ას-307-291-2011 28 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «ნ. კ-ნ» (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ს. რ-ა» (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, ამ საკითხის გადაწყვეტამდე გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება
დავის საგანი _ გაწეული მომსახურების ღირებულების, მიუღებელი შემოსავლისა და პროცენტის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «ნ. კ-ნმა» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ს. რ-ის» მიმართ მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის _ 7 514.62 ლარის, გადაუხდელი დღგ-ს თანხის _ 4 780.24 ლარის, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო 12 294.86 ლარზე 2008 წლის 1 ნოემბრიდან ყოველთვიურად 2.5%-ის დარიცხვის, სულ 12294.86 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხე შპს «ს. რ-ამ» სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილევბაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით შპს «ნ. კ-ნის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «ს. რ-ას» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 780.24 ლარის გადახდა, შპს «ნ. კ-ნის» მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 7 514.60 ლარისა და კანონისმიერი პროცენტის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ-ამ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს «ნ. კ-ნმა».
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებით შპს «ნ. კ-ნისა» და შპს «ს. რ-ის» სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება, რაც შპს «ს. რ-ის» მიმართ შევიდა კანონიერ ძალაში საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 8 იანვრის განჩინებით შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, ხოლო შპს «ნ. კ-ნის» საკასაციო პრეტენზია ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «ნ. კ-ნის» სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს «ნიუ ტექნოლოჯი ენდ კ-ნის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს «ნ. ენდ კ-ნის» სარჩელი მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 7514,60 ლარის დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «ნ. კ-ნის» სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, შპს «ს. რ-ას» შპს «ნ. კ-ნის» სასარგებლოდ დაეკისრა 7514,60 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ-ამ», მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «ნ. კ-ნის» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «ნ. კ-ნის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შპს «ნ. კ-ნს» შპს «ს. რ-ის» სასარგებლოდ დაეკისრა კასატორის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების _ 867.73 ლარის ანაზღაურება.
შპს «ნ. კ-ნის» დირექტორმა ა.შარაძენიძემ კერძო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო პალატის გადაწყვეტილებით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილში უსწორობის გასწორება და ამ საკითხის გადაწყვეტამდე გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება შემდეგი დასაბუთებით:
საკასაციო პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი აღემატება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დავის საგნის 5%-ს. შპს «ნ. კ-ნს» სააპელაციო წესით საქმის განხილვისას სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს, ხოლო შპს «ს. რ-ის» მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების საკითხის განხილვა საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს არ წარმოადგენდა, ვინაიდან აღნიშნული კასატორს არ მოუთხოვია.
შპს «ნ. კ-ნის» კერძო საჩივრის საფუძველზე გამოთხოვნილ იქნა სამოქალაქო საქმე და ის საკასაციო პალატას გადმოეცა 2011 წლის 22 ნოემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ნ. კ-ნის» კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე დაიშვება თუ არა კერძო საჩივრის შეტანა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების (გადაწყვეტილების) გასაჩივრებისათვის აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს, კერძოდ, დასახელებული კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა უფლებას ანიჭებს კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს მხოლოდ ის განჩინებები (გადაწყვეტილებები), რომელთა მიმართაც კანონმდებელი ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას.
განსახილველ შემთხვევაში, შპს «ნ. კ-ნი» კერძო საჩივრით სადავოდ ხდის საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლზე, რომელიც სასამართლო ხარჯების განსაზღვრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავით რეგულირებული ურთიერთობების გასაჩივრების შესაძლებლობას კერძო საჩივრის შეტანის გზით ადგენდა, თუმცა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა 2006 წლის 13 ივლისიდან აღარ გამოიყენება საპროცესო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. დასახელებული ნორმით განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმის დროში მოქმედების პრინციპი და კანონმდებელმა დაადგინა, რომ საპროცესო მოქმედების განხორციელება უნდა მოხდეს ამ ქმედების დროს მოქმედი ნორმის მოთხოვნათა შესაბამისად.
მოცემულ კერძო საჩივართან მიმართებით, ყურადსაღებია ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ სადავო საკითხზე კერძო საჩივრის დაშვების კანონით გათვალისწინებული წინაპირობის არსებობის შემთხვევაშიც კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც ერთი დანაწესი საკასაციო პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, უფრო მეტიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე, ხოლო 265-ე მუხლით დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. კერძო საჩივრის შეტანის გზით სასამართლო აქტის გასაჩივრება წარმოადგენს ამ აქტის კანონიერების საკითხის ზემდგომი ინსტანციის წესით გადამოწმების საგამონაკლისო შემთხვევას და, ბუნებრივია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავით დადგენილი საქმის განხილვის წესები საკასაციო პალატის გადაწყვეტილებისა თუ განჩინების მიმართ არ ვრცელდება.
რაც შეეხება მოცემული კერძო საჩივრით უსწორობის გასწორების მოთხოვნასა და საკასაციო პალატის მიერ იმ საკითხის განხილვაზე მითითებას, რაც მხარეს არ მოუთხოვია, სასამართლო მიზანშეწონილად თვლის განმარტოს შემდეგი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს ვალდებულება, მხარეთა შორის გაანაწილოს საქმის განხილვისას გაღებული სასამართლო ხარჯები, და დადგენილია, რომ გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ უნდა შეაჯამოს ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები და მოგებული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების პროპორციულად, მის სასარგებლოდ წაგებულ მხარეს დააკისროს. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ასევე საკასაციო სასამართლოს მიმართ (სსსკ 53.3), შესაბამისად, მხარის მოსაზრება სასამართლო ხარჯების არასწორად განაწილებისა და უსწორობის გასწორების თაობაზე უსაფუძვლოა და არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების წინაპირობას.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს «ნ. კ-ნის» კერძო საჩივარი დაუშვებელია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე, 419-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ნ. კ-ნის» კერძო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად. კერძო საჩივრის ავტორს უარი ეთქვას გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორებასა და გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.