Facebook Twitter

საქმე # 330100121005086013

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №497აპ-22 ქ. თბილისი

ბ. ვ., 497აპ-22 30 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განაჩენზე თბილისის ისანი - სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ფოცხვერაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი - სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ვ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან, მართალია, დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და ჩვენება არ მისცა თავისი ახლო ნათესავის - ვ. ბ-ს წინააღმდეგ, მაგრამ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მისი ბრალეულობა, ხოლო პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სამართლებრივად არასწორად შეაფასეს ეს მტკიცებულებები.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ბ-ს ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

ვ. ბ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის აგვისტოში, დაახლოებით 05:00 საათზე, .. ნასვამმა ვ. ბ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ. ნ-ს, კერძოდ: ორივე ხელი მოუჭირა მხრებზე და ანჯღრევდა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 თებერვლის განაჩენით ვ. ბ., - დაბადებული .. წელს, -ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ვ. ბ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი - სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტყაბლაძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ვ. ბ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ. ბ-ს ბრალეულობა ბრალად წარდგენილ ქმედებაში და მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:

9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა მ. ნ-მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის - მეუღლის, ვ. ბ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რის გამოც სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს მტკიცებულებად და საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო სხდომაზე ისინი არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და მხარეთა მიერ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიჩნეულ იქნენ უდავო მტკიცებულებებად, მაგრამ არცერთი მათგანი არ წარმოადგენს ვ. ბ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებას, რის გამოც ვერც უდავო მტკიცებულებები ვერ გახდება ვ. ბ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ვ. ბ-ს დამნაშავედ ცნობისათვის.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი - სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ფოცხვერაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი