ა-3369-შ-61-2011 2 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ლ. ლ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ლ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს _ გელზენკირხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გელზენკირხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2010 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ასა და ა. ლ-ას შორის 1997 წლის 3 ივლისს შლოს ჰოლტე-შტრუკენბროკის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების მოსამსახურის თანდასწრებით რეგისტრირებული ქორწინება ¹73-1997 შეწყდა, პენსიის წილების ოდენობა არ დაბალანსებულა, ხოლო საპროცესო ხარჯები განაწილდა მხარეთა შორის.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. ლ-ას წარმომადგენელმა ნ. გ-მა, მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული გელზენკირხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2010 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 9 ივლისს, ამავე გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე (სასამართლო სხდომა ჩატარდა ზეპირი მოსმენით და ა. ლ-ას ინტერესებს იცავდა პროცესუალური წარმომადგენელი).
საქმეში ასევე წარმოდგენილია აპოსტილით დამოწმებული ა. ლ-ას თანხმობა მოცემული შუამდგომლობის განხილვისა და დაკმაყოფილების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლო სასამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა გელზენკირხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2010 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების აუცილებლობის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა, ასევე იმის დადასტურება, გელზენკირხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2010 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება აღსრულებულია თუ არა მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე.
ლ. ლ-ას წარმომადგენელმა ნ.გ-მა განცხადებით მომართა სასამართლოს და დადგებნილი ხარვეზი სრულად გამოასწორა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ლ. ლ-ას შუამდგომლობა გელზენკირხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ლ. ლ-ას შუამდგომლობა გელზენკირხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერირორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების მოთხოვნის ნაწილში შუამდგომლობას უარი უნდა ეთქვა დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გელზენკირხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 9 ივლისს, საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყო მოწინააღმდეგე მხარე (გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქმე განხილულ იქნა ზეპირი განხილვის საფუძველზე და გადაწყვეტილების გამოტანისას მოპასუხე წარმომადგენელთა ერთად ესწრებოდა საქმის განხილვას).
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გელზენკირხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
რაც შეეხება მოცემული შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგზე:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის უნდა ერთვოდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მის აღსრულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა სავალდებულო მხარისათვის სასამართლო წესით მინიჭებული უფლებისა თუ სამართლებრივი სიკეთის რეალიზაციისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საგვარეულო წიგნის ამონაწერით უდავოდ დასტურდება რა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასაც შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით აღსრულების სავალდებულობა არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ლ-ას შუამდგომლობა გელზენკირხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გელზენკირხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება რომლითაც ლ. ლ-ასა და ა. ლ-ას შორის 1997 წლის 3 ივლისს შლოს ჰოლტე-შტრუკენბროკის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების მოსამსახურის თანდასწრებით რეგისტრირებული ქორწინება ¹73-1997 შეწყდა. ლ. ლ-ას შუამდგომლობა გელზენკირხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.