საქმე # 180100121005124950
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №565აპ-22 ქ. თბილისი
მ. ნ., 565აპ-22 21 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გვანცა ტაბატაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გვანცა ტაბატაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ნ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი მოტივებით: ბრალდების მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა და თვითმხილველმა მოწმემ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და ჩვენება არ მისცეს ნ. მ-ს წინააღმდეგ, მისი ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: დანაშაულის შესახებ დაზარალებულის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით, გამომძიებელთა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჩვენებებითა და სხვა მტკიცებულებებით.
2. გამართლებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ნ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან, მისი აზრით, იგი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. მ-მა ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ.
ნ. მ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:
- 2021 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 14.00 საათზე, .. მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მთვრალი ნ. მ. გაბრაზდა, გახდა აგრესიული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამის - ვ. მ-ს მიმართ, რადგან იგი სთხოვდა, აღარ დაელია ალკოჰოლური სასმელი და დაეძინა, რის გამოც ნ. მ-მა სახის არეში ერთხელ დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტუჩის არეში მიიღო დაზიანება.
- 2021 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 14.00 საათზე, .. მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მთვრალი ნ. მ. გაბრაზდა, გახდა აგრესიული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამის - ვ. მ-ს მიმართ, რადგან იგი სთხოვდა, აღარ დაელია ალკოჰოლური სასმელი და დაეძინა, რის გამოც ნ. მ. დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა რომ „დაახრჩობდა და მოკლავდა“, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 თებერვლის განაჩენით ნ. მ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა ნ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ნ. მ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გვანცა ტაბატაძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ნ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ნ. მ-ს ბრალეულობა ბრალად წარდგენილ ქმედებებში და მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები, კერძოდ:
10. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, გამართლებულის ახლო ნათესავებმა - დაზარალებულმა ვ. მ-მა (ნ. მ-ს მამამ) და მოწმე მ. წ-მა (ნ. მ-ს დედამ) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს ნ. მ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რის გამოც სასამართლო მათ მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
11. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ შემთხვევის უშუალო შემსწრე პირებმა, პირდაპირმა მოწმეებმა - დაზარალებულმა ვ. მ-მა და მოწმე მ. წ-მა უარი განაცხადეს სასამართლოში ჩვენების მიცემაზე ოჯახის წევრის - ნ. მ-ს წინააღმდეგ, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, დანაშაულის ჩადენის შესახებ დაზარალებულის განცხადება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების - ი. ფ-ს, ლ. ღ-ს, ვ. შ-სა და თ. გ-ს ჩვენებები ირიბი მტკიცებულებებია, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს ნ. მ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ორივე ეპიზოდში.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გვანცა ტაბატაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი