საქმე # 060100121005044149
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №480აპ.-22 ქ. თბილისი
რ. ბ., 480აპ.-22 13 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის შეცვლას, ბ. რ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; მართალია, დაზარალებულმა მ. რ-მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა თავისი ძმის მამხილებელი ჩვენება, მაგრამ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების - ნ. და ს. ბ-ების გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულის შეტყობინებით, საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურებდა ბ. რ-ს ბრალეულობა.
2. გამართლებულ ბ. რ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. კ. საკასაციო შესაგებლით ითხოვს, დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. რ-ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. ბ. რ-მ 2021 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 10:00 საათზე, .. მდებარე საცხოვრებელ სახლში, თავის დას - მ. რ-ს კეფის არეში ძლიერად დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. ბ. რ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ბ. რ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
6. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის შეცვლასა და ბ. რ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც, თითქოსდა, ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა ბ. რ-ს ბრალეულობა, კერძოდ, დაზარალებულმა მ. რ-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციისა და ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო აღნეშნავს: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მ. რ-ს სხეულზე მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღინიშნებოდა; არასრულწლოვანი მოწმეების - ნ. და ს. ბ-ების გამოკითხვის ოქმებით დასტურდება მხოლოდ ის, რომ მათ დედას - მ. რ-ს კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა თავის ძმასა და რძალთან, რომლებიც შემთხვევის დღეს ხმამაღლა უყვიროდნენ დაზარალებულს; რაც შეეხება დაზარალებულის შეტყობინებისა და შემაკავებელი ორდერის ოქმებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: იმ მოცემულობის მხედველობაში მიღებით, რომ მ. რ-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, შეუძლებელია პირის მსჯავრდება მხოლოდ ამ მტკიცებულებების საფუძველზე, როდესაც შეტყობინების ავტორის განცხადებების უტყუარობა ჯვარედინი დაკითხვით არ შემოწმებულა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა, რომ ბ. რ-მ თავის დაზე იძალადა.
11. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი