ას-1437-1452-2011 21 ნოემბერი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - ნ. ლ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ხ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვ. ხ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ნ. ლ-ის მიმართ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ივნისის განჩინებით მოსარჩელე ნ. ლ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც მხარემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელე ნ. ლ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა 2006 წლის 22 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. ვ. ხ-ას აეკრძალა სამშენებლო სამუშაოების ჩატარება შ-ის ქუჩა მე-2 ჩიხი ¹2ა-ში, სასამართლოს მიერ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, რადგან სახლის მშენებლობის და სამშენებლო სამუშაოთა გაგრძელებით მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, არა თუ გაძნელდებოდა, შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება, ვინაიდან, დამთავრებული სახლის დემონტაჟის აუცილებლობა სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ნ.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ ზარალის ანაზღაურების ნაწილში, ისიც ნაწილობრივ, ხოლო სასაზღვრო მიჯნის აღმარვთის ნაწილში მოსარჩელეს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო, რაც მის მიერ არ გასაჩივრებულა. ნ. ლ-ის საჩივრის საფუძველზე მშენებლობის აკრძალვით ვ. ხ-ას მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, თუ 2006 წლის მდგომარეობით ხ-ას სახლის ხარჯთაღრიცხვა შეადგენდა 457018 ლარს, 2009 წლისათვის კი იმავე მშენებლობისათვის საჭირო თანხამ შეადგინა 724056 ლარი, რომელთა შორის სხვაობა 267 000 ლარია.
ნ. ლ-ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია იმიტომ, რომ ვ.ხ-ას მიერ სახლის მშენებლობის გაგრძელება მოპასუხეს მიაყენებდა მნიშვნელოვან ზიანს, ხოლო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო მოთხოვნის აღსრულება გაძნელდებოდა, აღნიშნული განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ვ. ხ-ამ, სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 14 მარტს ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება. თავის განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვ.ხ-ას მიერ სახლის მშენებლობის გაგრძელება ზიანს მიაყენებდა ნ. ლ-ეს და მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება. შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ სამშენებლო სამუშაოები არ გაგრძელებულიყო აფეთქებებით და მძიმე ტექნიკის გამოყენებით, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემდგომ მის მიერ წარდგენილ იქნა სარჩელი სასამართლოში, რომელიც გაერთიანებული იყო რამდენიმე მოთხოვნა, მათ შორის: მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება მცირე მექანიზაციების საშუალებით და ხელით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი, კერძოდ: ვ.ხ-ას დაეკისრა ზიანის ანაზღაურება და დაევალა მშენებლობის გაგრძელება აფეთქებითი სამუშაოების გარეშე, მცირე მექანიზაციის საშუალებათა გამოყენებით, ხოლო ნ.ლ-ის სახლთან სამუშაოების წარმოება მხოლოდ ხელით, ტექნიკის გამოყენების გარეშე. ის გარემოება, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი ერთ-ერთი მოთხოვნა – მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვის თაობაზე – არ ნიშნავს იმას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იყო უსაფუძვლო, რადგან ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სხვა მოთხოვნები. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ვ.ხ-ა სახლის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა აფეთქებით და მძიმე ტექნიკის გამოყენებით, რაც ნ.ლ-ეს აყენებდა მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ამიტომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება აუცილებელი იყო, რათა შემდგომში არ მიყენებოდა იმაზე მეტი ზიანი, რაც უკვე მიადგა. ის გარემოება, რომ მხარეს ზიანი მიადგა ვ.ხ-ას ქმედებით, დადგენილია სასამართლოს 2008 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. მოპასუხე ნ. ლ-ემ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება მისთვის ზიანის – 267 000 ლარის ოდენობით მიყენების ფაქტი.
2010 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ხ-ას სარჩელი ნ. ლ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-ემ. ამასთან, ვ. ხ-ამ განცხადებით მიმართა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ქ.თბილისში, მ-ის ქ.¹30-ში მდებარე, ნ. ლ-ის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის მოთხოვნით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე მუხლების საფუძველზე დაკმაყოფილდა.
2011 წლის 12 ივლისს ნ. ლ-ემ კერძო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, რაც 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იმ პირის უფლებათა დროებით შეზღუდვას ემსახურება, რომელიც შემდგომში გადაწყვეტილების აღასრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიება იმ პირის ქონებაზე გავრცელდეს, რომელიც მოსარჩელის საპროცესო მოწინააღმდეგე მხარესა და ამავე დროს სარჩელზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ იხელმძღვანელა ნ. ხ-ას წარმომადგენლის, მარიამ ფრიდონაშვილის მიერ წარმოდგენილი 2007 წლის 21 მაისის სანოტარო აქტით სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე და საჯარო რეესტრის ამონაწერით. ნ. ლ-ის მიერ წარმოდგენილი საჩივრითა და თანდართული მასალებით სასამართლოსათვის ნათელი გახდა, რომ აღნიშნული სამკვიდრო მოწმობა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი. ამავე გადაწყვეტილებით, კობა ლ-ე ცნობილ იქნა თბილისში, მ-ის ქუჩა ¹30-ში მდებარე ¹1 ნაგებობის მე-4 სართულის ნახევრის, ¹2 ნაგებობის ნახევრის, ¹3 ნაგებობის ნახევრის და ასევე 740 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის ნახევრის მესაკუთრედ.
ამდენად, პალატამ დაუშვებლად მიიჩნია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ქონების იმ ნაწილზე, რომელიც ნ. ლ-ეს არ ეკუთვნის, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კობა ლ-ე ცნობილ იქნა შ. ლ-ის დანაშთი ქონების გაკვეული ნაწილის მესაკუთრედ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნ. ლ-ის საკუთრებას წარმოადგენს შ. ლ-ის დანაშთი ქონების ის ნაწილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით კობა ლ-ეს არ მიეკუთვნა. პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია მოთხოვნა კობა ლ-ის კუთვნილი ქონების ნაწილში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ხოლო რაც შეეხება ქონების იმ ნაწილს, რომელიც შ. ლ-ის დანაშთ ქონებას წარმოადგენს და რომელიც კობა ლ-ეს არ მიეკუთვნა, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, წარმოადგენს ნ. ლ-ის საკუთრებას. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს მხოლოდ კობა ლ-ის კუთვნილ წილზე, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა უძრავ ქონებაზე, რომლის მახასიათებლებია ზონა – თბილისი 01, სექტორი – ..., კვარტალი – ..., ნაკვეთი – ... ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეოK დაზუსტებული ფართობი: 740,00 კვ.მ. ნაკვეთის ¹64; მდებარე ქ.თბილისში, მ-ის ქ.¹30-ში, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ¹1-ის IV სართულის ნახევარზე და ¹2 ნაგებობის ნახევარი, 28 კვ.მ. ფართით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ნ. ლ-ემ შემდეგი დასაბუთებით: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ნ. ლ-ის სახელზე გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა ქ.თბილისში მ-ის ქუჩა ¹30-ში, 740 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებზე. აღნიშნული კი, საჩივრის ავტორის აზრით, წარმოადგენს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ნ. ლ-ის საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სასამართლოს განმცხადებლის მითითების საფუძველზე უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სახელით გამოტანილ მართლმსაჯულების აქტს, რომელიც მოდავე მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აწესრიგებს და მიმართულია სამომავლოდ (კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის) დაცული და აღიარებული უფლების რეალიზებისაკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის აღმოჩნდება, რომ შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის განხორციელება, მართლმსაჯულება რეალურ მიზანს დაკარგავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს განმცხადებელს აკისრებს, თუმცა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას სარჩელი. რაც შეეხება მტკიცების სტანდარტს, დასახელებული ნორმა განსაზღვრავს, რომ მხარემ უნდა მიუთითოს იმ სავარაუდო და მოსალოდნელ გარემოებაზე, რაც რეალურად გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებისა თუ შეუძლებლობის წინაპირობა გახდება. ამასთან, აღნიშნულის სწორად გადაწყვეტის წინაპირობა სწორედ უზრუნველყოფის ღონიძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლივად განხილვა-გადაწყვეტაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის დანაწესი, რადგან განსახილველ შემთხვევაში არსებობდა ვ. ხ-ას სააპელაციო საჩივრის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობა. განმცხადებელი სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა ზიანის ანაზღაურებაზე, რაც გამოწვეული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით. აღნიშნული გარემოების ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში არსებობს გონივრული ვარაუდი სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომი აღსრულების დაბრკოლებისა.
განსახილველ შემთხვევაში, ნ. ლ-ე მოითხოვს სააპელაციო პალატის 2011 წლის 24 ივნისის განჩინების გაუქმებას, იმ საფუძვლით რომ 2007 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა სამკვიდრო მოწმობა ქ.თბილისში, მ-ის ქ.¹30-ში, 740 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებზე. აღნიშნული საფუძვლით თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ნ. ლ-ის საჩივარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და ნაწილობრივ გაუქმდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, ვინაიდან, საჩივრის ავტორის მიერ დასახელებული გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე ნაწილობრივ გაუქმდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით სავსებით მართებულად გააუქმა თავისი 2011 წლის 24 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა პირის ქონებაზე გავრცელების ნაწილში. რაც შეეხება ნ. ლ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და ნ.ლ-ის საჩივარი მისი გაუქმების დასაბუთებულ საფუძველს არ შეიცავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, და მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავის დებულებებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ ხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197, 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ივნისის განჩინება ნ. ლ-ის სახელზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადების ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.