ას-1387-1223-2010 28 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ რ. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. დ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2008 წლის 22 ოქტომბრის ¹01-500/პ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით რ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. დ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინებით რ. დისამაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება რ. დ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებით რ. დ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინებით რ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. დ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინებით რ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
რ. დ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით რ. დ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინება და საქმის წარმოება განახლდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ნოემბრის ხარვეზის განჩინებით რ. დ-ეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. კასატორი გაფრთხილდა, რომ თუ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, საკასაციო საჩივარი არ მიიღება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველად დარჩება.
2011 წლის 25 ნოემბერს რ. დ-ემ წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაძე და ბანკის მიერ 2009 წლის 10 დეკემბერს გატარებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ნოემბრის ხარვეზის განჩინებით რ. დ-ეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. 2011 წლის 25 ნოემბერს რ. დ-ემ წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაძე და ბანკის მიერ 2009 წლის 10 დეკემბერს გატარებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი. აღნიშნული ქვითარი, რომლითაც გადახდილია სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, წარმოდგენილია საქმეში (ტომი II, ს.ფ. 90) და იგი შეტანილია საკასაციო საჩივარზე, რომლითაც საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა არ შეავსო ხარვეზი სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში, კერძოდ არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და წარმოადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2009 წელს განხილულ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის ასლი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორმა ხარვეზი არ შეავსო, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.