ა-2919-შ-42-2011 1 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ თ. ა-ი
წარმომადგენელი _ ა. ე-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ლ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს _ გერმანიის, ნიურნბერგის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება და ბავშვის მეურვეობის უფლებით გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ლ-ის მიმართ განქორწინებისა და ბავშვზე მეურვეობის უფლების მინიჭების მოთხოვნით.
გერმანიის ნიურნბერგის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყდა 1997 წლის 17 სექტემბერს კობურგის მოქალაქეთა რეესტრში 205/1997 სარეგისტრაციო ნომრით მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება და მეურვეობის უფლება არასრულწლოვან ბავშვზე - ლ. გ. ა-ზე გადაეცა დედას, თ. ა-ს.
თ. ა-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ნიურნბერგის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების, განქორწინებისა და ბავშვზე მეურვეობის უფლებით გადაცემის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 4 აგვისტოდან, ამავე გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მხარეები სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ, ამასთან, მოსარჩელე და მოპასუხე სხდომაზე მონაწილეობას იღებდნენ წარმომადგენლების მეშვეობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აგვისტოს განჩინებით თ. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ნიურნბერგის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ნიურნბერგის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის ნიურნბერგის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყდა 1997 წლის 17 სექტემბერს კობურგის მოქალაქეთა რეესტრში 205/1997 სარეგისტრაციო ნომრით მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება და არასრულწლოვანი ბავშვი – ლ. გ. ა-ი მეურვეობის უფლებით გადაეცა დედას, თ. ა-ს.
მხარის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების თანახმად, იგი კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 4 აგვისტოდან.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის ნიურნბერგის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება განქორწინებისა და ბავშვის მეურვეობის უფლებით გადაცემის ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ნიურნბერგის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ნიურნბერგის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა 1997 წლის 17 სექტემბერს კობურგის მოქალაქეთა რეესტრში 205/1997 სარეგისტრაციო ნომრით მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება და მეურვეობის უფლება, არასრულწლოვან ბავშვზე - ლ. გ. ა-ზე, გადაეცა დედას – თ. ა-ს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.