Facebook Twitter

ა-4124-შ-66-2011 24 ნოემბერი, 2011 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ლ. ხ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ო. ზ-უ

განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს _ გერმანიის ბურგველდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენი

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ბურგველდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენით ლ. ხ-ასა და ო. ზ-უს შორის ჰერფორდის მმაჩის ბიუროში 2001 წლის 6 აპრილს რეგისტრირებული ¹39/2001 ქორწინება გაუქმდა, განისაზღვრა მხარეთა საპენსიო წილი და სასამართლო ხარჯები განაწილდა მხარეთა შორის.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ლ. ხ-ამ და მოითხოვა განქორწინების ნაწილში დასახელებული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი განაჩენით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული 2010 წლის 26 მაისიდან და მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა გერმანიის ბურგველდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის იურიდიული ინტერესის დადასტურება, რადგანაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი და მისი მოწინააღმდეგე მხარე თურქეთის მოქალაქეები არიან, მათი ქორწინება რეგისტრირებულია ჰერფორდის მმაჩის ბიუროში და განაჩენის მიღებისას მხარეების საცხოვრებელი ადგილი იყო გერმანია. განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, ემყარება თურქეთის კანონმდებლობას იმ საფუძვლით, რომ მოდავე მხარეები ზემოაღნიშნული ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ლ. ხ-ას წარმომადგენელმა ვასილ ოსეფაშვილმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ შუამდგომლობის ავტორის იურიდიული ინტერესი გერმანიის ქ.ბურგველდის მმაჩის ბიუროს მიერ წაყენებული მოთხოვნაა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის წარდგენის თაობაზე, რომელსაც გასცემს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო. განმცხადებელმა მიუთითა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განაჩენის ცნობა ამ დოკუმენტის გაცემის წინაპირობაა, ამასთან, განმცხადებელმა აღნიშნა ისიც, რომ განაჩენის მითითება თურქეთის მოქალაქეობაზე შესაძლოა იყოს უსწორობა და ის ფაქტი, რომ ლ.ხ-ა საქართველოს მოქალაქეა, დასტურდება მისი პირადობის მოწმობით, ამასთან, მხარეს ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება (პირადობის მოწმობის ასლი) სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ლ. ხ-ას შუამდგომლობა გერმანიის ბურგველდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა გერმანიის ბურგველდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის იურიდიული ინტერესის დადასტურება, რადგანაც საქმის მასალებით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი და მისი მოწინააღმდეგე მხარე თურქეთის მოქალაქეები არიან, მათი ქორწინება რეგისტრირებულია ჰერფორდის მმაჩის ბიუროში და განაჩენის მიღებისას მხარეების საცხოვრებელი ადგილი იყო გერმანია. განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, ემყარება თურქეთის კანონმდებლობას იმ საფუძვლით, რომ მოდავე მხარეები ზემოაღნიშნული ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით მხარეს განემარტა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს სასამართლო მატერიალურ ნორმასთან _ «საერაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით იხილავს.

უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის საკითხი თავისთავად ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მატერიალური უფლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას ნიშნავს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში განხილვისას დასტურდება, რომ პირი, რომელიც მოითხოვს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას, ვალდებულია, ასეთი აღიარების სასამართლო წესით მიღებისათვის დაადასტუროს მისი იურიდიული ინტერესი.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ლ. ხ-ას წარმომადგენელმა ვასილ ოსეფაშვილმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ შუამდგომლობის ავტორის იურიდიული ინტერესი გერმანიის ქ.ბურგველდის მმაჩის ბიუროს მიერ წაყენებული მოთხოვნაა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის წარდგენის თაობაზე, რომელსაც გასცემს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო. განმცხადებელმა მიუთითა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განაჩენის ცნობა ამ დოკუმენტის გაცემის წინაპირობაა, ამასთან, განმცხადებელმა აღნიშნა ისიც, რომ განაჩენის მითითება თურქეთის მოქალაქეობაზე შესაძლოა იყოს უსწორობა და ის ფაქტი, რომ ლ.ხ-ა საქართველოს მოქალაქეა, დასტურდება მისი პირადობის მოწმობით, ამასთან, მხარეს ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება (პირადობის მოწმობის ასლი) სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე და განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

აღნიშნული ნორმის შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ლ.ხ-ას წარმომადგენლის წერილობით მითითებას განაჩენში უსწორობის არსებობის თაობაზე, ასევე ვერ გაიზიარებს იმას, რომ ლ.ხ-ა საქართველოს მოქალაქეა, რაც მისი პირადობის მოწმობით დასტურება, რადგანაც მას ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია და მხოლოდ ზეპირი მითითება მხარის იურიდიული ინტერესის ნამდვილად მიჩნევისა და ხარვეზის გამოსწორებულად ჩათვლის წინაპირობა არაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, სრულყოფილად და ჯეროვნად განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებლობა მის მიმართ ითვალისწინებს არახელსაყრელი შედეგის დადგომას _ საბუთების განუხილველად დატოვებას.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლ.ხ-ას წარმომადგენელ ვ.ოსეფაიშვილს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია სათანადოდ, პალატა თვლის, რომ არ არსებობს მოცემული შუამდგომლობის წარმოებაში მიღების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ხ-ას შუამდგომლობა გერმანიის ბურგველდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.