საქმე # 330100121005294859
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №496აპ-22 ქ. თბილისი
კ. ზ., 496აპ-22 31 მაისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ნათია გურულმა. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სათანადოდ არ გაითვალისწინა ზ. კ-ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე, შედეგი და ისე განუსაზღვრა მსუბუქი სასჯელი, რომელიც არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მსჯავრდებულის პიროვნებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 იანვრის განაჩენით ზ. კ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ზ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 30 ოქტომბრიდან 2021 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით.
ზ. კ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა (1000 ლარი) განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. კ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალა, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. კ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ზ. კ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში, .. ზ. კ-მა ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ: ალკოჰოლით მთვრალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ. ლ-ს და მარჯვენა მუშტი სახეში ერთხელ დაარტყა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ნათია გურულმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ. კ-სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ზ. კ-ს ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა და შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და აღნიშნულით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა), ასევე: ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (ფიზიკური ძალადობა მუშტის სახეში დარტყმით), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (ზ. კ-ს მტკიცე სურვილი, მისწრაფება, რომ დაზარალებულისთვის მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი), პირადი და ეკონომიკური პირობები (ზ. კ. უმუშევარია, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები), დაზარალებულის პოზიცია, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და მოითხოვა კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება, მსჯავრდებულის კანონშესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს და ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. კ-სათვის შეფარდებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახეა, სამართლიანი და კანონიერია, სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სსკ-ის 63-64-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი