Facebook Twitter

ას-1305-1325-2011 14 ნოემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ მ. და ლ. წ-ები

წარმომადგენელი – მ. ბ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ა-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი _ გაცვლის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. და ლ. წ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა. ა-ას მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უკანონოდ აშენებული კედლის მოშლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2005 წლის 7 სექტემბერს მ. წ-ს და მოპასუხე ა. ა-ას შორის დაიდო ხელშეკრულება უძრავი ქონების გაცვლის შესახებ, რომლის მიხედვითაც დ. წ-მა ა. ა-ას საკუთრებაში გადასცა ბინა, ხოლო ა. ა-ამ მიიღო ქ.თბილისში, გ.ახლედიანის ქუჩა ¹11-ში მდებარე დ. წ-ის კუთვნილი 4 კვ.მ სარდაფი. მ. წ-მა ა. ა-ას საკუთრებაში გადასცა, ხოლო ა. ა-ამ მიიღო ქ.თბილისში _ ა-ის ქ.¹11-ში მდებარე მარინა წ-ის კუთვნილი 8 კვ.მ სამზარეულო და 1.5 კვ.მ ტუალეტი. ა. ა-ამ მ. წ-ს საკუთრებაში გადასცა, ხოლო მ. წ-მა მიიღო ქ.თბილისში, ა-ის ქ.¹11-ში მდებარე ა. ა-ას კუთვნილი – 8 კვ.მ ოთახი. ა. ა-ამ მისცა, ხოლო დ. წ-მა მიიღო უფლება წინ წასწიოს მთელ სიგრძეზე თავისი ღია დერეფანი, გაცვლის შემდეგ გადატიხრულ კედლამდე და გამოიყვანოს წყალი გაცვლილი სამზარეულოდან ან სარდაფიდან. ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტიდან გამომდინარე, ა. ა-ამ გადატიხრა საერთო სარგებლობის ღია დერეფანი, რის გამოც მ. წ-ი გაცვლის შედეგად მის საკუთრებაში გადაცემულ ¹49 ოთახში ვერ შედის და იძულებულია გამოიყენოს დ. წ-ის საკუთრებაში არსებული დერეფანი, რითაც ირღვევა დ. წ-ის, როგორც მესაკუთრის უფლება. ა-ის ქ.¹11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი არის სამსართულიანი. სახლის მარცხენა მხარეს სამი სართულის დამაკავშირებელი ხის ძველი კიბე უერთდება მეორე სართულზე მდებარე ¹20 საერთო სარგებლობის ღია აივანს, რომელიც მ. წ-ის ¹49 ოთახის წინ გატიხრულია, ამ მიზეზით კი ეზოში არსებული ხის კიბით დ. წ-ის კუთვნილ ¹35, ¹36 და ¹37 საცხოვრებელ ოთახებში მოხვედრა შეუძლებელია. ¹49 ოთახი აღმოჩნდა 0.17 კვ.მ.-ით პატარა, ვიდრე იგი არსებობდა გაცვლამდე.

მოპასუხე ა. ა-ამ არ ცნო სარჩელი შემდეგი დასაბუთებით: სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის გამოსაყენებლად მხარე უნდა ასაბუთებდეს, რატომ არის ხელშეკრულება არაკანონიერი ამ ხელშეკრულების ბათილობისათვის არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც არ არსებობდა გარიგების დადების დროს. ხელშეკრულება დაიდო 2005 წლის 7 სექტემბერს, ხოლო კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ მიღებული და ამოქმედებულია 2007 წლის 1 აგვისტოდან. ა-ის ქ.¹11-ში მდებარე სახლის მეორე სართულზე ცხოვრობენ მხოლოდ ხელშეკრულების მხარეები, აღნიშნულ სახლს კიბეები აქვს ორივე მხრიდან და არც ერთ მეზობელს არ გამოუთქვამს პრეტენზია აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. და ლ. წ-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით აპელანტების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2005 წლის 7 სექტემბრის ხელშეკრულების მიხედვით, მ. წ-მა ა. ა-ას საკუთრებაში გადასცა თბილისში, ა-ის ქუჩა ¹11-ში მდებარე უძრავი ქონებიდან 8 კვ.მ სამზარეულო და 1,5 კვ.მ ტუალეტი, ხოლო სანაცვლოდ ა. ა-ამ მ. წ-ს საკუთრებაში გადასცა იმავე შენობის 8 კვ.მ ფართის ოთახი. იმავე ხელშეკრულებით, ა. ა-ამ დ. წ-ს მისცა უფლება, მთელ სიგრძეზე წინ წაეწია ღია დერეფანი გაცვლის შემდეგ გადატიხრულ კედლამდე და გამოეყვანა წყალი გაცვლილი სამზარეულოდან ან სარდაფიდან. სანაცვლოდ, დ. წ-მა ა. ა-ს საკუთრებაში გადასცა 4 კვ.მ ფართის სარდაფი. 2005 წლის 7 სექტემბრის ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა დ. წ-ის, მ. წ-ისა და ა. ა-ას მიერ. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ მათთვის ცნობილი იყო იმ უძრავი ქონების მდგომარეობა, რომელსაც გაცვლის შედეგად იღებდნენ საკუთრებაში. მხარეებმა მოიწონეს, თანხმობა განაცხადეს, მიეღოთ უძრავი ქონება ისეთი სახით, რა სახითაც არსებობდა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე. ა. ა-ამ საერთო სარგებლობის აივანში მოაწყო ტიხარი მ. წ-ისათვის გადაცემული 8 კვ.მ ოთახის კედლის გასწვრივ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. წ-ის კუთვნილ ოთახში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ დ. წ-ის კუთვნილი ღია დერეფნის გავლით. 2009 წლის 20 იანვრის ექსპერტიზის დასკვნით, თბილისში, ა-ის ქუჩა ¹11-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ეზოდან ამოსასვლელი კიბით მ. წ-ის კუთვნილ ¹49 ოთახში, ხოლო დ. წ-ის კუთვნილ ¹35, ¹36 და ¹37 საცხოვრებელ ოთახებში მოხვედრა შეუძლებელია ღია დერეფანში არსებული ტიხრის გამო. ა. ა-ას მითითებას იმაზე, რომ 2005 წლის 7 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეთანხმებული იყო საერთო სარგებლობის აივნის წლის 7 სექტემბრის ხელშეკრულება არ ითავალისწინებდა. მხარეთა შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება კი ა. ა-ას არ წარმოუდგენია.

პალატამ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია ა. ა-ას პრეტენზია საერთო სარგებლობის აივანზე მის ინდივიდუალურ უფლებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 102-ე მუხლის შესაბამისად, ა. ა-ას თავისი პოზიციის დადასტურებისათვის საჭირო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით პალატამ აღნიშნა, რომ გაცვლის ხელშეკრულება წარმოადგენს წერილობითი ფორმით შედგენილ გარიგებას და ის გარემობა, რომ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის ნება ნამდვილად გამოხატულია ხელშეკრულების ტექსტში მითითებული მხარეების მიერ, დასტურდება მათივე ხელმოწერით. მოცემულ შემთხვევაში მ. და დ. წ-ები გაცვლის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვენ იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებული ინფორმაცია ა. ა-ასაგან მიიღეს არასწორად, ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა მოტყუებით. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმატა, რომ გარიგების ბათილობის საფუძვლები განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 51-88-ე მუხლებით, მოცემულ შემთხვევაში მხარის მიერ დასახელებული გარემოებები საქმის მასალებით არ დასტურდება.

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ა. ა-ას მიერ განხორციელდა აივნის გადატიხრვა, რომელიც არ წარმოადგენდა მის ინდივიდუალურ საკუთრებას, არამედ იმყოფებოდა მრავალბინიანი სახლის ბინების მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაში, საერთო სარგებლობის აივნის გადატიხვრით მ. წ-ს შეეზღუდა ამ აივნით სარგებლობის უფლება, შესაბამისად, მისი მოთხოვნა ტიხრის მოშლასა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე მართლზომიერად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და დ. წ-ებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: ხელშეკრულების დადების მომენტში ოთახი სავსე იყო ავეჯით და არ ჩანდა მისი ნაკლი, რომ იყო ნესტიანი და ბნელი. 6 თვის შემდეგ, როცა ოთახი დაცალეს, აღმოჩნდა, რომ კედლებისა და იატაკის სინესტეს ავეჯი ფარავდა, ხოლო ოთახებს შორის ბინის კარიდან შესული შუქით ინიღბებოდა ოთახის სიბნელე, რაც ასევე გაცვლის შემდეგ ა-ების მიერ კედლის ამოშენებისას აღმოჩნდა. ამ ფაქტების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ბინა საცხოვრებლად უვარგისია, რასაც დასტურებსა ექსპერტის დასკვნით, ხოლო სასამართლომ აღნიშნული დასკვნა არ გაითვალისწინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. და დ. წ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია გაცვლის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. და დ. წ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. და დ. წ-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.