Facebook Twitter

საქმე # 170100121004804269

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№334აპ-22 ქ. თბილისი

მ. გ., 334აპ-22 11 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ განაჩენი უკანონოა, ითხოვს მის გაუქმებას, გ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრას; კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გ. მ-ს ბრალეულობაზე მიუთითებს, კერძოდ: სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ლ. ხ-მა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა; ა. მ-ს შეტყობინებით დანაშაულის შესახებ დასტურდება, რომ დაზარალებულის მამის გადმოცემით, ტ. მ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ; მოწმე ა. მ-ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დადგენილია, რომ დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც ასევე დადგენილია ტ. მ-ს ვიზუალური დათვალიერების ოქმითაც.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. მ-ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 23 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, .. ტ. მ-სა და გ. მ-ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, გ. მ-მა თავის ნათესავებსა და დაზარალებულს შორის სახლის საკუთრებასთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ტ. მ-ზე, კერძოდ, ხელები მოუჭირა ხელებზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ გ. მ-სა და ტ. მ-ს არასრულწლოვანი შვილები - თ. მ. და ა. მ.

3. გ. მ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენით გ. მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

5. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა გ. მ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულმა ტ. მ-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე გ. მ-ს ედავებოდა 2021 წლის 23 მაისს მეუღლეზე ძალადობას, თუმცა 2021 წლის 30 მაისს დაზარალებულის მამის - ა. მ-ს შეტყობინება და მისივე გამოკითხვის ოქმი 2021 წლის 23 მაისის ოჯახურ ძალადობასთან მიმართებით არაფრისმთქმელია და ვერაფრით დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - ლ. ხ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ტ. მ-ს 2021 წლის 31 მაისს ნამდვილად აღენიშნებოდა დაზიანებები სილურჯეების სახით, რაც ასევე დადასტურებულია დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმითაც, მაგრამ საყურადღებოა, რომ დაზარალებულს არ ჩაუტარებია სამდიცინო ექსპერტიზა, რომლითაც სარწმუნოდ დადგინდებოდა დაზიანებების ხანდაზმულობა, რისი მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობის თანახმად აკისრია ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გ. მ-ს ბრალეულობაზე მიუთითებდა.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი