Facebook Twitter

საქმე # 330100120004117908

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№425აპ.-22 ქ. თბილისი

ც. ლ., 425აპ.-22 20 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ც-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-მა, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ლ. ც-ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, კერძოდ, ლ. ც-ს შერაცხული ქმედება სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით არ ჩაუდენია, ასევე - არ ჰქონია ბ. მ-ს მოპედის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, არამედ სურდა, სანაცვლოდ დაზარალებულს შეეკეთებინა მისი მოტოციკლი და საბოლოოდ, თავისი ნებით დაუბრუნა მოპედი მესაკუთრეს, რისი მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია თვითნებობის და არა - ყაჩაღობის შემადგენლობა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენით ლ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 8 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ლ. ც-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 8 წლით.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ც-მა ჩაიდინა: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის; სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 იანვრის განაჩენით ლ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

3.2. 2020 წლის 11 ოქტომბერს, დილის საათებში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ლ. ც. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხა ბ. მ-ს და იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა 3500 ლარად ღირებული „AGM-ის“ ფირმის მოპედის გადაცემა, რომელსაც დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

3.3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 იანვრის განაჩენით ლ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

3.4. 2020 წლის 12 ოქტომბერს, 21:50 საათიდან 23:55 საათამდე პერიოდში, .. მდებარე სარდაფში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს: 7 ცალი, ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრიანი ვაზნა; 1 ცალი, ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრიანი ვაზნა; 1 ცალი, კუსტარული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალურ კალიბრიანი ვაზნა, დამუხტული 6 მმ დიამეტრის ერთი ჭურვით; 16 ცალი, ქარხნული წესით დამზადებული, 5,6X26 მმ (MAGNUM) კალიბრიანი რგოლური აალების ვაზნა, რომლებიც ლ. ც-მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ ლ. ც-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-მა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, ლ. ც-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას, ხოლო, მეორე მხრივ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, რომელიც ითხოვდა ლ. ც-სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება: ლ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 9 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ლ. ც-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 9 წლით.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან, ერთი მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დგინდება ლ. ც-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: დაზარალებულ ბ. მ-ს, მოწმეების - დ. ი-სა და თ. გ-ს ჩვენებებიდან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ამოღებისა და ამოცნობის ოქმებიდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას წარდგენილი კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად განმარტა, რატომ შეუფარდა ლ. ც-ს სასჯელი რეციდივის წესის გამოყენებით, კერძოდ: საქმის მასალებით დგინდება, რომ ლ. ც. ნასამართლევია, როგორც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქცია 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქცია 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რამაც განაპირობა მისი ქმედებების დაკვალიფიცირება, როგორც არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ასევე - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 37811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენის დროს - 2020 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 37811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მისი ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა, რისი მხედველობაში მიღებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული დანაწესის (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამკაცრა ლ. ც-ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელის მინიმალური ზომა.

9. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს დანაშაულის სადავოდ გამხდარ კვალიფიკაციასთან მიმართებით და კვლავაც იმეორებს, რომ თვითნებობისას პირი, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, ახორციელებს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. თავისად დაგულებულად მიიჩნევა ისეთი უფლება, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას უფლება აქვს, ისარგებლოს ან არ ისარგებლოს კონკრეტული უფლებით. თუ პირმა იცის, რომ უფლება, რომელსაც ის ახორციელებს, მას არ ეკუთვნის, თვითნებობის შემადგენლობა გამოირიცხება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის #531აპ.-17 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 13). ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, როდესაც სარწმუნოდ დადგენილია, რომ ლ. ც-მა ცალსახად იცოდა, რომ მას არ ჰქონდა ბ. მ-ს მოპედის ფლობისა და სარგებლობის უფლება, ვინაიდან მისთვის ასეთი უფლება არავის მიუცია და არც რაიმე გარემოება უქმნიდა ამის ვარაუდის წინაპირობას და, მიუხედავად ამისა, იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით დაესხა თავს ბ. მ-ს და მიისაკუთრა მისი მოპედი, მსჯავრდებულის ქმედებაში ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილია არა თვითნებობის, არამედ - ყაჩაღობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშნები და, შესაბამისად, ლ. ც-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, ისევე, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, არის კანონიერი.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი