საქმე # 330100121004624682
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №462აპ-22 ქ. თბილისი
დ. კ., 462აპ-22 27 მაისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ვ-მა, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა; კასატორის მტკიცებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, კერძოდ: დაზარალებულ ხ. ჯ-ს მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას, მიწოდებული ინფორმაცია არადამაჯერებელი და წინააღმდეგობრივია; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 2 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხ. ჯ-ს სხეულზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანების კვალი არ ეტყობოდა, როდესაც ბრალდების მხარის მოწმეების მითითებით, დაზარალებულს სილურჯეები აღენიშნებოდა; სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა ბრალდების მხარის მოწმეების - ნ. ჯ-ს, ი. ა-სა და ნ. ჯ-ს ირიბი ჩვენებები, რომლებიც დაზარალებულის მონათხრობს გადმოსცემდნენ და დაუსაბუთებლად უარყო დაცვის მხარის მოწმეების - ა. ა-ს, ზ. ნ-სა და მ. დ-ს ჩვენებები იმ საფუძვლით, რომ ისინი არ იყვნენ დანაშაულის თვითმხილველები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენით კ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ. დ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. დ-მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2007 წელს ხ. ჯ. დაოჯახდა კ. დ-ზე და საცხოვრებლად .. . თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ სამი შვილი: 2008 წელს - შ. დ., 2011 წელს - ა. დ. და 2015 წელს - მ. დ..
3.2. 2015 წლიდან კ. დ. .. არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ჯ-ს სისტემატურად სცემდა, კერძოდ, თვეში ერთხელ მაინც აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში.
3.3. 2020 წლის ნოემბრის დასაწყისში კ. დ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ჯ-ს სწვდა თმაში და ხელი დაარტყა ზურგის არეში.
3.4. 2020 წლის 13 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, კ. დ-მ კვლავ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოქაჩა თმა ხ. ჯ-ს და დაარტყა მუშტი სახის, გულმკერდისა და ფეხის არეში. კ. დ-ს ძალადობის შედეგად ხ. ჯ. განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას.
3.5. 2015 წლიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით კ. დ., არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ჯ-ს, რომელსაც აგინებდა და ამცირებდა. ჩატარებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხ. ჯ. მეუღლის შეურაცხყოფისა და დამცირების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ (მორალურ) დამცირებასა და ტანჯვას.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ღ-მა, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და კ. დ-ს ქმედებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებასა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა კ. დ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.
9. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ ხ. ჯ-ს ჩვენება, მეუღლის მხრიდან სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის თაობაზე, საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით თანხვდენილია და დასტურდება დაზარალებულისა და მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილების - შ. და ა. დ-ების გამოკითხვის ოქმებით, რომელთა თანდასწრებით ოჯახურ ძალადობაშიც მსჯავრდებულია კ. დ., კერძოდ: შ. და ა. დ-ების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას, მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომელსაც პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული, ალკოჰოლით მთვრალი მამა ხშირად ეჩხუბებოდა დედას, რომელსაც აგინებდა და სცემდა ხელებითა და ფეხებით, დედა ტიროდა, რადგან სტკიოდა და სხეულზე აღენიშნებოდა სილურჯეები; ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. ბ-მ, ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად უტყუარად დადგენილია, რომ ხ. ჯ. კ. დ-ს ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რისი მხედველობაში მიღებითაც, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მტკიცება, რომ, თითქოსდა, დაზარალებულ ხ. ჯ-ს ჩვენება არადამაჯერებელია, რადგან მხოლოდ - ნ. ჯ-ს, ი. ა-სა და ნ. ჯ-ს ირიბი ჩვენებებით არის გამყარებული, რომელთა ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; თავის მხრივ, აღსანიშნავია, რომ მოწმეებმა - ნ. ჯ-მ, ი. ა-მ და ნ. ჯ-მ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ოჯახში სისტემატური კონფლიქტების არსებობა, რის გამოც ხ. ჯ-ს თვალნათლივ აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები და ნათესავებსა და ახლობლებს მოუწიათ მისი მოძალადე მეუღლისაგან განრიდება; № შემაკავებელი ორდერით ირკვევა, რომ 2020 წლის 13 ნოემბერს ხ. ჯ-ზე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, კ. დ-ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეს აეკრძალა: იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებების საპირწონედ წარმოდგენილი, მოწმეების - ა. ა-ს, ზ. ნ-სა და მ. დ-ს ჩვენებები, რადგან, ერთი მხრივ, ა. ა-ს განმარტებები, რომ 2020 წლის ნემბერში კ. დ-ს ხ. ჯ-ზე ფიზიკურად არ უძალადია, ეწინააღმდეგება მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტებს, შესაბამისად, არასანდო და არადამაჯერებელია, ხოლო, მეორე მხრივ, მოწმეების - ზ. ნ-სა და მ. დ-ს ჩვენებები, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით - არაფრისმთქმელია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. დ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კანონიერია და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების რაიმე წინაპირობები არ იკვეთება.
10. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი