Facebook Twitter

ა-4130-2011 10 ნოემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი _ ლ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ ბანკი ...” (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა _ სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება

დავის საგანი – საზოგადოების დასაფუძნებლად შეტანილი წილის ოდენობის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინებით ლ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

ლ. გ-ემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის დაბრუნება იმ მოტივით, რომ საქმეში წარმოდგენილია ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან და სადაზღვევო პოლისი, რომელთა შესაბამისად მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლებულიყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ლ. გ-ის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინებით აპელანტ ლ. გ-ის შუამდგომლობა, სარჩელზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და ლ. გ-ის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა.

აღნიშნულ განჩინებაზე ლ. გ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, რომელსაც საკასაციო სასამართლომ დაუდგინა ხარვეზი და მხარეს დაავალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდა.

კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ არის მარტოხელა პენსიონერი და მისი შემოსავლის წყარო არის სახელმწიფო პენსია 112 ლარის ოდენობით. შუამდგომლობის დასაბუთების მიზნით კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2011 წლის 3 იანვარს გაცემული ცნობის ასლი, რომლის თანახმადაც ლ.გ-ე იღებს ასაკის საფუძველზე დანიშნულ პენსიას _ 80 ლარს, სტაჟის დანამატს _ 10 ლარს და როგორც მარტოხელა პენსიონერი _ საოჯახო დახმარებას 22 ლარს.

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით მხარეს სავსებით სწორად განემარტა, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება და ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ლ.გ-ემ განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა სამედიცინო დაზღვევის პოლისისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის ასლები, ასევე სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით, ლ. გ-ე იღებდა ასაკის საფუძველზე დანიშნულ პენსიას, სტაჟის დანამატსა და მარტოხელა პენსიონერის საოჯახო დახმარებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებელ ლ. გ-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ ათავისუფლებს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

მითითებული ნორმა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარის გათავისუფლებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უტყუარი მტკიცებულების წარდგენის გზით დაასაბუთებს ასეთის გადახდის ობიექტურ შეუძლებლობას, რაც ლ. გ-ემ ვერ განახორციელა.

მხარემ ვერ დაასაბუთა ვერც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების წანამძღვრების არსებობა.

სწორედ ზემოაღნიშნულის გამო, კერძო საჩივრის ავტორს მართებულად ეთქვა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე. შესაბამისად, ლ. გ-ის განცხადება დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. გ-ის განცხადება სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.