საქმე # 120100121004370704
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№390აპ-22 ქ. თბილისი
ს. გ., 390აპ-22 11 მაისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილის - გიორგი აღლემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილემ - გიორგი აღლემაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. და ზ. ს-ების დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენაში, რადგან მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა - ხ. და ლ. ს-ებმა სასამართლოს არ მისცეს თავიანთი ძმების საწინააღმდეგო ჩვენებები, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით სარწმუნოდ დგინდება გ. და ზ. ს-ების მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ს-ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ს-ს ბრალად დაედო ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
4. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, გ. და ზ. ს-ების მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
4.1. 2021 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, .. ლ. ს-ს საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა გ. ს-მ ურთიერთშელაპარაკებისას, თავის დას - ლ. ს-ს, მისი არასრულწლოვანი შვილის - ლ. გ-ს თანდასწრებით, ხელი ჰკრა, ხოლო წაქცეულს დაახლოებით სამჯერ დაარტყა ფეხი ფერდის არეში. გ. ს-ს ძალადობრივი ქმედების შედეგად ლ. ს-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.2. 2020 წლის 10 მარტს, .. ყოფნისას, გ. ს-მ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, გენდერული სტერეოტიპის გავლენით, რომ მისი და მუდამ უნდა ყოფილიყო ,,ქალის ფორმაში“, არ უნდა ევლო ქალაქში, უნდა ემუშავა მხოლოდ ბოსელსა და ოჯახში, არ უნდა გამოეყენებინა კოსმეტიკა, ყოფით ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხ. ს-ს, მარჯვენა ხელი გაარტყა ტუჩებში, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუსკდა ტუჩი, წამოუვიდა სისხლი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
4.3. 2020 წლის 10 მარტს, ... ყოფნისას, გ. და ზ. ს-ები გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, გენდერული სტერეოტიპის გავლენით, რომ მათი და მუდამ უნდა ყოფილიყო ,,ქალის ფორმაში“, არ უნდა ევლო ქალაქში, უნდა ემუშავა მხოლოდ ბოსელსა და ოჯახში, არ უნდა გამოეყენებინა კოსმეტიკა, მოკვლის მუქარით აიძულებდნენ ხ. ს-ს ყოფილ მეუღლესთან - თ. მ-სთან შერიგებას, მისთვის ყურადღების მიქცევასა და ცოლქმრული ურთიერთობის აღდგენას.
5. გ. ს-ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
6. ზ. ს-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
7. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განაჩენით გ. ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ზ. ს. - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდნენ.
8. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. და ზ. ს-ების დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენაში.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენით ცვლილება შევიდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განაჩენში: გ. ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ზ. ს. - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდნენ; გ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 300 საათით, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჩაეთვალა მოხდილად.
10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
12. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც, თითქოსდა, ქმნიან იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია გ. და ზ. ს-ების დამნაშავეებად ცნობისათვის მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, გ. ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ზ. ს. - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდნენ, ხოლო, მეორე მხრივ, გ. ს-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
13. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანი დაზარალებულის - ლ. გ-სა და მოწმე მ. ფ-ს ჩვენებები და 2021 წლის 9 იანვრის შემაკავებელი ორდერი საფუძვლად დაედო სწორედ გ. ს-ს მიერ 2021 წლის 8 იანვარს ლ. ს-ზე ძალადობაში მსჯავრდებას, მაგრამ ეს სამხილები ხ. ს-ს 2020 წლის 10 მარტის იძულებისა და ძალადობის ეპიზოდებთან მიმართებით არაფრის მთქმელია, ისევე როგორც - ლ. ს-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელზეც ასევე აპელირებს პროკურორი თავის საკასაციო საჩივარში; ყურადსაღებია, რომ დაზარალებულებმა - ლ. და ხ. ს-ებმა და მოწმე მ. ს-მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულებისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ხოლო მოწმე ვ. ფ-მა არ დაადასტურა 2020 წლის 10 მარტს რაიმე დანაშაულზე შესწრების ფაქტი; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: იმ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულმა ხ. ს-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და მისი წინასასამართლო განცხადებების ნამდვილობა ჯვარედინი დაკითხვით არ შემოწმებულა, მხოლოდ 2020 წლის 15 ივნისის განცხადება, რომ 2020 წლის მარტში ძმებმა დაამცირეს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და 2020 წლის 17 ივნისის შემაკავებელი ორდერები, რომელთა თანახმადაც, 2020 წლის 10 მარტს გ. და ზ. ს-ებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს ხ. ს-ზე, ვერაფრით დაედება საფუძვლად ფაქტების უტყუარად დადგენას და ვერ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია გონივრულ ეჭვა მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილის -გიორგი აღლემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი