საქმე # 330100120004152049
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №494აპ-22 ქ. თბილისი
ჭ. ბ., 494აპ-22 21 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ჭ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. გ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ბ. ჭ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ ბ. ჭ-ს მხრიდან დანაშაულის აღიარება და ბრალდების მხარის მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა განაპირობა ბრალდების მხარის ტყუილმა, რომ ასეთ შემთხვევაში მასთან გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება, რაც არ შესრულდა, რის გამოც ეს მტკიცებულებები არ არის დასაშვები და უტყუარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენით ბ. ჭ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.
გაუქმდა ბ. ჭ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ბ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 11 ოქტომბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ჭ-მა ჩაიდინა ყაჩაღობა - ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
ბ. ჭ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 06:00 საათზე, ბ. ჭ. „ZORAKIMOD 4918-T” მოდელის აირის პისტოლეტისა და „РГД-5-ის“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის გამოყენებით, თავს დაესხა .. მდებარე შპს „მ. რ. ე-ს“ თანამშრომლებს - დ. კ-სა და ლ. თ-ს. ბ. ჭ. იარაღისა და ხელყუმბარის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით ცდილობდა, დაუფლებოდა შპს „მ. რ. ე-ს“ სალაროში არსებულ, სხვადასხვა ვალუტის კუპიურებს, რომლებმაც ჯამურად შეადგინა - 969 608,7 (ცხრაას სამოცდაცხრა ათას ექვსას რვა და სამოცდაათი) ლარი. დ. კ-მ და ლ. თ-მ წინააღმდეგობა გაუწიეს მას და შეძლეს მისი შეჩერება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ჭ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც. მ-მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ბ. ჭ-სათვის შეფარდებული სასჯელის ერთი მეოთხედის პირობითად ჩათვლა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, მისი პიროვნული მახასიათებლებისა და ქცევის გათვალისწინებით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ. ჭ-ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ, ვინაიდან მხარეთა მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - დ. კ-სა და ლ. თ-ს გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: ნ. ქ-ს, გ. ტ-ს, თ. ბ-ს, ზ. უ-სა და შ. ი-ს გამოკითხვის ოქმებით; ბ. ჭ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; ამოღებული ნივთმტკიცებებით; ბალისტიკური ექსპერტიზის N დასკვნით; პიროტექნიკური ექსპერტიზის № დასკვნითა და სხვა დოკუმენტებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ბ. ჭ-მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
9. უსაფუძვლოა დაცვის მხარის განმარტება, რომ თითქოსდა, ბ. ჭ-ს მხრიდან დანაშაულის აღიარება და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა განაპირობა ბრალდების მხარის ტყუილმა, რომ ასეთ შემთხვევაში მასთან გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო.
10. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში....ამასთან, კონვენციის მე-6 მუხლის არც ტექსტი და არც მისი სულისკვეთება არ უკრძალავს პირს, საკუთარი ნებით ცალსახად, ან მდუმარე თანხმობით უარი განაცხადოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებაზე (იხ.:Hermi v. Italy, no. 18114/02, §73 ECtHR, 18/10/2006; Sejdovic v. Italy, no. 56581/00, § 86, ECtHR 1/03/2006).
11. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მსჯავრდებულ ბ. ჭ-ს უარი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაზე, იყო ცალსახა და არაორაზროვანი, რომლის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია; არ ეწინააღმდეგებოდა რაიმე საჯარო ინტერესს და საქმის არსებითად განხილვისას მოსამართლის განმარტებების პირობებში, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ბ. ჭ-ს ინტერესებს იცავდნენ ადვოკატები, მსჯავრდებულს გონივრულად შეეძლო, განეჭვრიტა თავისი ქმედების (უფლებაზე უარის თქმის) სამართლებრივი შედეგი; ამასთან, ბ. ჭ. დანაშაულს აღიარებდა და ინანიებდა საქმის როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციით განხილვის დროს, ხოლო ბრალდების მხარის მიერ მსჯავრდებულის მოტყუების ან მისთვის უკანონო დაპირების ფაქტი საქმის მასალებით არ იკვეთება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას მტკიცებულებათა დაუშვებლობასა და უტყუარობასთან მიმართებით.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი