Facebook Twitter

საქმე # 330100119003111552

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№515აპ.-22 ქ. თბილისი

ა. ზ., 515აპ.-22 13 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ზ. ა-ს ბრალეულობაზე მიუთითებდნენ; კასატორის მტკიცებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე გამართლებულის დის - ნ. ა-ს შეტყობინების საფუძველზე მისულ პოლიციელებს - მ. ძ-სა და გ. ჯ-ს დახვდათ ლ. ა., რომელიც იყო აღელვებული და ძალადობაში ამხელდა ზ. ა-ს; შეტყობინების ავტორმა - ნ. ა-მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არასწორად შეაფასა შემთხვევის დღეს მომხდარი, რომ თითქოს, მისმა ძმამ მიაყენა დაზიანება მამას და შეცდომით დარეკა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ში, თუმცა გამოძიების დროს, გამოკითხვისას მოწმეს არსად უხსენებია, რომ შესაძლოა, მამას წვერის გაპარსვის შედეგად მიეღო ჭრილობა; ნ. ა-მ გამოძიებას წარუდგინა ლ. ა-ს მაისური, რომელსაც აღენიშნებოდა დაზარალებულის სისხლის ლაქები; მ. ძ-სა და გ. ჯ-ს განმარტებებით დადგენილია, რომ ლ. ა-ს სახეზე წვერის გაპარსვის კვალი არ აღენიშნებოდა და არც სააბაზანოში უნახავთ სისხლის ლაქები; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლ. ა-ს აღენიშნებოდა ექსკორიაცია სახეზე და შეშუპება ყურის არეში, რაც ერთობლივად შეფასებისას, ცხადყოფს ლ. ა-ზე ძალადობის ფაქტს.

2. გამართლებულ ზ. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. გ. საკასაციო შესაგებლით ითხოვს, დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ა-ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2019 წლის 14 ივნისს, თბილისში, .. ალკოჰოლით მთვრალმა ზ. ა-მ, ოჯახური კონფლიქტის დროს, ფიზიკურად იძალადა მამაზე - ლ. ა-ზე, რომელსაც ხელები მოუჭირა ყელში და ფრჩხილებით გაკაწრა სახის მარჯვენა მხარეს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანება და ფიზიკური ტკივილი.

4. ზ. ა-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენით ზ. ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და სასამართლომ სრულფასოვნად არ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადგინდა ზ. ა-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან მოწმე ნ. ა-მ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ხმაურის გამო შევიდა სამზარეულოში, სადაც ნახა ლ. ა., რომელსაც ლოყაზე ჭრილობიდან სდიოდა სისხლი და რადგან იმავე ოთახში იმყოფებოდა ნასვამი ზ. ა., არასწორად მიიჩნია, რომ სწორედ მან მიაყენა მამას დაზიანება და დარეკა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ში; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ლ. ა-ს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 2019 წლის 14 ივნისს და სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მას აღენიშნებოდა ექსკორიაცია და შეშუპება მარჯვენა ყურის არეში, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, თუმცა დაზიანების ხანდაზმულობა ვერ დადგინდა, დოკუმენტაციაში დაზიანების არასრული მორფოლოგიური სურათის აღწერილობის გამო, ხოლო თავად ლ. ა-მ პირად შემოწმებაზე უარი განაცხადა; შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში მითითებულია, რომ 2019 წლის 14 ივნისს ზ. ა-მ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა მამაზე - ლ. ა-ზე, კერძოდ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, რომელსაც მარჯვენა ლოყაზე აღენიშნებოდა დაზიანება (ნაფხაჭნების სახით) და სისხლდენის კვალი, მაგრამ შემაკავებელი ორდერი ლ. ა-ს ხელმოწერით არ დაუდასტურებია, ხოლო კითხვაზე: ,,მოძალადემ განახორციელა თუ არა ფიზიკური ძალადობა“, მსხვერპლის პასუხად მითითებულია -„არა“; მოწმეების - მ. ძ-ს, რ. ღ-სა და გ. ჯ-ს განმარტებები, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გაერემოებებთან მიმართებით არის ირიბი, რომელთა სისწორე სასამართლოში არ დაუდასტურებიათ ლ. და ნ. ა-ებს და, შესაბამისად, ისინი ვერაფრით დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; მხოლოდ ტანსაცმლის ამოღების ოქმი და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა, რომელთა ერთობლიობით დგინდება, რომ ნ. ა-საგან ამოღებულ მაისურზე არსებული სისხლის ლაქა ეკუთვნის ლ. ა-ს, ვერ გააქარწყლებს დაზარალებულის დაზიანებების წარმომავლობასთან მიმართებით გაჩენილ ეჭვებს და ვერ გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ 2019 წლის 14 ივნისს ზ. ა-მ ფიზიკურად იძალადა მამაზე.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი