Facebook Twitter

საქმე # 200100121004245937

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №428აპ-22 ქ. თბილისი

გ. ს., 428აპ-22 17 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ს. გ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. შ-მა, რომლებიც ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. გ-ს უდანაშაულოდ ცნობას; კასატორთა მტკიცებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან, ერთი მხრივ, სასამართლომ ობიექტურად არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა, ხოლო, მეორე მხრივ, უსაფუძვლოდ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა, მსჯავრდებულის სამედიცინო დოკუმენტაციის მხედველობაში მიღებით, რომლითაც საეჭვო გახდა ს. გ-ს შერაცხადობა და გამოიკვეთა ბრალის გამომრიცხველი გარემოება, დაედგინა გამამართლებელი განაჩენი.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 აგვისტოს განაჩენით ს. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ს. გ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. გ-მა ჩაიდინა: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებით მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის; ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2020 წლის 5 დეკემბერს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი ს. გ. ქ.თელავში, .. მაღაზიიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებით მიზნით, დაეუფლა ბ. მ-ს კუთვნილ, 600 ლარად ღირებულ, „სამსუნგ A10” მოდელის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.

3.2. განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ს. გ. ატარებდა ცივ იარაღს, კერძოდ, 2020 წლის 7 დეკემბერს თელავში, .. მდებარე აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, ს. გ-საგან ამოიღეს დასაკეცი დანა, რომელიც ექსპერტიზის № დასკვნის მიხედვით, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

4. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. გ-მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრებიი და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ს. გ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად შეფასებული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: დაზარალებულ ბ. მ-სა და მოწმეების - ზ. ს-სა და თ. ქ-ს გამოკითხვის ოქმებიდან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან, პირადი ჩხრეკის ოქმიდან, ამოცნობის ოქმებიდან, ამოღების ოქმიდან, ცივი იარაღის ექსპერტიზის № დასკვნიდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიდან, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

9. დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ ს. გ-ს შერაცხადობის საკითხთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ პირი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, რაც დადასტურებულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით. აღსანიშნავია, რომ ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მსჯავრდებულ ს. გ-ს პენიტენციური დაეპარტამენტის №18 სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარებული კვლევების შედეგად დაესვა დიაგნოზი: ზომიერად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი; სპეციფიკური პიროვნული დარღვევები და სპეციფიკური პერსონოლოგიური დარღვევები, მაგრამ საგულისხმოა, რომ, ერთი მხრივ, ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა ვერაფრით შეფასდება მსჯავრდებულის გამამართლებელ მოცემულობად, რადგან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით და დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე და თავად ჩაეტარებინა სასურველი საექსპერტო კვლევა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად, ხოლო, მეორე მხრივ, ერთმნიშვნელოვანია, რომ კვალიფიციური ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, მხოლოდ დაცვის მხარის ვარაუდების საფუძველზე მსჯავრდებულის შეურაცხაობის საფუძვლით მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაზე მსჯელობა უსაფუძვლო და გაუმართლებელია.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი