საქმე # 150100120004035907
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №409აპ-22 ქ. თბილისი
ჰ. ს., 409აპ-22 10 მაისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ჰ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი მოტივებით: ბრალდების მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკნანონოა, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და ჩვენება არ მისცა საკუთარი ახლო ნათესავის - ს. ჰ-ს წინააღმდეგ, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა სხვა პირდაპირ და ირიბ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის - მოწმეთა ჩვენებები, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდებოდა ს. ჰ-ს ბრალეულობა მის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებში, ხოლო აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლომ არაჯეროვნად შეაფასა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. ჰ-ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით; მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
ს. ჰ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:
- ს. ჰ., რომელიც დაქორწინებული იყო ნ. ჰ-ზე, ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში - 2019 წლის მარტიდან მოყოლებული 2020 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, ალკოჰოლის ხშირ მოხმარებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე, სისტემატურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა თავის მეუღლეს - ნ. ჰ-ს, კერძოდ: 2020 წლის 10 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, .. მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, მათ შორის: ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით, სისტემატურად, ყოველდღიურად სცემდა მას, ასევე - ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილას დარტყმებით, ქვის ჩარტყმით, პლასტმასის ბოთლის თავში ჩარტყმითა და სხვა ძალადობრივი მეთოდებით აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ზემოაღნიშნული სისტემატური ძალადობრივი ქმედებების შედეგად ნ. ჰ-მა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
- ს. ჰ. ალკოჰოლის ხშირ მოხმარებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე, სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე - ნ. ჰ-ზე და ყოველდღიურად სცემდა მას, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, დახრჩობით, ყელის გამოჭრით და ა. შ., რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში და იმის გამო, რომ ნასვამ ს. ჰ-ს იგი მართლა არ მოეკლა, იძულებული გახდა, გაქცეულიყო სახლიდან და ღამე თავის დედასთან გაეთია.
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენით ს. ჰ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა ს. ჰ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
გამართლებულ ს. ჰ-ს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ს. ჰ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ს. ჰ-ს ბრალეულობა ბრალად წარდგენილ ქმედებებში და მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები, კერძოდ:
9. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, დაზარალებულმა ნ. ჰ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა მეუღლის, ს. ჰ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რის გამოც სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს მტკიცებულებად და საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.
10. რაც შეეხება მოწმეების - ჰ. ჰ-ს, ხ. ჰ-ს, ვ. ნ-სა და ჯ. ჯ-ს ჩვენებებსა და ექსპერტ მ. ბ-ს ჩვენებას, არცერთი მათგანი არ არის ნ. ჰ-ზე ფიზიკური ძალადობისა თუ მუქარის შემსწრე პირი, ისინი ინფორმაციას ფლობენ ძირითადად დაზარალებულისგან, რის გამოც მათი ჩვენებები ირიბია და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, მართალია, დაზარალებულ ნ. ჰ-ს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მან მეუღლის, ს. ჰ-ს ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, მაგრამ დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული გარემოებები, რომ ს. ჰ. სისტემატურად ძალადობდა მასზე, ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არ დასტურდება დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მან უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო მითითებული ფაქტების დამადასტურებელი სხვა, რაიმე პირდაპირი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი