Facebook Twitter

საქმე # 330100120003476794

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №414აპ-22 ქ. თბილისი

ო. დ., 414აპ-22 10 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. ო-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ს. მ-მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით და თავისი ახლო ნათესავის - დ. ო-ს წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ დ. ო-მა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ო-ს ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

დ. ო-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 21:15 საათზე, .. დ. ო. მივიდა ყოფილ მეუღლესთან - ს. მ-სთან, დაიწყო სახლის კარზე ხელების რტყმა და ცდილობდა შიგნით შეღწევას, რა დროსაც ყოფილ მეუღლეს დაემუქრა მისი და დედის - ნ. ბ-ს სიცოცხლის მოსპობით. ს. მ-მ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დ. ო., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა დ. ო-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა (2000 ლარი) განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

დ. ო-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ჩუბინაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, დ. ო-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მოთხოვნას დ. ო-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:

9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა ს. მ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ყოფილი მეუღლის, დ. ო-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რის გამოც სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს მტკიცებულებად და საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მოწმეების - ნ. ბ-ს, ნ. ქ-სა და ს. მ-ს ჩვენებებს, არცერთი ეს პირი არ არის ფაქტის უშუალო თვითმხილველი და ისინი ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისგან გადმოცემით. ამდენად, ვერც ეს მტკიცებულებები ჩაითვლება პირდაპირად, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით არათუ პირდაპირ, ირიბადაც კი არ დასტურდება დ. ო-ს მიერ მუქარის ჩადენის ფაქტი. მითითებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას და იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა დ. ო-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარეს მუქარის დამადასტურებელი სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, შეუძლებელია იმის დადგენა, იყო თუ არა მუქარა რეალური და გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების საუფძვლიანი შიში, რაც განსახილველი დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი