საქმე # 330100121004426635
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №547აპ-22 ქ. თბილისი
დ. გ., 547აპ-22 21 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ზურაბ ბენდელიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ზურაბ ბენდელიანმა. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და გ. დ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი არგუმენტებით: გ. დ. წარსულში ნასამართლევია სხვადასხვა, მათ შორის - მძიმე კატეგორიის დანაშაულებისათვის, რაც მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ იგი მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისკენ, მოცემული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის პირობებში კი სასჯელის მიზნები სათანადოდ ვერ იქნება მიღწეული.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით გ. დ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გაუქმდა მსჯავრდებულ გ. დ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
მსჯავრდებულ გ. დ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო მოცემულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების დღიდან -2021 წლის 30 იანვრიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. დ-ს ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით გ. დ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით და სასჯელის მოსახდელად განთავსდა N.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
2020 წლის 3 აპრილიდან - 19 აპრილამდე დროის მონაკვეთში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულებიდან დამყარებული სატელეფონო კომუნიკაციის დროს, გ. დ. სისტემატურად ემუქრებოდა ყოფილ მეუღლეს - ნ. ო-ს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. დ-ს ადვოკატმა, დ. თ-მ, რომელმაც საჩივრით მოითხოვა გ. დ-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა დ. თ-მ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ: მოითხოვა გ. დ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო ალტერნატივის სახით - შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ გ. დ-ს ადვოკატის - დ. თ-ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
გ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ცნობად იქნა მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ. დ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ გ. დ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო მოცემულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების დღიდან - 2021 წლის 30 იანვრიდან.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. დ-სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა სასჯელის განსაზღვრის ზოგადსავალდებული გარემოებები, კერძოდ: მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (წარსული ნასამართლობა და მის ქმედებაში დანაშაულის რეციდივის არსებობა), მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი, ასევე მსჯავრდებულისა და მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა (გ. დ-ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, ხოლო დედამისს აქვს მძიმე ონკოლოგიური დაავადება), რის შესაბამისადაც, მსჯავრდებულს შეუფარდა მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს სასჯელის დამძიმება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ზურაბ ბენდელიანის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი