Facebook Twitter

ას-1483-1493-2011 2 ნოემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი _ შპს «პ»

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ღ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ღ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შპს ,,პ-ის» საბანკო ანგარიშებსა და ამ ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით ყადაღის დადების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო დავათა ბათუმის მუდმივმოქმედ არბიტრაჟში მიმდინარეობს დავა საარბიტრაჟო მოსარჩელე ნ. ღ-ისა და მოპასუხე შპს ,,პ-ს» შორის თანხის დაკისრების თაობაზე. მოპასუხეს მის მიმართ დაუგროვდა საიჯარო ქირის დავალიანება 24538 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 2010 წლის 21 დეკემბერსა და 2011 წლის 18 მარტს მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება საიჯარო თანხის გადახდის თაობაზე, რომელიც მას ჩაბარდა, მაგრამ მან არ შეასრულა ნაკისრი ფულადი ვალდებულება, თავს არიდებს თანხის გადახდას. მოპასუხე ანგარიშზე შესულ თანხებს განკარგავს სხვა მიზნებისათვის, არ იხდის საიჯარო ქირას, რის გამოც შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე იმის გამო, რომ შემდგომში არ მოხდეს შპს ,,პ-ის» მიერ საბანკო ანგარიშიდან თანხის გამოტანა ან/და სხვაგვარი უფლებრივი დატვირთვა, განმცხადებელმა მოითხოვა შპს ,,პ-ის» საბანკო ანგარიშებზე ¹... ყადაღის დადება (სს ,,... ბანკი» კოდი ¹...). საიჯარო ხელშეკრულების 5.4 მუხლის თანახმად, მხარეთა შორის დავა უნდა გადაწყდეს ,,სამოქალაქო დავათა ბათუმის მუდმივმოქმედ არბიტრაჟში». არბიტრაჟის მიერ კი 2011 წლის 7 ივნისს საარბიტრაჟო სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 23 ივნისის განჩინებით ნ. ღ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, დაედო ყადაღა მოპასუხე შპს ,,პ-ის» ¹... საბანკო ანგარიშს სს ,,... ბანკში» და აეკრძალა მოპასუხე შპს ,,პ-ს» ამ ანგარიშიდან თანხების გატანა.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა შპს ,,პ-მ», მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფაზე ნ. ღ-ისათვის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

ნ. ღ-ის განცხადება არ შეიცავდა მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძლეებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ასევე არ დაუსაბუთებია უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობა. სასამართლოს არ დაუსაბუთებია ის გარემოებაც, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გაართულებს გადაწყვეტილების აღსრულებას.

საჩივრის ავტორის განმარტებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ადგებათ ზიანი, კერძოდ, ვერ ახერხებენ პედაგოგებისა და ტექნიკური პერსონალისათვის ხელფასების გაცემას, ზარალდებიან ამ პირების ოჯახის წევრები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვერ ახერხებს მათი კუთვნილი ვაუჩერების ჩარიცხვას, რაც კერძო სასწავლებლებისთვის კანონით არის გათვალისწინებული.

შპს ,,პ-მ» ასევე წარადგინა განცხადება მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზე, სადაც განცხადების საფუძვლად მითითებულია იგივე მოტივები, რაც საჩივარში, განმცხადებლის განმარტებით, შესაძლებელია აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მას ზიანი მიადგეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინებით შპს ,,პ-ის» საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის თანახმად, საქმის მასალებთან ერთად გადმოეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ამასთან, შპს ,,პ-ის» განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილით, 419-ე და 420-ე მუხლებით, 191-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხის ქვეშ დააყენებს. სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროების მტკიცების ტვირთი ეკისრება განმცხადებელს, ანუ განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობა, ხოლო სასამართლოს, შეუძლია, გაიზიაროს დასაბუთების მართებულობა. ამასთან, დასაბუთება უნდა იყოს საფუძვლიანი. განმცხადებელმა უნდა ჩამოაყალიბოს არა ვარაუდი, არამედ დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროებისა, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობილ და ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ. განმცხადებელი ნ. ღ-ე სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს მის მიმართ დაუგროვდა საიჯარო გადასახადის დავალიანება 24538 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 2010 წლის 21 დეკემბერსა და 2011 წლის 18 მარტს მოპასუხეს ეცნობა საიჯარო თანხის გადახდის მოთხოვნის თაობაზე, რომელიც ჩაბარდა შპს «პ-ს», მაგრამ მან აღნიშნული ვადებში არ შეასრულა დაკისრებული ფულადი ვალდებულება. განმცხადებელს (მოსარჩელეს) დასაბუთებული ჰქონდა სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობა, კერძოდ, თუკი გამოყენებული არ იქნებოდა უზრუნველყოფის ღონსიძიება, შეიქმნებოდა საშიშროება მოპასუხის საბანკო ანგარიშიდან თანხის გაეტანისა, ვალდებულების შესრულების თავის არიდების მიზნით, ანუ განმცხადებელი უთითებდა გარემოებას, რომლის გამოც საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობას შეიძლება, გაეძნელებინა მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულება. რაც იძლეოდა საფუძველს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლისა, დაკმაყოფილებულიყო განცხადება.

ამრიგად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა არსებობდა და საჩივრის ავტორის მითითება იმაზე, რომ განჩინებაში არ იყო დასაბუთებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და განცმხადებელს ამაზე არ ქონდა მითითებული, უსაფუძვლოა.

სასამართლოს განმარტებით, პედაგოგებსა და ტექნიკურ პერსონალზე ხელფასების გაუცემლობა არ არის გამოწვეული ნ. ღ-ის ბრალით, მით უფრო არაფერ შუაშია პედაგოგებისა და ტექნიკური პერსონალის ოჯახის წევრების პრობლემები ნ. ღ-ესთან. ამ საფუძვლით განჩინების გაუქმებაზე მითითებაც მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით, არ დგინდება, რომ შპს ,,პ-ს» აქვს სხვა ქონება, გარდა დაყადაღებული საბანკო ანგარიშისა, რის გამოც, პალატამ ჩათვალა, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება სამართლებრივად სწორია და უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.

სასამართლომ არ გაიზიარა შპს «პ-ის» მოსაზრება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა მოპასუხეს ზიანი მიადგეს. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი 2011 წლის მაის-ივნისის თვის სახელფასო უწყისებით არ დგინდება გაცემულია თუ არა ხელფასები და მხოლოდ მხარის განმარტება მოცემულ შემთხვევაში სარწმუნო მტკიცებულება არაა თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო შპს «პ-ის» საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ზოგად წესს და ადგენს, როგორც განმცხადებლის ვალდებულებას განცხადების მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურების თაობაზე, ისე სასამართლოს მიერ განცხადების განხილვისა და მის დაკმაყოფილებისა თუ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობებს.

ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სასამართლოს განმცხადებლის მითითების საფუძველზე უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სახელით გამოტანილ მართლმსაჯულების აქტს, რომელიც მოდავე მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აწესრიგებს და მიმართულია სამომავლოდ (კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის) დაცული და აღიარებული უფლების რეალიზებისაკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის აღმოჩნდება, რომ შეუძლებელია სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგის განხორციელება, მართლმსაჯულება რეალურ მიზანს დაკარგავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს განმცხადებელს აკისრებს, თუმცა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას სარჩელი. რაც შეეხება მტკიცების სტანდარტს, დასახელებული ნორმა განსაზღვრავს, რომ მხარემ უნდა მიუთითოს იმ სავარაუდო და მოსალოდნელ ხდომილებაზე, რაც რეალურად გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებისა თუ შეუძლებლობის წინაპირობა გახდება, ამასთან, აღნიშნულის სწორად გადაწყვეტის წინაპირობა სწორედ უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლიობაში განხილვა-გადაწყვეტაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის დანაწესი, რადგანაც განსახილველ შემთხვევაში არსებობდა ნ. ღ-ის საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობა. განმცხადებელი საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობაზე და იმ ფაქტზე, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შედეგად, შპს «პ-ს» შესაძლებლობა ექნებოდა სხვაგვარად განეკარგა თანხა. აღნიშნული გარემოების ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში არსებობს გონივრული ვარაუდი სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომი აღსრულების დაბრკოლებისა.

სასამართლო ამ მიმართებით ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: საქმის მასალებით არ დასტურდება და აღნიშნულის თაობაზე არც საჩივრის ავტორს წარუდგენია მტკიცებულება (რაც სსსკ 102-ე მუხლის თანახმად, მისი მტკიცების ტვირთია), რომ შპს «პ-ს» სხვა ქონებაც გააჩნია, რაც, შესაძლებელია, სამომავლოდ, საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გარანტიად ყოფილიყო მიჩნეული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე შეტანილი საჩივრის შინაარსი და ამომწურავდაა განმარტებული ის საკითხები, თუ რას უნდა შეიცავდეს მოწინააღმდეგე მხარის საჩივარი. დასახელებული ნორმის «გ» ქვეპუნტის თანახმად, საჩივარში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული თავისთავად ნიშნავს არა მხოლოდ ზეპირ მითითებას, არამედ მხარის მიერ არგუმენტირებული პოზიციის ჩამოყალიბებას, რომლითაც უტყუარად და უალტერნატივოდ უნდა დასტურდებოდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უმართებულობა.

განსახილველ შემთხვევაში, შპს «პ» მოითხოვს რა სააპელაციო პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინების გაუქმებას, მას მისი მოთხოვნა შესაბამისი მტკიცებულებებით არ გაუმყარებია, ამასთანავე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციიო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით _ საშტატო განრიგით ხელფასის გაუცემლობის ფაქტი არ ირკვევა, ხოლო საჩივრის არგუმენტი, რომ გარდა საზოგადოების თანამშრომლებისა, მათი ოჯახის წევრებსაც ადგებათ ზიანი, ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული.

რაც შეეხება სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურებისათვის გარანტიის წარდგენას, საკასაციო პალატა, უპირველესად, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული ნორმის დებულება წარმოადგენს მოპასუხის ინტერესების დაცვას და მიმართულია იმისკენ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის უმართებულობის შემთხვევაში სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი მოპასუხის უფლებები, რათა მას დაუსაბუთებლად არ მიადგეს ზიანი. აღნიშნული ნორმის მოქმედება ვრცელდება არა ნებისმიერ შემთხვევაზე, არამედ მაშინ, როდესაც სასამართლოს ექმნება მყარი შინაგანი რწმენა შესაძლო ზიანის დადგომაზე. ზიანის დადგომის ალბათობა შეიძლება გამომდინარეობდეს როგორც უშუალოდ საქმის მასალებიდან, ისე მოპასუხის მითითებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მოპასუხე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდება, ხოლო საჩივრის ავტორი შემოიფარგლება მხოლოდ სავარუდო ზიანის შესაძლო დადგომის ფაქტზე მითითებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა მისი დაუსაბუთებლობის მოტივით, ვინაიდან შპს «პ-ს» სარწმუნოდ არ მიუთითებია მოსალოდნელი ზიანის დადგომის დამადასტურებელ გარემოებებზე, რაც გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, მან სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავის დებულებებით, რის შედეგადაც სწორად გადაწყვიტა ნ. ღ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რადგანაც საქმის მასალებითა და განცხადების არგუმენტებით დასტურდება, რომ არსებობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობები, რათა სამომავლოდ არ გართულდეს გადაწყვეტილების აღსრულება, რაც შეეხება სარჩივრის ავტორის არგუმენტებს, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ არის დასაბუთებული და არ ქმნის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «პ-ის» საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.