ას-1226-1246-2011 2 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ზ. ჯ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «თ-ი”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
დავის საგანი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბრძანების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 21 დეკემბრის ¹7971 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 18 თებერვლის 305-ე ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის 12 მარტის ¹ 241 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა., რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჯ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის განჩინებით ზ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჯ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით კასატორს განესაზღვრა 3 _ დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2011 წლის 28 სექტემბერს (ს.ფ. 298-299). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2011 წლის 3 ოქტომბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ შეუვსია.
2011 წლის 5 ოქტომბერს ზ. ჯ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ზ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
ზ. ჯ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა, ვინაიდან ხარვეზის შევსების ვადაში ობიექტური მიზეზის, უსახსრობის გამო, ვერ შესძლო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოს ვერ მიმართა განცხადებით საპროცესო ვადის გაგრძელებაზე, ვინაიდან იმყოფებოდა ქალაქგარეთ _ რაიონში, ამიტომ თბილისში დაბრუნებისთანავე 2011 წლის 5 ოქტომბერს მიმართა განცხადებით საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ჯ-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებელი ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ იმყოფებოდა ქალაქგარეთ, რაიონში, ამიტომ თბილისში დაბრუნებისთანავე განცხადებით მიმართა სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოება მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება მიჩნეული საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად, რამდენადაც იგი არ დასტურდება არანაირი მტკიცებულებით. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასახელებულ გარემოებაზე განმცხადებელს არ მიუთითებია მის მიერ წარმოდგენილ 2011 წლის 5 ოქტომბრის განცხადებაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ამდენად, საპროცესო მოქმედებისათვის განსაზღვრული ვადა სასამართლოს შეუძლია აღადგინოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ვადის აღდგენისათვის არსებობს საპატიო მიზეზი და ვადის აღდგენა არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ ნორმებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე ობიექტური გარემოება უნდა იყოს განსაკუთრებული, ისეთი, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარემ შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით, ზ. ჯ-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ჯ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება