Facebook Twitter

ას-1412-1427-2011 17 ნოემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ჯ. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შ. გ-ი, დ. ხ-ი, ი. გ-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ საზიარო უფლების გაუქმება, საზიარო საგნის ნატურით გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. გ-ის, დ. ხ-ისა და ი. გ-ის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, დ-ის ქუჩა ¹293-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის – მიწის ნაკვეთის ნატურით გაყოფით, ისე, რომ მას გამოეყოს 292 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო მოპასუხეებს – 283 კვ.მ ნაკვეთი, მხარეები სრულად იზოლირებული იყვნენ და დ-ის ქუჩაზე არსებული გასასვლელით ისარგებლოს მხოლოდ მოსარჩელემ, მოპასუხეებმა კი _ უსახელო ჩიხით, რომელიც გადის L-ის ქუჩაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. კ-ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2011 წლის 30 ივნისს, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აპელანტს ჰქონდა ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 1 ივლისს და ამოიწურა 2011 წლის 14 ივლისს. საქმის მასალებით დადასტურდა, რომ სააპელაციო საჩივარი ჯ. კ-ემ შეიტანა 14-დღიანი ვადის დარღვევით – 2011 წლის 15 ივლისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ჯ. კ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

ჯ. კ-ის განცხადებით, მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2011 წლის 1 ივლისს და გასაჩივრების ვადის ათვლა ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს, ხოლო 30 ივნისი გზავნილის ჩაბარებისას მხარემ მიუთითა შეცდომით და მექანიკურად. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა მხარემ ვერ გააკონტროლა თავისი ავადმყოფობის გამო. ასევე სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა სწორად ვერ განსაზღვრა მისმა ადვოკატმა მაია ყანადაშვილმა, რომელსაც გარდაეცვალა შვილი და ჰქონდა მძიმე სულიერი მდგომარეობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ მას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2011 წლის 1 ივლისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჯ. კ-ეს 2011 წლის 30 ივნისს პირადად ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 1 ივლისს და ამოიწურა 2011 წლის 14 ივლისს, ხოლო საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 14-დღიანი ვადის დარღვევით – 2011 წლის 15 ივლისს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტს კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია, რაც აღნიშნული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟის გადახდილია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.