საქმე # 330100119003170614
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №350აპ-22 ქ. თბილისი
ფ. დ., 350აპ-22 10 მაისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, დ. ფ-ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდებების მიხედვით - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 16 ივლისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2019 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და თავისუფლების აღკვეთის სახით უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი მოტივებით: ის ფაქტი, რომ დ. ფ. და ნ. ჯ. იყვნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის - დაზარალებულისა და მოწმე თ. მ-ს ჩვენებებით. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მიკერძოებული პირები არიან და ისინი ცდილობდნენ, როგორმე მისთვის აერიდებინათ პასუხისმგებლობა; რაც შეეხება ფიზიკური ძალადობის 2019 წლის 17 ივლისის ბრალდების ეპიზოდს, ბრალდების მხარეს ამ ნაწილშიც წარმოდგენილი ჰქონდა იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდებოდა მისი ბრალეულობა, სასამართლომ კი რატომღაც, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური ძალადობის ორივე ეპიზოდში მსგავსი სტანდარტის მტკიცებულებები არსებობდა, დ. ფ. ერთ ეპიზოდში გაამართლა, ხოლო მეორეში - დამნაშავედ ცნო; გარდა ამისა, ბრალდების მხარეს დ. ფ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი, მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათიდან გამომდინარე, ზედმეტად ლმობიერად მიაჩნია.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ფ-ს ბრალად ედება: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი - 2019 წლის 16 და 17 ივლისის ეპიზოდები); ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 16 ივლისის ეპიზოდი).
დ. ფ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 16 ივლისს, .. დ. ფ-მ მასთან მუდმივად მცხოვრებ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ჯ-ზე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ: თმა მოქაჩა, სხეულზე მუშტი რამდენჯერმე დაარტყა და ფეხი ჩაარტყა მუცელში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2019 წლის 17 ივლისს, .. მომხდარი შელაპარაკებისას, დ. ფ-მ ნ. ჯ-ს ხელი უბიძგა და დააგორა კიბეზე, რის შედეგადაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
- 2019 წლის 19 ივლისს, .. დ. ფ. ნ. ჯ-ს პირადად დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, ხოლო 2019 წლის 20 ივლისს - დ. ფ-მ იმავე შინაარსის მუქარა ჩაიდინა ინტერნეტის საშუალებით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან წინა დღეებში დ. ფ-მ მასზე უკვე არაერთხელ იძალადა ფიზიკურად, ასევე - 20 ივლისს ცდილობდა მასთან სახლში შესვლას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენით დ. ფ., - დაბადებული .. წელს, - გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
დ. ფ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2019 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2019 წლის 16 ივლისის ეპიზოდი).
დ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით.
დ. ფ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.
დ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 საათით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შთანთქმით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დ. ფ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით. იმავე კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით (2019 წლის 28 ივლისიდან - 2019 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით), მსჯავრდებულ დ. ფ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 85 საათით.
დ. ფ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული უძრავი ქონების, 2957.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით ), მდებარე: .. 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების პროპორციულ წილს.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, დ. ფ-ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით.
- დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. ფ-ს უდანაშაულოდ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მსჯავრდებულ დ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენში:
დ. ფ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
დ. ფ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2019 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2019 წლის 16 ივლისის ეპიზოდი).
დ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 180 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
დ. ფ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.
დ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 საათით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დ. ფ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით (2019 წლის 28 ივლისიდან - 2019 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით), მსჯავრდებულ დ. ფ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 საათით.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ დ. ფ-ს წარდგენილი ბრალდებების მიხედვით დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ:
9. საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ დ. ფ-ს და ნ. ჯ-ს ჰქონდათ ოჯახი, ან მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემული ფაქტის დამადასტურებლად ბრალდების მხარეს მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულის განმარტება, რომ დ. ფ. დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში მასთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნებული თ. მ-ს გამოკითხვის ოქმი, რომელიც ასევე ადასტურებდა ნ. ჯ-სა და დ. ფ-ს თანაცხოვრების ფაქტს, მაგრამ აღნიშნულ მტკიცებულებებს უპირისპირდება დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც, თავის მხრივ, უარყოფენ მათ არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნისა და თანაცხოვრების ფაქტს. მხოლოდ დაზარალებულისა და მოწმის გამოქვეყნებული ჩვენება, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარის მოწმეები უარყოფენ ამ ფაქტს, ხოლო ბრალდების მხარემ მოწმის სახით არ დაკითხა ის პირები (მაგალითად, დაზარალებულ ნ. ჯ-ს არასრულწლოვანი შვილი, რომელიც, დაზარალებულის განმარტებით, მასთან და დ. ფ-სთან ერთად ცხოვრობდა), რომელთაც უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია მოცემულ საკითხთან მიმართებით, ვერ მიიჩნევა მითითებული ფაქტის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობად.
10. საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში, განსხვავებით ბრალდების - 2019 წლის 16 ივლისის ეპიზოდისა, არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: ფიზიკური ძალადობის - 2019 წლის 17 ივლისის ეპიზოდისაგან განსხვავებით, 2019 წლის 16 ივლისისა და მუქარის - 2019 წლის 19 ივლისის ბრალდების ეპიზოდებში ბრალდების მხარეს დაზარალებულ ნ. ჯ-ს ჩვენების გარდა, წარმოდგენილი ჰქონდა ასევე სხვა მტკიცებულებებიც, მათ შორის - მოწმე თ. მ-ს გამოქვეყნებული ჩვენება, რომელშიც მოწმე განმარტავს, რომ 2019 წლის 16 ივლისს უშუალოდ შეესწრო დ. ფ-ს მხრიდან ნ. ჯ-ზე ფიზიკური ძალადობის, ხოლო 2019 წლის 19 ივლისს - მუქარის ფაქტებს. 2019 წლის 16 ივლისის ეპიზოდთან მიმართებით ასევე საგულისხმოა დაზარალებულ ნ. ჯ-ს განცხადება, რომლითაც მან მიმართა გამოძიებას და დ. ფ-ს მიმართ 2019 წლის 29 ივლისს გაცემული შემაკავებელი ორდერი, თანდართული ოქმით, რომლებშიც მითითებულია მხოლოდ 2019 წლის 16 ივლისს დ. ფ-ს მიერ ნ. ჯ-ზე ჩადენილ ფიზიკურ ძალადობაზე და ამ დოკუმენტებში არაფერია გადმოცემული იმავე წლის 17 ივლისის ძალადობის ეპიზოდთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის განმარტება, რომ სასამართლომ რატომღაც, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური ძალადობის ორივე ეპიზოდში მსგავსი სტანდარტის მტკიცებულებები არსებობდა, დ. ფ. ერთ ეპიზოდში გაამართლა, ხოლო მეორეში - დამნაშავედ ცნო, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ფიზიკური ძალადობის - 2019 წლის 17 ივლისის ეპიზოდთან მიმართებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
11. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ, სრულად გაითვალისწინა დ. ფ-ს ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა, ქმედებების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, აგრეთვე ის გარემოება, რომ დაკითხვისას დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა და მსჯავრდებულს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც ბრალად შერაცხული ქმედებების სანქციის ფარგლებშია, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს სასჯელის დამძიმება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი