ას-1209-1229-2011 3 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ თ., გ. და თრ. გ-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ბანკი» (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურება, იპოთეკით უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს «... ბანკმა» სარჩელი აღძრა სასამართლოში თ., გ., თრ. გ-ების, ნ. ბ-ისა და გ. ს-ის მიმართ გ. გ-ისა და გ. ს-ისათვის 12 000 ლარის სოლიდარულად, გ. გ-ისათვის 26 246.08 ლარის დაკისრების მოთხოვნით, დავალიანების დაფარვის მიზნით, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ქარელის რაიონის სოფელ რ-ში მდებარე, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (სკადასტრო კოდი – ...) რეალიზება, ხოლო იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით მოთხოვნის არასრულად უზრუნველყოფის შემთხვევაში, სს «... ბანკმა» ასევე მოითხოვა გ. გ-ისა და გ. ს-ის სხვა უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია.
მოპასუხეებია ფაქტობრივ გარემოებებს დაეთანხმნენ და სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სს «... ბანკის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: გ. გ-სა და გ. ს-ს სს «... ბანკის» სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ კრედიტის ძირითადი თანხის _ 4 236,46 ლარის, დარიცხული პროცენტის – 4 474,55 ლარისა და ჯარიმის _ 295,3 ლარის გადახდა, დავალიანების დასაფარად სარეალიზაციოდ მიექცა ქარელის რაიონის სოფელ რ-ში მდებარე, იპოთეკით დატვირთული გ. გ-ის, თ. გ-ის, თრ. გ-ის, ნ. ბ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი (უძრავი ქონების რეგისტრაციის ნომერი ¹...), დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარგებლის _ 4 475.55 ლარისა და ჯარიმის _ 295.3 ლარის, ასევე სასამართლო ხარჯების მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით თ., გ., თრ. გ-ების, ნ. ბ-ისა და გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატის 2011 წლის 10 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორებს, დაუდგინდათ ხარვეზი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განესაზღვრათ გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღე მის შესავსებად. ამავე სასამართლოს 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით აპელანტებს ხარვეზის აღმოსაფხვრელად გაუგრძელდათ ვადა 5 დღით. ზემოაღნიშნული განჩინება ადრესატებს გაეგზავნათ და ჩაბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2011 წლის 9 ივლისს, ხოლო მათ მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. პალატამ მიუთითა 2011 წლის 13 ივლისს გ. გ-ის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ თ. გ-ის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის ¹... მოწმობაზე და განმარტა, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენს რა დავალიანების გადახდა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ» ქვეპუნქტის შესაბამისად აპელანტები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ვერ გათავისუფლდებიან.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ჩათვალა, რომ თ., გ., თრ. გ-ების, ნ. ბ-ის და გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რადგანაც სახეზე არ არის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს თ., გ., თრ. გ-ებმა, ნ. ბ-ემ და გ. ს-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეები დაზარალებული არიან რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, მათ ვერ მიიღეს მოსავალი, რის გამოც სს «... ბანკიდან» აიღეს სესხი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ნ. ბ-ე ონკოლოგიური დაავადებითაა დაავადებული, ხოლო თ. გ-ი _ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანია. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს აპელანტები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გაეთავისუფლებინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 416-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევის გამო ნ. ბ-ისა და გ. ს-ის პრეტენზიის ნაწილში მოცემული კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, ხოლო ამავე პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით თ., გ. და თრ. გ-ების პრეტენზიის ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ., გ. და თრ. გ-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება შემდეგი გარემოებები: სააპელაციო საჩივრის წარდგენისას აპელანტებმა განმარტეს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონით, რადგანაც თ. გ-ი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანია (იხ. ტ.I, ს.ფ.137), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების 4%-ის _ 190.79 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა 10 დღით განისაზღვრა.
2011 წლის 5 ივლისის განჩინებით პალატამ არ გაიზიარა თრ. და თ. გ-ების მოსაზრება, რომ თ. გ-ი ინვალიდია და «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ამასთან, ვინაიდან სადავო სამართლებრივი ურთიერთობა სოლიდარულია თ.გ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება სხვა აპელატების გათავისუფლების საფუძველიცაა. აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმის მასალებით დასტურება არა თ.გ-ის ინვალიდობის, არამედ ომის ვეტერანობის ფაქტი, რაც განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის «რ» ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ აპელანტებს კვლავ გაუგრძელა საპროცესო ვადა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის. დადგენილ ვადაში სასამართლოს განცხადებით მხოლოდ გ. გ-მა მიმართა და კვლავ წარადგინა თ.გ-ის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, ასევე თ.გ-ის პირადობის მოწმობის ასლები.
საკასაციო პალატა სავსებით ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ სასამართლომ ხარვეზი სააპელაციო საჩივარს სწორად დაუდგინა მხარეებს მისცა საკმარისი ვადა მისი გამოსწორებისათვის. ასევე სწორია სასამართლოს მსჯელობა «სახელმწიფო ბაჯის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «რ» ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლით დადგენილია სასამართლო ხარჯების შეტანის ვალდებულება და კანონდებელმა დააწესა შემდეგი: სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება სასამართლოს ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.
დასახელებული ნორმიდან გამოდინარე, სასამართლო ვალდებულია, საქმის განხილვა დაიწყოს მხოლოდ სარჩელის, სააპელაციო საჩივრის თუ საკასაციო საჩივრის კანონთან სხვა ფორმალური შესაბამისობის დადგენის საკითხის გადაწყვეტასთან ერთად, გამოიკვლიოს არის თუ არა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ, საქმის არსებითად გადაწყვეტისას, სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით საბოლოოდ გაანაწილებს სასამართლო ხარჯებს მხარეთა შორის მოთხოვნის დაკმაყოფილების პროპორციულად.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის საფუძველს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ აპელანტები რუსეთ-საქართველოს ომით დაზარალებული პირები არიან და გაეთავისუფლებინა ისინი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რადგანაც, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხის განხილვისას, თუ საქმის მასალებით არ დასტურდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლითა და «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული წინაპიროიბების არსებობა, სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდასთან მიმართებაში სასამართლო ყოველთვის ხელმძღვანელობს მხარის შუამდგომლობის საფუძვლიანობითა და ამ შუამდგომლობის დასაბუთებულობით, კერძოდ, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სსსკ 102-ე მუხლი). ამასთანავე, სასამართლო მხარის ქონებრივი მდგომარეობის გამო სასამართლო ხარჯებისაგან გადახდის გათავისუფლების საკითხს წყვეტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც დადგენილია, რომ სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს ფიზიკური პირების ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს მხარის სადავოდ ქცეული უფლების სასამართლო წესით დაცვის მიღმა დატოვებას.
საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესწავლის საფუძველზე, პალატა ასკვნის, რომ მხარეებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ქონებრივი მდგომაროების გათვალისწინებით არ მოუთხოვიათ და ამ მიმართებით რაიმე მტკიცებულება, რაც მათ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას დაადასტურებდა, არ წარუდგენიათ, რის გამოც სასამართლო კერძო საჩივარში მითითებული მხარის ქონებრივი მდგომარეობის საკუთარი ინიციატივით გამოკვლევას ვერ განახორციელებდა. ის ფაქტი, რომ თ. გ-ი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანია, თანახმად «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «რ» ქვეპუნქტისა, როგორც უკვე განიმარტა, სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებისაგან აპელანტთა გათავისუფლების საფუძველს არ წარმოდგენდა, საწინააღმდეგო შემთხვევაშიც კი, თუ ერთ-ერთი მათგანი კანონით ან სასამართლოს ინიციატივით ისარგებლებდა გარკვეული შეღავათით, აღნიშნული ფაქტი სხვათა გათავისუფლებისა და სხვა აპელანტთა პრეტენზიის ნაწილში სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობად არ იქნებოდა მიჩნეული რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, უფრო მეტიც, ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ., გ. და თრ. გ-ების კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ., გ. და თრ. გ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.