Facebook Twitter

ას-321-305-2011 4 ნოემებრი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ბმა «ძ-ი ს-ის» თავმჯდომარე თ. ა-ის, ა. ქ-სა და კ. შ-ის წარმომადგენელ მ. ა-ის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ა. ტ-ის, მ. ტ-ის, რ. გ-ისა და ა. ა-ის სარჩელის გამო, მოპასუხე ამხანაგობა «ძ-ი ს-ის», თ. ა-ის, ა. ქ-ს, კ. შ-ისა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ბმა «ძ-ი ს-ის» კრების ¹2 და ¹4 ოქმების, ასევე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის გაუქმების შესახებ და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ბმა «ძ-ი ს-ის» თავმჯდომარე თ. ა-ის, ა. ქ-სა და კ. შ-ის წარმომადგენელ მ. ა-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინებით ბმა «ძ-ი ს-ის», თ. ა-ის, ა. ქ-სა და კ. შ-ის წარმომადგენელ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ამავე სასამართლოს განჩინებით დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის დარღვევის მოტივით.

2011 წლის 28 სექტემბერს კასატორთა წარმომადგენელმა მ. ა-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 13 ივნისისა და 26 ივლისის განჩინებების ასლები, ამავე განჩინებების მხარეთათვის გაგზავნის დამადასტურებელი სასამართლო გზავნილის ასლები, ექსპრეს ფოსტა «G მაილ-ის» 2011 წლის 28 აგვისტოს წერილობითი პასუხისა და კორესპოდენციის ჩაბარების რეესტრის ასლი, ექსპრეს ფოსტა «G მაილ-ისათვის» 2011 წლის 24 აგვისტოს წერილობითი მიმართვის ასლი, ამავე ფოსტის შეტყობინება და საქმეში წარმოდგენილი განცხადებებისა და 2011 წლის 24 მარტის საგადახდო დავალების ასლები, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე მ. ა-ემ მოითხოვა საქმის მისი მარწმუნებლების საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

განმცხადებლის განმარტებით, საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 20 მაისის განჩინება არც მას და არც მისი მარწმუნებლებს არ ჩაბარებიათ, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მათთვის ცნობილი გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის მეშვეობით.

განმცხადებელი არ დაეთანხმა განჩინების მითითებებს საპროცესო ვადის დარღვევისა და ხარვეზის არასრულად გამოსწორების თაობაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის დებულება, ასევე მცდარად მიუთითა ა.ქ-ს მიერ გაცემული მინდობილობის წარუდგენლობაზე, რადგანაც ა.ქ- პატიმარია და იხდის სასჯელს, მისი მოთხოვნის ნაწილში ხარვეზის გამოუსწორებლობა სხვა კასატორების პრეტენზიის ნაწილში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არაა.

საპროცესო ვადის დაურღვევლობის დასადასტურებლად განმცხადებელმა 2011 წლის 24 აგვისტოს მიმართა ექსპრეს ფოსტა «G მაილ-ს», რომელმაც, თავის მხრივ, დაადასტურა ხარვეზის გამოსწორების თაობაზე მტკიცებულებების სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მიღების ფაქტი.

აღნიშნული განცხადების საფუძველზე საკასაციო პალატამ გამოითხოვა სამოქალაქო საქმე, რომელიც სასამართლოს გადმოეცა 2011 წლის 28 ოქტომბერს.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ აღნიშნული განცხადება შინაარსობრივად საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებაა, რადგანაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 20 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეზე დასრულდა წარმოება თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

დასრულებული საქმის წარმოების განახლების მიმართ საპროცესო კანონმდებლობა მე-11 კარით ადგენს სპეციალური წარმოების სახეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, განსაზღვრულია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

ამავე კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია განცხადების შეტანის ვადა და განსაზღვრულია, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

საკასაციო პალატა ამ მიმართებით ყურადღებას გაამახვილებს განცხადებითა და მასზე დართული მტკიცებულებებით დადასტურებულ შემდეგ გარემოებაზე: მ.ა-ე, მართალია, უარყოფს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების ჩაბარების ფაქტს და განმარტავს, რომ აღნიშნულის თაობაზე მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის მეშვეობით გახდა ცნობილი, თუმცა განმცხადებელი არ აკონკრეტებს ფაქტის (საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება) შეტყობის თარიღს, ამასთან, განცხადებით განმარტავს და წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც უტყუარად დასტურდება, რომ საპროცესო ვადის დაურღვევლობის დადასტურებისათვის მან ექსპრეს ფოსტა «G მაილ-ს» მიმართა 2011 წლის 24 აგვისტოს, ანუ ამ დროისათვის მხარე ინფორმირებული იყო საქმის წარმოების დასრულების თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის დანაწესის გათვალისწინებით, მ.ა-ის მიერ ექსპრეს ფოსტა «G მაილ-ისათვის» მიმართვის დღის მომდევნო დღიდან საპროცესო ვადის დენის დაწყების შემთხვევაშიც კი, განცხადების შემოტანის ერთთვიანი ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (25 სექტემბერი ემთხვეოდა დასვენების დღეს, კვირას), ამოიწურა 2011 წლის 26 სექტემბერს, ორშაბათს, განცხადება კი მხარემ წარადგინა 2011 წლის 28 სექტემბერს. აღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია, ვინაიდან, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ განმცხადებელი არ ადასტურებს საქმის წარმოების განახლების საფუძველს და მიუთითებს საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 26 ივლისისა და 13 ივნისის განჩინებებზე, საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე განმარტავს, რომ დასრულებული საქმის წარმოება შეიძლება განახლდეს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, შეისწავლოს და შეფასება მისცეს მხარის მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილ განჩინებებს, ვინაიდან ასეთს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ხოლო საქმის წარმოების განახლების საფუძველზე მიუთითებლობა განცხადების დასაშვებობის სხვა წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა ხარვეზის დადგენის საფუძველი გამხდარიყო თანახმად სამოქალაქო საპროვესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, ამასთან, ამავე კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეს დარღვეული აქვს საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს მოცემული განცხადების დაშვების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბმა «ძ-ი ს-ის» თავმჯდომარე თ. ა-ის, ა. ქ-სა და კ. შ-ის წარმომადგენელ მ. ა-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.