საქმე # 020100120003905549
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №401აპ-22 ქ. თბილისი
გ. ვ., 401აპ-22 16 მაისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ჟვანიამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ვ. გ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი მოტივებით: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ვ. გ-მ ორგანიზება გაუწია ზ. ქ-ს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, რაც გამოიხატა იმაში, რომ ზ. ქ. ასრულებდა ვ. გ-ს მითითებებს და ბოლოს, ლიზინგის ხელშეკრულების შედეგად დარიცხული თანხა ზ. ქ-მ გადასცა ვ. გ-ს. აღნიშნული გულისხმობს სწორედ თანამონაწილეობას, კერძოდ, თაღლითობის ორგანიზებას, რა დროსაც, მართალია, ვ. გ. უშუალოდ არ მონაწილეობდა ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელებაში, მაგრამ ეხმარებოდა დანაშაულის ამსრულებელს, აძლევდა მითითებებს და ხელმძღვანელობდა მას. ის ფაქტი, რომ ზ. ქ-სა და ვ. გ-ს შორის, ერთი შეხედვით, სამართლებრივად ყველაფერი სწორად მოხდა, არ გამორიცხავს თაღლითობის შემადგენლობას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. გ-ს ბრალი დაედო თაღლითობის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ორგანიზებისათვის, ჩადენილი დიდი ოდენობით.
ვ. გ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ვ. გ-მ, რომელმაც გადაწყვიტა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა შპს „ “ კუთვნილ თანხას, ორგანიზება გაუწია და დაგეგმა დანაშაულის ჩადენა. დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად, მისი სრულყოფისათვის, ვ. გ. დაუკავშირდა პ. ჭ-სა და ზ. ქ-ს, რომლებიც ვ. გ-ს გეგმის შესაბამისად, პ. ჭ-ს სახელზე რიცხულ „VOLKSWAGEN JETTA“ მარკის ავტომანქანას, სარეგისტრაციო ნომერი - , საიდენტიფიკაციო ნომერი - , გააფორმებდნენ ზ. ქ-ს სახელზე, რის შემდეგაც ზ. ქ. მოატყუებდა სალიზინგო კომპანიას და დაარწმუნებდა, რომ მას სურდა ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხიდან 1000 ლარს მისცემდნენ ზ. ქ-ს, დანარჩენი დარჩებოდათ თავად პ. ჭ-სა და ვ. გ-ს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 25 თებერვალს პ. ჭ-მ მისი კუთვნილი VOLKSWAGEN JETTA მარკის ავტომანქანა, სარეგისტრაციო ნომერი - , საიდენტიფიკაციო ნომერი - „ “ დაარეგისტრირა ზ. ქ-ს სახელზე, რის შემდეგაც იმავე დღეს ზ. ქ. მიიყვანეს .. მდებარე შპს „ “, სადაც ზ. ქ-მ მოიპოვა შპს „ “ წარმომადგენლის ნდობა, კერძოდ, წარუდგინა მას ავტომანქანა და დაარწმუნა, რომ ამ ავტომანქანის გამოყენებით სურდა ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნულის საფუძველზე შპს „ “ ზ. ქ-ს ანგარიშზე ჩარიცხა თანხა, რომელიც ზ. ქ-მ თავისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან გამოიტანა, საიდანაც 1000 ლარი დარჩა თვითონ, ხოლო დანარჩენს, წინასწარი შეთანხმებისამებრ, დაეუფლნენ პ. ჭ. და ვ. გ.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ვ. გ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ვ. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივლისის განჩინების საფუძველზე დაყადაღებულ უძრავ ქონებას.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ჟვანიამ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ვ. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მოთხოვნას ვ. გ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ. გ-ს მიერ ბრალად წარდენილი ქმედების ჩადენას, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. მოწმე პ. ჭ-ს ჩვენებით დგინდება, რომ მისი საქმიანობის სფერო იყო ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა. მას დაუკავშირდა უცნობი პირი, მეტსახელად „მ.“, რომელსაც მისგან სურდა ავტომანქანის შეძენა. მას ხელზე ჰქონდა მანქანის ღირებულების თანხის ნახევარი, ხოლო ნახევრის გადახდა მისი დალომბარდების მეშვეობით შესთავაზა, რაზეც პ. ჭ. დასთანხმდა, თუმცა ამ პირს სესხი არ დაუმტკიცდა. ამის გამო, ვინმე „მ-მ“ მოიყვანა თავისი ნაცნობი - ზ. ქ., რომელსაც დაუმტკიცდა სესხი და რომლის სახელზეც გააფორმეს ავტომანქანა. ვინაიდან პ. ჭ-ს არ ეცალა და ასევე არ ენდობოდა მისთვის უცხო პირებს - ვინმე „მ-სა“ და ზ. ქ-ს, თავის მეგობარსა და ნათესავს - ვ. გ-ს სთხოვა, რომ მათთვის მარტო ავტომანქანა არ დაეტოვებინა და მათთან ერთად ყოფილიყო, ამასთან, ავტომანქანა სალიზინგო კომპანიიდან უნდა გაეყვანა მართვის მოწმობის მქონე პირს, ამ შემთხვევაში კი ასეთი ვ. გ. იყო.
10. ზ. ქ-ცს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებითაც დასტურდება პ. ჭ-ს მიერ გადმოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: სასამართლოში მან განმარტა, რომ 2019 წლის 25 თებერვალს მას დაუკავშირდა ე. თ., მეტსახელად „მ.“, რომელმაც სთხოვა ავტომანქანის მის სახელზე გადაფორმება, რისთვისაც გადაუხდიდა 1000 ლარს. იგივე უთხრა მას პ. ჭ-მ. ამ დროს ვ. გ. იჯდა ავტომანქანის საჭესთან და მისთვის უცნობია, იცოდა თუ არა მან რამე ამ საკითხთან დაკავშირებით. მისივე ჩვენებით დასტურდება, რომ ვ. გ-მ ხელი მოაწერა სალიზინგო კომპანიისგან ავტომანქანის მიღება-ჩაბარების აქტს და მანქანა მან გაიყვანა, ამის შემდეგ კი გაფორმდა სალიზინგო ხელშეკრულება ზ. ქ-სა და სალიზინგო კომპანიას შორის, რის შემდეგაც მას ანგარიშზე დაერიცხა 11 000 ლარი.
11. სალიზინგო კომპანიის იურისტ თ. ჯ-ს ჩვენებით დგინდება შემდეგი: 2019 წლის 25 თებერვალს ზ. ქ-სთან გააფორმეს სალიზინგო ხელშეკრულება. ლიზინგის საგანი - ავტომანქანა შეფასდა 14000 ლარად, რომელიც დარეგისტრირდა კომპანიის სახელზე, ხოლო დროებით სარგებლობაში გადაეცა ზ. ქ-ს, რომელსაც ჰქონდა მისი მოვლის ვალდებულება, ასევე აკრძალული ჰქონდა ნივთის გასხვისება, დაშლა, გაყიდვა, საქართველოდან გაყვანა, ხოლო თუ თანხა არ დაიფარებოდა, ავტომანქანა დარჩებოდა სალიზინგო კომპანიის საკუთრებად. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ ავტომანქანა აუცილებლად უნდა გაეყვანა მართვის მოწმობის მქონე პირს, წინააღმდეგ შემთხვევაში სალიზინგო კომპანია დაჯარიმდებოდა. მოცემულ შემთხვევაში ნდობით აღჭურვილი პირი იყო ვ. გ., რომელმაც ხელი მოაწერა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის საფუძველზეც იგი პასუხისმგებელი იყო მხოლოდ როგორც მართვის მოწმობის მქონე პირის მიერ ავტომანქანის კომპანიიდან გაყვანზე და არა - თვითონ ავტომანქანის მოვლა- პატრონობასა და სალიზინგო თანხის გადახდაზე.
12. იმავეს ადასტურებს თავის ჩვენებაში ვ. გ-ც, რომელმაც განმარტა, რომ თავისმა მეგობარმა - პ. ჭ-მ სთხოვა დახმარებოდა ავტომანქანის სალიზინგო კომპანიიდან გამოყვანაში, ვინაიდან მყიდველს არ ჰქონდა მართვის მოწმობა, ასევე უთხრა, რომ ზ. ქ-ს სახელზე ჰქონდა გაცემული გენერალური მინდობილობა და რადგან მას არ ეცალა, სთხოვა არ დაეტოვებინა ავტომანქანა უყურადღებოდ, რაზეც დასთანხმდა, ხელი მოაწერა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტს, ავტომანქანა გამოიყვანა კომპანიიდან და მყიდველებთან ერთად იმყოფებოდა პ. ჭ-ს მისვლამდე.
13. შესაბამისად, მითითებულ მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ერთადერთი ფუნქცია და როლი, რაც მოცემულ შემთხვევაში ვ. გ-მ შეასრულა, არის ის, რომ თავისი მეგობრის - პ. ჭ-ს თხოვნით, მან, როგორც მართვის მოწმობის მქონე პირმა, ხელი მოაწერა სალიზინგო კომპანიიდან ავტომანქანის მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის საფუძველზეც იგი პასუხისმგებელი იყო მხოლოდ კომპანიიდან ავტომანქანის გაყვანაზე, რაც შეასრულა კიდეც, რის შემდეგაც, პ. ჭ-სავე თხოვნით, ავტომანქანისათვის ყურადღების მიქცევის მიზნით, იმყოფებოდა ზ. ქ-სა და ვინმე „მ-სთან“ ერთად.
14. ამდენად, გაუგებარია, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა ვ. გ-ს, როგორც ორგანიზატორის როლი, მაშინ, როდესაც ცალსახად დადგენილია, რომ ავტომანქანის მფლობელი იგი არ ყოფილა, არ შეთანხმებულა არავისთან მის გაყიდვასა და გაყიდვის მიზნით, სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებაზე და არავისთვის არანაირი მითითება თუ დავალება არ მიუცია. დადგენილია ის ფაქტიც, რომ ავტომანქანის მეპატრონე იყო პ. ჭ., რომელიც პირადად, ვ. გ-ს ყოველგვარი დახმარებისა და მონაწილეობის გარეშე, შეუთანხმდა ვინმე „მასხარას“ და მოგვიანებით მის მიერვე მიყვანილ პირს - ზ. ქ-ს ავტომანქანის გასხვისებაზე ლიზინგის მეშვეობით და ეს პირები (ავტომანქანის შემძენები) ვ. გ-სათვის საერთოდ უცნობები იყვნენ. პ. ჭ-მაც განმარტა, რომ არც ის იცნობდა ავტომანქანის შემძენებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, გაუგებარია, რაში გამოიხატა ვ. გ-ს მიერ დანაშაულის ორგანიზება და მისი როლი მის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებაში, გარდა იმისა, რომ იგი დაეხმარა პ. ჭ-ს იმაში, რომ, როგორც მართვის უფლების მქონე პირმა, ავტომანქანა სალიზინგო კომპანიიდან გამოიყვანა, რაც ვერ იქნება მიჩნეული დანაშაულის ორგანიზებად.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი