საქმე # 340100121004938280
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №456აპ-22 ქ. თბილისი
ზ. თ., 456აპ-22 1 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ტ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ზ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ტ-მა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ თ. ზ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი საფუძვლებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება თ. ზ-ს ბრალეულობა; სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა დაინტერესებული პირის, დაზარალებულ ხ. ბ-ს ჩვენება, რომელიც ცრუობს და თ. ზ-ს აბრალებს დანაშაულის ჩადენას და ასევე დაინტერესებული მოწმეების - თ. ბ-სა და კ. ქ-ს ჩვენებები, მაშინ, როდესაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ძალადობის ფაქტი, მათ შორის - ვიდეოჩანაწერით, რომელშიც ასახულია, თუ როგორ აყენებს დაზარალებული 2021 წლის 30 ივნისს თ. ზ-ს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ესვრის ყვავილების ქოთანს.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენით თ. ზ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით და განაჩენთა ერთობლიობით თ. ზ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
თ. ზ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 2 ივლისიდან.
გაუქმდა თ. ზ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ზ-მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, .. თავის საცხოვრებელ ბინაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განაჩენით ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა თ. ზ-მა, ურთიერთშელაპარაკებისას, სახეში სამჯერ გაარტყა ხელი მეუღლეს - ხ. ბ-ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ზ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ტ-მა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს თ. ზ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს დაზარალებულ ხ. ბ-ს პირდაპირი ჩვენება, რომლითაც დგინდება, რომ 2021 წლის 1 ივლისს, დაახლოებით პირველ საათზე, მასა და თ. ზ-ს შორის მოხდა კამათი, რის შემდეგაც თ-მა სცემა, კერძოდ, ყელში ხელი მოუჭირა და ახრჩობდა, მაგიდას კეფა მიარტყმევინა, წიხლი უნდა დაერტყა, მაგრამ მისმა დისშვილმა - კ. ქ-მა არ მისცა ამის საშუალება.
9. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ბრალდების მხარეს ასევე წარმოდგენილი აქვს ორი პირდაპირი მოწმის, შემთხვევის უშუალო შემსწრე პირების - კ. ქ-სა და თ. ბ-ს ჩვენებები, რომლებიც ასევე ცალსახად ადასტურებენ მეუღლეებს შორის კონფლიქტსა და თ. ზ-ს მიერ დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, რაც დამატებით ასევე დადასტურებულია დაზარალებულ ხ. ბ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, დაზარალებულს მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის არეში აღენიშნება ხაზოვანი ნაჭდევი. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის, ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
10. ამასთან, დაზარალებულისა და მითითებულ მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა არ იკვეთება, ასევე არ იკვეთება მათი დაინტერესება, რომ მსჯავრდებულისათვის დაებრალებინათ დანაშაულის ჩადენა, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლოს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რომ არ გაიზიაროს და საეჭვოდ მიიჩნიოს ეს ჩვენებები.
11. აღსანიშნავია ისიც, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განაჩენით თ. ზ. ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ხ. ბ-სა და არასრულწლოვანი გერის - მ. მ-ს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტებზე.
12. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს: მოწმეები - მ. ზ. და დ. ზ. არ არიან მომხდარი ფაქტის უშუალო თვითმხილველი პირები და ისინი გადმოსცემენ მხოლოდ ზოგად ინფორმაციას თ. ზ-სა და დაზარალებულ ხ. ბ-ს შორის არსებულ დაძაბულ და კონფლიქტურ ურთიერთობასთან მიმართებით, ხოლო 2021 წლის 30 ივნისის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ჩაწერილია თ. ზ-ს მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებამდე - 2021 წლის 1 ივლისამდე, ბუნებრივია, ვერ გამორიცხავს მის მიერ 1 ივლისს დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ტ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი