ა-3135-ბ-24-2011 21 ნოემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ რონიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ ვ. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ვ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 25 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა ვ. ი-მა მოპასუხე ს. ვ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი და მოპასუხის საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, რომლის საერთო ფართია 986 კვ.მ, რეალურად გაყოფა, კერძოდ, აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან 525 კვ.მ ფართის მისთვის მიკუთვნება (ტომი 1, ს.ფ 1).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა, რომ ბათუმში, კ-ის ქ.¹3-ში მდებარე საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთის გაყოფა მომხდარიყო ¹1967/5 ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული ნახაზის მიხედვით, ვ. ი-ს მიეკუთვნა 528.5 კვ.მ ფართი, რაც ნახაზის მიხედვით წარმოადგენდა კ-ის ქ.¹83-ში მდებარე ფართს, ხოლო ს. ვ-ის წილი განისაზღვრა 7/15-ით, ანუ 462 კვ.მ ფართით, რაც ნახაზის მიხედვით წარმოადგენდა კ-ის ქ.¹83ა-ში მდებარე ფართს (ტომი 1, ს.ფ. 83-86).
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ვ-ემ (ტომი 1, ს.ფ. 90-92).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ვ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ქ.ბათუმში, კ-ის ქ.¹83-ში მდებარე მიწის ნაკვეთი გაიყო ვ. ი-სა და ს. ვ-ეს შორის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 17 აგვისტოს ¹13-4862 დასკვნის დანართი ¹1-ის შესაბამისად, ისე, როგორც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის ეკავათ მხარეებს და ხსენებულ მისამართზე ვ. ი-ს მიეკუთვნა 317.3 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ს. ვ-ეს მიეკუთვნა 669.5 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ტომი 2, ს.ფ. 73-77).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით ვ. ი-ის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო (ტომი 2, ს.ფ. 115-118).
2011 წლის 11 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ვ. ი-მა, რომელმაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (ტომი 3, ს.ფ. 1-2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით ვ. ი-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა (ტომი 3, ს.ფ. 54-56).
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ. ი-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (ტომი 3, ს.ფ. 68).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით ვ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინება (ტომი 3, ს.ფ. 102-108).
2011 წლის 18 აგვისტოს ვ. ი-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება. განმცხადებელმა მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 18 ივლისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება, რის საფუძვლადაც მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
განმცხადებელი მოითხოვდა მისი კერძო საჩივრის განხილვას მისივე თანდასწრებით. განმცხადებლის დასწრების გარეშე საქმის განხილვა არის მისი კონსტიტუციითა და კანონით გარანტირებული უფლებების დარღვევა. განმცხადებლისათვის ისიც კი უცნობია, გასაჩივრებული განჩინების მიმღები მოსამართლეები იყვნენ თუ არა უფლებამოსილნი, განეხილათ მისი კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ვ. ი-ის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ. ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ. პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად განმცხადებელი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ მისი კერძო საჩივარი განიხილა ზეპირი განხილვის გარეშე, კერძოდ, იგი საქმის განხილვაში არ ყოფილა მიწვეული კანონით დადგენილი წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.
მითითებული ნორმის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივარს, როგორც წესი, იხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, მას შეუძლია დანიშნოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საკითხი იმის შესახებ, თუ საქმის განხილვის რომელი ფორმა უნდა იქნეს გამოყენებული ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად სასამართლოს გადასაწყვეტია, რა დროსაც როგორც წესი მხედველობაში მიიღება განსახილველი საქმის სირთულე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვით კანონი არ დაურღვევია.
რაც შეეხება საქმის განხილვის თაობაზე მხარის ინფორმირებას, რაზეც განმცხადებელი ასევე მიუთითებს, საქმის მასალებით უდავოდ დგინდება ის გარემოება, რომ ვ. ი-ს ეცნობა მისი კერძო საჩივრის განსახილველად მიღებისა და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე დანიშვნის შესახებ (ტომი 3, ს.ფ. 91-94). საგულისმოა ისიც, რომ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ 2011 წლის 20 ივნისის განჩინებაში საკასაციო სასამართლომ ასევე იმსჯელა ვ. ი-ის შუამდგომლობაზე კერძო საჩივრის ზეპირი განხილვით დანიშვნასთან დაკავშირებით და იგი არ დააკმაყოფილა. კერძოდ, განჩინებაში უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ იყო საქმის ზეპირი განხილვის დანიშვნა და კერძო საჩივარი უნდა განხილულიყო ზეპირი განხილვის გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელი ვერ ასაბუთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობისა და საქმეზე წარმოების განახლების საფუძვლების არსებობას, რის გამოც განცხადებას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 430-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ი-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.