდ ხდის ხარვეზის ვადის ათვლის ზემომითითებულ თარიღს, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება ეყრდნობა. განმცხადებელი განმარტავს, რომ განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ მას ჩაბარდა 2011 წლის 20 ივნისს და არა 10 ივნისს, როგორც ეს დაფიქსირებულია საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. გ-ის განცხადება არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნას.

საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გასაჩივრებული განჩინება ეყრდნობა, საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ამავე სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის განჩინების ასლი გ-ს ჩაბარდა 2011 წლის 10 ივნისს, რასაც ადასტურებს აღნიშნულ შეტყობინებაზე ხელმოწერა (ს.ფ.302).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელი ვერ აქარწყლებს ზემოაღნიშნული შეტყობინებით დადგენილ მის მიერ გზავნილის 2011 წლის 10 ივნისს ჩაბარების ფაქტს. აღნიშნული ფაქტის გამაქარწყლებელ მტკიცებულებად საკასაციო სასამართლო ვერ განიხილავს განცხადებაზე თანდართულ, საქართველოს ფოსტის აჭარის ფილიალის წერილს, საფოსტო რეესტრის და გამოკითხვის ოქმებს. მართალია ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებში მითითებულია, რომ მ. გ-ს 2011 წლის 30 მაისის განჩინება ჩაბარდა 2011 წლის 20 ივნისს, მაგრამ მხოლოდ ამ განმარტების საფუძველზე საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურში ასახულ თარიღს არასწორად ვერ მივიჩნევთ.

საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათში, რომელიც საქმეში წარმოდგენილია დედანი დოკუმენტის სახით და რომელიც წარმოადგენს მკაცრ წარმოებას დაქვემდებარებულ ოფიციალურ დოკუმენტს, მითითებულია, რომ კორესპონდენცია გ-ს ჩაბარდა 2011 წლის 10 ივნისს, მასზევე დაფიქსირებულია ადრესატის ხელმოწერა. ამდენად, აღნიშნული დოკუმენტები გამორიცხავს მ. გუნთიაშვილის ჩაბარების თარიღს _ 2011 წლის 20 ივნისს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. გ-ი ვერ აქარწყლებს საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურით დადგენილ გარემოებას საფოსტო გზავნილის 10 ივნისს ჩაბარების თაობაზე, რის გამოც არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების განახლების პროცესუალური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 430-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. გ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.