Facebook Twitter

საქმე # 330100121004462397

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №463აპ-22 ქ. თბილისი

ა. ლ., 463აპ-22 1 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ღ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ღ-მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს; კასატორის მტკიცებით, საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ლ. ა-ს ბრალეულობას, გარდა დაზარალებულ დ. ჩ-ს არათანმიმდევრული ჩვენებისა, რომელიც, ერთი მხრივ, არ არის გამყარებული სხვა, ნეიტრალური სამხილებით, ხოლო, მეორე მხრივ, ეწინააღმდეგება შემთხვევის ფარულ აუდიოჩანაწერს; სასამართლომ საეჭვოდ არ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმეები - ნ. ჯ. და ლ. ღ., რომლებიც ლ. ა-სათვის მსჯავრად შერაცხული ქმედების დროს იმყოფებოდნენ დაზარალებულის ბინაში, ხოლო მოწმე გ. ლ. უნდა ყოფილიყო შესაძლო დანაშაულის უშუალო თვითმხილველი; ლ. ა. არ უარყოფს, რომ სიმთვრალის გამო დაძაბული საუბარი მოუხდა დაზარალებულთან, რასაც ნანობს, მაგრამ დ. ჩ-სათვის თანხა არ გამოუძალავს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 ივლისის განაჩენით ლ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 5 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ლ. ა-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 5 წლით.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ა-მა ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით ლ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლითა და 6 თვით, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, ამავე გამოსაცდელი ვადით.

3.2. 2021 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, .. მდებარე დ. ჩ-ს კუთვნილ № ბინაში, ყაჩაღობისთვის ნასამართლევმა ლ. ა-მა დ. ჩ-ს დანა მიაბჯინა ყელზე და მოსთხოვა, ათი დღის ვადაში გადაეცა მისთვის 2500 ლარი. მოგვიანებით, ლ. ა-მა სამზარეულოს ნაჯახის დემონსტრირებით იგივე მოთხოვნა წაუყენა დაზარალებულს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ორივე შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და საცხოვრებელი სახლის გადაწვით, რის შედეგადაც დ. ჩ-ს მიადგა მორალური ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. ა-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ხ-მ, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნია ლ. ა-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. დაზარალებულმა დ. ჩ-მა სასამართლოში ჩვენების მიცემისას თანმიმდევრულად გადმოსცა, როგორ სძალავდა ლ. ა. თანხას ჯერ დანის, შემდეგ კი - ნაჯახის დემონსტრირებით, რომელიც, მსჯავრდებულის მტკიცებით, ციხეში უნდა გაეგზავნა, ხოლო რაიმე დამაჯერებელი მოტივი, რატომ უნდა ემხილა დ. ჩ-ს ესოდენ მძიმე, არჩადენილ დანაშაულში ლ. ა., არც საქმის მასალებით დადგენილა და არც დაცვის მხარეს მიუთითებია თავის საკასაციო საჩივარში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩვენება სარწმუნო და დამაჯერებელია, რადგან დასტურდება საქმეში არსებული სხვა არაერთი მტკიცებულებით, კერძოდ: დ. ჩ-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ აუდიოჩანაწერში, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ნათლად ისმის ლ. ა-ს ხმა, რომელიც დ. ჩ-საგან კატეგორიულად მოითხოვს ტელეფონის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრება, რომ ,,სახეს ააძრობს“ და ,,თავს მოაწყვიტავს“. ასევე მკაფიოდ ისმის დ. ჩ-ს ხმა: ,, ნუ მიღერებ დანასო“, რაზეც ლ. ა. პასუხობს, რომ ,,არ უღერებს, დანა უბრალოდ უკან უჭირავს“. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩანაწერის მოსმენისას შეუძლებელია საუბრის იმგვარად გაგება, როგორც ამას დაცვის მხარე წარმოაჩენს, რომ, თითქოსდა, ლ. ა-ს სიმთვრალის გამო მხოლოდ დაძაბული საუბარი მოუხდა დ. ჩ-თან, რადგან ცალსახაა, რომ მსჯავრდებული არის უკიდურესად აგრესიული, ემუქრება და ძალადობს დაზარალებულზე. ლ. ა. საუბარში იმეორებს, რომ თავად არის ,,ძველი ბიჭიც“, ,,კაი ბიჭიც“, ,,ქურდიც“ და ,,მომავალი ქურდიც“ და არწმუნებს დაზარალებულს, რომ ,,ეკუთვნის“ ის, რაც მის თავს ხდება. აღსანიშნავია, რომ არც დაცვის მხარე უარყოფს და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითაც უტყუარად დადგენილია, რომ აუდიოჩანაწერებში, რომლებიც ასახავს შემთხვევის ადგილზე არსებულ ვითარებას, დაზარალებულს სწორედ ლ. ა. ესაუბრება. მნიშვნელოვანია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, დაზარალებულ დ. ჩ-ს მითითებით, სამართალდამცავებმა ამოიღეს დანა და ნაჯახი, ხოლო ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა როგორც, დანის პირსა და ტარზე, ასევე - ნაჯახის პირსა და ტარზე, რომელთა დემონსტრირებითაც ემუქრებოდა მსჯავრდებული დაზარალებულს, ლ. ა-ს გენეტიკური კვალის არსებობა, რაც მტკიცებულებების შეფასების დროს, ამ სამხილის უპირობოდ ძალიან მაღალი ფასის გათვალისწინებით, მეტ დამაჯერებლობას მატებს დაზარალებულის განმარტებებს. მოწმეებმა - გ. ჯ-მა, ლ. ნ-მა, ც. მ-მ და ა. გ-მ დაადასტურეს, რომ შემთხვევის დღეს ლ. ა., დ. ჩ. და გ. ლ. ნამდვილად განმარტოვდნენ დაზარალებულის სამზარეულოში, სადაც, დაზარალებულის ჩვენებით სძალავდა მას თანხას ლ. ა. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან მოწმეთა ნაწილის მოხსნასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა ვერაფრით შეფასდება დაცვის სასარგებლო მოცემულობად, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით. მხარეებს ჰქონდათ თანასწორი შესაძლებლობა, მოეპოვებინათ და წარმოედგინათ მტკიცებულებები, გამოეთქვათ საკუთარი და გაექარწყლებინათ საპირისპირო მხარის მოსაზრებები, ჰქონოდათ პოზიციები როგორც თავისი, ისე - მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ სამხილებსა და საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებთან მიმართებით. დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე, დასაკითხ პირთა სიაში შეეყვანა ის მოწმეები, რომელთა ჩვენებებიც, დაცვის მტკიცებით, ხელს შეუწყობდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის №920აპ-21 განჩინება, პუნქტი 13). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ა-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კანონიერია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობები არ იკვეთება.

9. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ღ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი