Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ ბს-1449-1024(კ-05) 7 მარტი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: ჯარიმის თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 11 ნოემბერს მცხეთა-მთიანეთის მხარის რეგიონალურმა არქმშენინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ი. დ.-ის მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ი. დ.-ი მცხეთის რ-ნის სოფ. ... მშენებლობის ნებართვის გარეშე აწარმოებდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, რითაც დაირღვა «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის «კ» პუნქტის «კ.ა» ქვეპუნქტი. მოსარჩელემ მოპასუხეს ჩააბარა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის შესახებ ოქმი და მიწერილობა, რომ 10 დღის ვადაში მას მცხეთა-მთიანეთის მხარის რეგიონალურ არქმშენინსპექციაში უნდა წარედგინა მშენებლობის ნებართვა, რაც მას არ გაუკეთებია. ამის შემდეგ ი. დ.-ს ჩაბარდა დადგენილება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის დაჯარიმების შესახებ, მაგრამ მოპასუხემ არც საჯარიმო თანხა გადაიხადა და არც დარღვევა გამოასწორა.

მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა ი. დ.-ის 2000 ლარით დაჯარიმება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მცხეთა-მთიანეთის მხარის რეგიონალური არქმშენინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ი. დ.-ს დაეკისრა მცხეთა-მთიანეთის მხარის რეგიონალური არქმშენინსპექციის 2004წ. 20 სექტემბრის დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმის თანხის _ 2000 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. დ.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 სექტემბრის განჩინებით ი. დ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მოცემული საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი. დ.-ი მცხეთის რ-ნის სოფ. ... აშენებდა საცხოვრებელ სახლს მშენებლობას მცხეთის რ-ნის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის, მშენებლობის ნებართვის გარეშე, რითაც «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის «კ» პუნქტის «კ.ა» და «კ.ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევების არსებობის მოტივით (ძველი რედაქციით) მოსარჩელემ 2004წ. 16 ივლისს შეადგინა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის შესახებ ოქმი და მოპასუხეს მიწერილობით მოსთხოვა‚ სასწრაფოდ შეეწყვიტა უნებართვო მშენებლობა, აგრეთვე‚ 10 დღის ვადაში მცხეთა-მთიანეთის მხარის რეგიონალურ არქმშენინსპექციაში წარედგინა შესაბამისი ტექდოკუმენტაცია. აღნიშნული ოქმი და მიწერილობა ი. დ.-ს ჩაჰბარდა 2004წ. 16 ივლისს, მაგრამ არ შეასრულა მოსარჩელის მოთხოვნა, რის გამოც მცხეთა-მთიანეთის მხარის რეგიონალურმა არქმშენინსპექციამ 2004წ. 20 სექტემბერს გამოიტანა დადგენილება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის დაჯარიმების შესახებ, რომლითაც ი. დ.-ი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის «კ» პუნქტის «კ.ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «ბ.ა» ქვეპუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა 2000 ლარით. აღნიშნული დადგენილების ასლი ი. დ.-ს ჩაბარდა იმავეწ. 6 ოქტომბერს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ი. დ.-მა მცხეთის რ-ნის სოფ. ... მშენებლობის ნებართვის გარეშე, «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაიწყო, რის თაობაზეც შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმი და მან არ გამოასწორა აღნიშნული დარღვევა, იგი დაჯარომდა კანონით დადგენილი წესით, ხოლო ი. დ.-ს კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია მცხეთა-მთიანეთის მხარის რეგიონალური არქმშენინსპექციის შესაბამისი ოქმი და დადგენილება და ისინი შევიდა კანონიერ ძალაში.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, გამოიტანა კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება და სწორად დააკმაყოფილა სარჩელი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. დ.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც საქმეზე მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. 2004წ. 16 ივლისს კასატორმა მცხეთის რ-ნის სოფ. ... წამოიწყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, მშენებლობის პირველსავე დღეს კი მივიდნენ არქმშენინსპექციის თანამშრომლები და მოითხოვეს მშენებლობის პროექტი და ნებართვა. კასატორმა განუმარტა მათ, რომ ნახაზები და სხვა საჭირო დოკუმენტები რამოდენიმე დღეში მზად ექნებოდა, ვინაიდან საპროექტო ინსტიტუტში სათანადო დაკვეთა უკვე მიცემული ჰქონდა, ხოლო მცხეთის რ-ნის მთავარ არქიტექტორთან შეტანილი ჰქონდა განცხადება მშენებლობის ნებართვის მიღების თაობაზე. მიუხედავად ამისა, არქმშენინსპექციის თანამშრომლებმა შეადგინეს ოქმი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის შესახებ და კასატორი გააფრთხილეს‚ ათი დღის ვადაში წარედგინა სათანადო დოკუმენტაცია. არქმშენინსპექციის თანამშრომელთა მოთხოვნით, კასატორმა მაშინვე შეაჩერა საქმიანობა, რამდენიმე დღის შემდეგ კი, დადგენილი წესით ექსპერტიზაგავლილი მშენებლობის პროექტი თავისი ხარჯთაღრიცხვით, ტოპოგრაფიული და გეოდეზიური დასკვნები, აგრეთვე, სათანადო ნებართვები ენერგოკომპანიიდან და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურიდან წარადგინა მცხეთის რ-ნის მთავარ არქიტექტორთან. რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კასატორმა დოკუმენტები მთავარ არქიტექტორთან დროულად წარადგინა.

კასატორის მტკიცებით, ვინაიდან ყველა აუცილებელი ნახაზი და დოკუმენტი წარდგენილი ჰქონდა მცხეთა-მთიანეთის მხარის რეგიონალურ არქმშენინსპექციაში, «მშენებლობის ნებართვის შესახებ» კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებული იყო‚ მიეცა მისთვის სათანადო ნებართვა სამი დღის ვადაში და ასევე ვალდებული იყო, არქმშენინსპექციისთვის მიეწოდებინა სანებართვო მოწმობის ასლი და დამოწმებული საპროექტო დოკუმენტაციის ერთი კომპლექტი. მცხეთის რ-ნის მთავარმა არქიტექტორმა ხელოვნურად გააჭიანურა კასატორზე ნებართვის გაცემა და განუმარტა მას, რომ, ვინაიდან მცხეთა-მთიანეთის მხარის რეგიონალურ არქმშენინსპექციას შედგენილი ჰქონდა ოქმი დარღვევის შესახებ, ამიტომ იგი არ იყო უფლებამოსილი‚ გაეცა მშენებლობის ნებართვა, ხოლო პროკურატურა აწარმოებდა წინასწარ გამოძიებას და ყველა პროექტი წაღებული იყო მცხეთის რ-ნის პროკურატურაში. არქმშენინსპექციის თანამშრომლებმა კი გამოიტანეს დადგენილება ი. დ.-ის 2000 ლარით დაჯარიმების თაობაზე, რაც არ შეესაბამება «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის მე-6 მუხლს, რომლის თანახმად, არქმშენინსპექცია იღებს დადგენილებას დაჯარიმების თაობაზე, თუ დამრღვევი უარს აცხადებს დარღვევის გამოსწორებაზე. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონის აღნიშნული ნორმა, ვინაიდან მასში კანონმდებელი დარღვევის გამოსწორებად მოიაზრებს, როგორც სამშენებლო ნებართვის, ისე საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენასაც, მით უმეტეს, რომ მცხეთა-მთიანეთის მხარის რეგიონალურმა არქმშენინსპექციამ 2004წ. 16 ივლისის მიწერილობით ი. დ.-ს მოსთხოვა წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია და არა მშენებლობის ნებართვა.

2005წ. 2 მარტს ი. დ.-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მიუთითა «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2005წ. 22 დეკემბრის კანონზე, რომლის მიხედვითაც, სოფლების ტერიტორიებზე უნებართვო მშენებლობისთვის ჯარიმა 2000 ლარიდან შემცირდა 200 ლარამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა მისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხის _ 2000 ლარის შემცირება 200 ლარამდე იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლო არ გაიზიარებდა მის საკასაციო საჩივარს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ი. დ.-ი მცხეთის რ-ნის სოფ. მისაქციელში აწარმოებდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობას მცხეთის რ-ნის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე. მცხეთა-მთიანეთის მხარის რეგიონალურმა არქმშენინსპექციამ 2004წ. 16 ივლისს «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის «კ» პუნქტის «კ.ა» და «კ.ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევების მითითებით (ძველი რედაქციით) შეადგინა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის შესახებ ოქმი და ი. დ.-ს იმავე თარიღის მიწერილობით მოსთხოვა სასწრაფოდ შეეწყვიტა უნებართვო მშენებლობა, აგრეთვე‚ მცხეთა-მთიანეთის მხარის რეგიონალურ არქმშენინსპექციაში წარედგინა შესაბამისი ტექდოკუმენტაცია. აღნიშნული ოქმი და მიწერილობა ი. დ.-ს ჩაჰბარდა 2004წ. 16 ივლისს, მაგრამ არ შეასრულა მოსარჩელის მოთხოვნა, რის გამოც მცხეთა-მთიანეთის მხარის რეგიონალურმა არქმშენინსპექციამ 2004წ. 20 სექტემბერს მიიღო ¹76 დადგენილება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის დაჯარიმების შესახებ. აღნიშნული დადგენილებით ი. დ.-ი «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის «კ» პუნქტის «კ.ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის, ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «ბ.ა» ქვეპუნქტის საფუძველზე (ძველი რედაქციით) დაჯარიმდა 2000 ლარით. ხსენებული დადგენილების ასლი 2004წ. 6 ოქტომბერს ჩაჰბარდა ი. დ.-ს, რომელმაც მისთვის დაკისრებული ჯარიმა არ გადაიხადა.

«არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «ბ.ა» ქვეპუნქტის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი ორგანიზაციული წესების დარღვევისათვის, კერძოდ, სათანადო ნებართვის გარეშე ობიექტის მშენებლობის დაწყებისათვის ჯარიმდებოდნენ 2000 ლარით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» 2005წ. 22 დეკემბრის კანონით მე-5 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის «ე» ქვეპუნქტის მიხედვით, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტების მიერ სოფლების ტერიტორიებზე უნებართვო მშენებლობა გამოიწვევს მათ დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

«ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ კანონით გაუქმდა ან შემსუბუქდა პასუხისმგებლობა ასეთი სამართალდარღვევის ჩადენისთვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია‚ რომ «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონში 2005 წლის 22 დეკემბრის კანონით განხორციელებული ცვლილებების შედეგად ახლებურად ჩამოყალიბებულ ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის «ე» ქვეპუნქტის ნორმას უნდა მიენიჭოს უკუძალა მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებაში‚ ვინაიდან ი. დ.-ის მიერ ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ ხსენებული ნორმით შემსუბუქდა პასუხისმგებლობა ამავე სამართალდარღვევის ჩადენისათვის და შესაბამისად‚ აღნიშნულმა ნორმამ გააუქჯობესა ი. დ.-ის მდგომარეობა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია‚ რომ თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას მოცემულ საქმეზე‚ ვინაიდან სააპელაციო პალატამ მოცემული საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 272-ე მუხლის «ა» პუნქტით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ი. დ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 სექტემბრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. მცხეთა-მთიანეთის მხარის რეგიონალური არქმშენინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

4. ი. დ.-ს დაეკისროს ჯარიმის – 200 ლარის გადახდა.

5. ი. დ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 70 ლარის ოდენობით.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.