საქმე # 080100119002894925
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№254აპ.-22 ქ. თბილისი
გ. მ., 254აპ.-22 13 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - მ. გ-ს, შ. ფ-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ჭ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - მ. გ-მ, შ. ფ-მ და მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ჭ-მა, რომლებიც ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას; კასატორთა მტკიცებით, სასამართლომ ცალმხრივად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ყურადღება მიაქცია მხოლოდ მ. გ-სა და შ. ფ-ს გამამტყუნებელ მტკიცებულებებს და უგულებელყო ის სამხილები, რომლებიც მათ უდანაშაულობაზე მიუთითებდნენ; გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო მოწმე თ. ს-ს არადამაჯერებელი ჩვენება, რომელიც განსხვავდება მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციისაგან და ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მოწმეების - თ. ხ-ს, თ. ე-ს, გ. ე-ს, მ. გ-სა და შ. ფ-ს ჩვენებებსა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების შინაარსს; საქმის მასალებით არ იკვეთება, სად და რა პირობებში ინახებოდა საქმის მთავარი მტკიცებულება - ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც დათვალიერების შემდეგ არ დალურქულა და არ არის უგულებელყოფილი ეჭვი მისი ნიშან-თვისებების არსებითად შეცვლის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც, დაუშვებელია როგორც ეს მტკიცებულება, ასევე - მის საფუძველზე მოპოვებული - ავტომანქანის დათვალიერების ოქმი და სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები; საქმეში არსებული არცერთი სამხილით არ დგინდება, რომ ავტომანქანის ტექნიკური ინსპექტირების დასკვნას სწორედ შ. ფ-მ მოაწერა ხელი, რადგან საქმეზე კალიგრაფიული ექსპერტიზა არ ჩატარებულა და, მითუფრო, გაუგებარია, როგორ დაამზადა ყალბი დასკვნა მ. გ-მ, რომელსაც ინსპექტირების ანგარიშთან არანაირი კავშირი არ ჰქონია; სასამართლოებმა უპირობოდ გაიზიარეს ბრალდების მხარის ვერსია, რომ ინსპექტირებული ავტომანქანების რაოდენობა ინსპექტორების ხელფასებზე აისახებოდა, მაშინ, როდესაც დადასტურებულია, რომ მათ ფიქსირებული ხელფასები ერიცხებოდათ, ხოლო სახელფასო ამონაწერებით მათთვის სხვადასხვა თანხის დარიცხვა დაკავშირებულია თვიურად, სამუშაო დღეების განსხვავებულ რაოდენობაზე და არა - ინსპექტირებულ ავტომანქანებზე.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, მ. გ-სა და შ. ფ-ს ბრალად დაედოთ: კომერციული მოსყიდვა ე.ი. იმ პირის მიერ, რომელიც საწარმოში ახორციელებს სპეციალურ უფლებამოსილებას და რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში, პირდაპირ და არაპირდაპირ, თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულისა და სხვა არამართლზომიერი უპირატესობის მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით სხვა პირის ინტერესებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ. ქ-ში, ... მდებარეობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელიც ფუნქციონირებს შპს „ჯ-ს“ (ს/ნ ) სახელით. სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს -აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 10 აპრილის № განკარგულებით შპს „ჯ-ზე“, როგორც ,,A“ ტიპის ინსპექტირების ორგანოზე, გაიცა № აკრედიტაციის მოწმობა, რომლითაც შპს „ჯ-ს“ აკრედიტაციის სფეროდ განისაზღვრა: M1, M2, M3, N1, N2, N4 და O4 ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისიანობაზე ტესტირების ჩატარება, „ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის № დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით.
2015 წლის 1 თებერვალს შპს „ჯ-ს“ დირექტორს, ე. ე-სა და შ. ფ-ს (პ/ნ ) შორის გაფორმებული შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შ. ფ. დასაქმდა შპს „ჯ-ში“, ინსპექტორის თანამდებობაზე. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტის თანახმად, შ. ფ. ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულოს კეთილსინდისიერად, დროულად და მაღალ პროფესიულ დონეზე, ხოლო 2.1.3 პუნქტის მიხედვით, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებელს ან მესამე პირს.
შპს „ჯ-ს“ დირექტორს, ე. ე-სა და მ. გ-ს (პ/ნ ) შორის 2017 წლის 1 აპრილს გაფორმებული შრომითი კონტრაქტის საფუძველზე მ. გ. დასაქმდა შპს „ჯ-ში“, ინსპექტორის თანამდებობაზე. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტის თანახმად, მ. გ. ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულოს კეთილსინდისიერად, დროულად და მაღალ პროფესიულ დონეზე, ხოლო 2.1.3 პუნქტის მიხედვით, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებელს ან მესამე პირს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 7 სექტემბრის ექსპერტიზის № დასკვნით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი „მერსედეს-ბენცის“ მარკის „308 D“ მოდელის (სახელმწიფო სანომრე ნიშნით ) ავტომობილი, რომელსაც 2018 წლის 7 სექტემბერს შპს „ჯ-ში“ უნდა გაევლო ტექნიკური დათვალიერება, ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბერის №… დადგენილებით განსაზღვრულ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, კერძოდ, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ბ. ბ), ზ) ქვეპუნქტებისა და მე-5 პუნქტის ე) და ე.ბ) ქვეპუნქტების მოთხოვნებს: ავტომობილზე არ ანათებდა წინა მარცხენა მაშუქის გაბარიტის ნათურა, დაზიანებული ჰქონდა წინა მოხვევის მაჩვენებელი მაშუქი, უკანა ღერძის მარჯვენა თვლის ერთ-ერთი ხრახნიანი სარჭი იყო ჩაწყვეტილი და საბურავი, ნაცვლად ქარხანა-დამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული ხუთი ქანჩისა, დამონტაჟებული იყო ოთხი ქანჩით.
ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებსა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთო ინსპექტორ-გამომძიებელი თ. ს., რომელმაც 2018 წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, შპს „ჯ-ში“ ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისიანობაზე შემოწმების მიზნით, მიიყვანა შპს „ “ სახელზე რეგისტრირებული, „მერსედეს-ბენცის“ მარკის „308 D“ მოდელის (სახელმწიფო სანომრე ნიშნით ) ავტომობილი, რომელიც ტექნიკურად დაათვალიერეს შპს „ჯ-ს“ ტესტირების ცენტრის ინსპექტორებმა - მ. გ-მ და შ. ფ-მ. მას შემდეგ, რაც ავტომობილის ტექნიკური დათვალიერებისას მ. გ. და შ. ფ. დარწმუნდნენ, რომ ავტომობილი ვერ აკმაყოფილებდა გზისთვის ვარგისიანობის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მატერიალური გამორჩენის მიზნით, კერძოდ, რომ არ დაეკარგათ კლიენტი და შესაბამისად, კომპანიას მიეღო მეტი შემოსავალი, რომელიც შემდეგ აისახებოდა მათ ხელფასებზე (ოფიციალურად გადახდილი - 60 ლარი აისახებოდა შპს ,,ჯ-ს“ ანგარიშზე), განზრახ, თავიანთი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევითა და „ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ 2017 წლის 1 დეკემბრის №… დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა იგნორირებით, ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას არ მიუთითეს თ. ს-ს მიერ წარდგენილ ავტომობილზე არსებული და ხილული დაზიანებების შესახებ და შეადგინეს 2018 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული, ყალბი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების № ანგარიში, სადაც ინსპექტირების შედეგში მიუთითეს, რომ „მერსედეს-ბენცის“ მარკის „308 D“ მოდელის (სახელმწიფო სანომრე ნიშნით ) ავტომობილი იყო გამართული. დასკვნას ხელი მოაწერა შპს „ჯ-ს“ ინსპექტორმა შ. ფ-მ. მ. გ-სა და შ. ფ-ს ქმედებამ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რადგან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 სექტემბრის ექსპერტიზის № დასკვნით დადგინდა, რომ 2018 წლის 7 სექტემბერს ქ. ქუთაისში, .. მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი „მერსედეს-ბენცის“ მარკის „308 D“ მოდელის (სახელმწიფო სანომრე ნიშნით ) ავტომობილი, რომელმაც 2018 წლის 7 სექტემბერს შპს „ჯ-ში“ გაიარა ტექნიკური დათვალიერება, ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბერის №… დადგენილებით განსაზღვრულ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, კერძოდ, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ბ. ბ), ზ) ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის ე) და ე.ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნებს: ავტომობილზე არ ანათებდა წინა მარცხენა მაშუქის გაბარიტის ნათურა, დაზიანებული ჰქონდა წინა მოხვევის მაჩვენებელი მაშუქი, უკანა ღერძის მარჯვენა თვლის ერთ-ერთი ხრახნიანი სარჭი იყო ჩაწყვეტილი და საბურავი, ნაცვლად ქარხანა-დამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული ხუთი ქანჩისა, დამონტაჟებული იყო ოთხი ქანჩით.
3. მ. გ-სა და შ. ფ-ს წარედგინათ ბრალდებები: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენით:
4.1. მ. გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე; მ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 10000 ლარი; მასვე ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება - 2 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 7 000 ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ. გ-ს საბოლოოდ მიესაჯა - ჯარიმა 10000 ლარი; მასვე ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება - 2 წლით.
4.2. შ. ფ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე; შ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 10000 ლარი; მასვე ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება - 2 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 7 000 ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შ. ფ-ს საბოლოოდ მიესაჯა - ჯარიმა 10000 ლარი; მასვე ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება - 2 წლით.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ-მ და შ. ფ-მ ჩაიდინეს: კომერციული მოსყიდვა ე.ი. იმ პირის მიერ, რომელიც საწარმოში ახორციელებს სპეციალურ უფლებამოსილებას და რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში, პირდაპირ და არაპირდაპირ, თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულისა და სხვა არამართლზომიერი უპირატესობის მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით სხვა პირის ინტერესებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულებმა - მ. გ-მ, შ. ფ-მ და მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. შ-მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მ. გ-სა და შ. ფ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო, მეორე მხრივ, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა დიმიტრი ჩაფიჩაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, მ. გ-სა და შ. ფ-ს დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მათთვის მკაცრი სასჯელების განსაზღვრას.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულთა ქმედებებს არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა მ. გ-სა და შ. ფ-ს მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: მოწმეების - თ. ს-ს, მ. ფ-ს, თ. ხ-სა და თ. ე-ს ჩვენებებიდან, ამოღებისა და დათვალიერების ოქმებიდან, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებიდან, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებიდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორების სხვა საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - მ. გ-ს, შ. ფ-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ჭ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი