საქმე # 010100121004660027
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №481აპ-22 ქ. თბილისი
ნ. გ., 481აპ-22 31 მაისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ნ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, ჯ. ა-სა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ნ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ჯ. ა-მ და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ.
- დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. ნ-ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ბრალდების მხარემ მტკიცებულებების სახით წარმოადგინა მხოლოდ დაინტერესებული პირების, მოწმე პოლიციელების ჩვენებები; სასამართლოს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რის გამოც იგი ვერ შეძლებდა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
- ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და დანაშაულის შესაბამისი, ადეკვატური და სამართლიანი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას შემდეგი მოტივებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დაზარალებულ ჭ. ა-ს, ასევე მოწმე პოლიციელების - ა. მ-ს, გ. გ-ს, ა. ი-ს, ბ. ი-ს, გ. ნ-ს, ლ. მ-სა და სხვათა ჩვენებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ნ-ს მიერ პოლიციელზე თავდასხმა, ესე იგი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ნ-ს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც ჯანმრთელობის ხელყოფა გამოიწვია.
გ. ნ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 4 აპრილს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ... გამართული საპროტესტო აქციის დროს, გ. ნ. საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ჭ. ა-ს, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ასრულებდა სამსახურებრივ საქმიანობას ზემოთ აღნიშნულ მისამართზე, კერძოდ: ადმინისტრაციულ სამართლებრივ რეაგირებას ახდენდა საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ, თავს დაესხა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა მინის ბოთლის თავში დარტყმაში, რითაც ხელყო ჭ. ა-ს ჯანმრთელობა.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით გ. ნ-ს., - დაბადებული .. წელს, - მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
გ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
გაუქმდა გ. ნ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
გ. ნ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 17 აპრილიდან.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ნ-მ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 4 აპრილს, ღამის საათებში, .. გამართული საპროტესტო აქციის დროს, გ. ნ-მ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ჭ. ა-ს მინის ბოთლი ჩაარტყა თავში.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
- დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ. ნ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
- ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გ. ნ-სათვის დანაშაულის შესაბამისი, ადეკვატური და სამართლიანი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ნ-ს გამართლების შესახებ და ასევე, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ჭ. ა-ს, მოწმეების: ა. მ-ს, გ. გ-ს, დ. შ-ს, გ. ქ-ს, მ. მ-ს, ა. ი-ს, ზ. მ-ს ჩვენებებით, დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N დასკვნით, 2021 წლის 14 აპრილის გამოთხოვის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების - პატრულ-ინსპექტორის ზ. მ-ს სამხრეკამერით გადაღებული ჩანაწერის დათვალიერიების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
10. პოლიციის ინსპექტორ - გამომძიებლის, დაზარალებულ ჭ. ა-ს ჩვენებით დგინდება, რომ 2021 წლის 4 აპრილს ქ. ბათუმში იმართებოდა საპროტესტო აქცია, რა დროსაც იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. აქციის მიმდინარეობისას მისმა მონაწილეებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, ხოლო ადგილზე მყოფი პოლიციელები ცდილობდნენ, დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი. ამ დროს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ - გ. ნ-მ მას ბოთლი დაარტყა თავის არეში, რომელიც მანამდე პოლიციელებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაზარალებულის ჩვენებას სრულად შეესაბამება და მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია სრულად დასტურდება შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირების, პოლიციის მუშაკების, მოწმეების: ა. მ-ს, გ. გ-ს, დ. შ-ს, გ. ქ-ს, მ. მ-ს, ა. ი-ს ჩვენებებით, ასევე - დაზარალებულ ჭ. ა-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N დასკვნით, რომლითაც დგინდება, რომ მას აღენიშნებოდა კეფის არეში პალპატორულად მტკივნეული ჰემატომა, განვითარებული რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. გ. ნ-ს ბრალეულობას ასევე ადასტურებს პატრულ-ინსპექტორ ზ. მ-ს სამხრეკამერით გადაღებული ჩანაწერი და მისი დათვალიერების ოქმი, რომლებითაც ირკვევა, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ არღვევენ მოქალაქეები საზოგადოებრივ წესრიგს, როგორ იგინება გ. ნ. და ხელთ ნაქონ ბოთლს ურტყამს ჭ. ა-ს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დაცვის მხარის მოსაზრება გ. ნ-ს წინააღმდეგ პოლიციელების რაიმე დაინტერესების შესახებ, რის გამოც არ არსებობს მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი.
11. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მოტივაციას გ. ნ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, კერძოდ: დაზარალებულისა და ზემოთხსენებულ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ აქციის მიმდინარეობისას პოლიციის თანამშრომლები იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და ასევე აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ წესრიგის დაცვისკენ, რასაც გ. ნ. არ დაემორჩილა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათ, ხოლო ჭ. ა-ს ბოთლი ჩაარტყა თავში. შესაბამისად წარმოდგენილი მტკიცებულებებით საკასაციო სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ. ნ-ს მიზანი იყო არა პოლიციელთა ჯანმრთელობის ხელყოფა იმის გამო, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ პოლიცია იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს და პოლიციის მუშაკები აქციის მონაწილეებს მოუწოდებნენ წესრიგის დაცვისკენ, ხოლო გ. ნ-ს სურდა პოლიციის თანამშრომლისთვის თავის საქმიანობაში - წესრიგის დაცვაში ხელის შეშლა და სწორედ ამ მიზნით გაუწია მათ ძალადობით წინააღმდეგობა (მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N 468აპ-20 საქმეზე).
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia), No. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ნ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, ჯ. ა-სა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი