ა-4318-ა-28-2011 21 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე:
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებლები _ მ. ქ-ე, ნ. და გ. ხ-ები
მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური, მ. ჯ-ე
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ნოემბრის განჩინება
განმცხადებლების მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. და ნ. ხ-ების, მ. ქ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა 2008 წლის 22 მაისს გ. ხ-სა და მ. ქ-ეს შორის 1096 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ასევე ნ. ხ-სა და მ. ქ-ეს შორის 1008 კვ.მ-ზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება.
საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას საქმეში სათანადო მოსარჩელედ ჩაება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერი ძალადაკარგულად გამოცხადდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ.ქ-ემ, ნ. და გ. ხ-ებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებითYსააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ქ-ემ, ნ. და გ. ხ-ებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით მ. ქ-ის, ნ. და გ. ხ-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით მ. ქ-ის, ნ. და გ. ხ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
2011 წლის 18 ნოემბერს მ. ქ-ემ, ნ. და გ. ხ-ებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართეს. მათი მტკიცებით, ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ამოწურვამდე გამოასწორეს, კერძოდ, 2011 წლის 20 ოქტომბერს (ვადის ბოლო დღეს) ქ. ბათუმის საფოსტო განყოფილებას ჩააბარეს წერილი, რომელსაც ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მ. ქ-ის მიერ გაცემული მინდობილობა. აღნიშნული დოკუმენტები 2011 წლის 24 ოქტომბერს გატარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანცელარიაში, თუმცა საქმის განმხილველ სასამართლო შემადგენლობას არ გადასცემია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინებით განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადება და თვლის, რომ მ. ქ-ის, ნ. და გ. ხ-ების განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.
იმავე კოდექსის 423-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მ. ქ-ეს, ნ. და გ. ხ-ებს ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა 3 დღით გაუგრძელდათ და ამ ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 4500 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის, ასევე მ. ქ-ის მიერ თინა იმნაძეზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა დაევალათ. განჩინება მხარეს 2011 წლის 17 ოქტომბერს ჩაბარდა, ანუ ხარვეზის გამოსწორების ვადა 20 ოქტომბერს ამოიწურა. მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ნათლად ადასტურებს, რომ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იყო გამოსწორებული. აღნიშნული დოკუმენტების არსებობის თაობაზე სასამართლოსათვის საქმის განხივლის დროს რომ ყოფილიყო ცნობილი, მ. ქ-ის, ნ. და გ. ხ-ების საკასაციო საჩივარი განუხილველად არ დარჩებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ნოემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 423-ე, 431-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ქ-ის, ნ. და გ. ხ-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ნოემბრის განჩინება და საქმის წარმოება განახლდეს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.