Facebook Twitter

საქმე # 200100120004057005

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №453აპ-22 ქ. თბილისი

დ. ს., 453აპ-22 16 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებთან ერთად, ს. დ-ს დამნაშავედ ცნობას ასევე - სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტითაც (სისტემატური ფიზიკური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და შესაბამისი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი მოტივებით:

გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, უსამართლო და აშკარად ლმობიერია; ბრალდების მხარეს სისტემატური შეურაცხყოფის ბრალდების ეპიზოდშიც წარმოდგენილი ჰქონდა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მან ჩაიდინა სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნული დასტურდება თვითონ დაზარალებულ ა. მ-ს ჩვენებით, რომელმაც მიუთითა, თუ რა სიხშირითა და როგორ ძალადობდა მასზე ფიზიკურად ს. დ., ასევე - ა. მ-ს ოჯახის წევრების ჩვენებებით, რომლებმაც განმარტეს, რომ ს. დ-ს მხრიდან სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა გახდა ა. მ-ს სახლიდან წამოსვლის მიზეზი; მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ს. დ. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ ა. მ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის - ოჯახში ძალადობისათვის; ბრალდების მხარეს ასევე მიაჩნია, რომ ს. დ-სათვის შეფარდებული სასჯელი აშკარად ლმობიერია და არ შეესაბამება მის პიროვნებას.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. დ-ს ბრალად ედება: სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

ს. დ-ს მიმართ წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული ბრალდების თანახმად, 2020 წლის 17 იანვრის განაჩენით ს. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნული განაჩენით ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევი ს. დ. 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით, .. საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ა. მ-ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას.

აღნიშნული განაჩენით ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევი ს. დ. 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით, .. საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ა. მ-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

2020 წლის 12 სექტემბერს .. საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ს. დ. მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ა. მ-ს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენით ს. დ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტით (სისტემატური ფიზიკური შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე (2020 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) .

ს. დ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2020 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით; სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით; სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ს. დ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

გაუქმდა ს. დ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული - პატიმრობა.

ს. დ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 24 სექტემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ს. დ-ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებების მიხედვით - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტითა (სისტემატური ფიზიკური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და უსამართლოა. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. დ-ს საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტითაც (სისტემატური ფიზიკური შეურაცხყოფის ეპიზოდი) მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. ბრალდების მითითებულ ეპიზოდში დაზარალებულის მიმართ სისტემატური ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ უთითებს მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებული ა. მ. ამასთან, დაზარალებული თავის ჩვენებაში საუბრობს ზოგადად, რომ ს. დ. აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და ვერ აკონკრეტებს ფიზიკური ძალადობის თარიღებს. რაც შეეხება სხვა მოწმეთა - მ. ა-ს, ჯ. მ-ს, ფ. ხ-ს, გ. ბ-ს, ბ. შ. ო-ს, რ. ს-ს, გ. ბ-ს ჩვენებებს, ისინი არ არიან ფიზიკური ძალადობის ფაქტების უშუალო შემსწრე პირები და ინფორმაციას ძირითადად ფლობენ თვითონ დაზარალებულისგან, რის გამოც სისტემატური შეურაცხყოფის ბრალდების ეპიზოდთან მიმართებით ეს ჩვენებები ირიბია და, ამდენად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო სხვა, რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც მითითებულ ბრალდებას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

9. რაც შეეხება მსჯავრდებულ ს. დ-სათვის შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ, პირის ინდივიდუალური მახასიათებლების, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით (სასამართლოებმა გაითვალისწინეს: ს. დ-ს წარსული ნასამართლობა, ოჯახური ძალადობის არაერთი ეპიზოდი, აგრეთვე ის გარემოებები, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებები, რომლებიც განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხასიათდება დადებითად, ბრალდებულის კანონშესაბამისი, ზრდილობიანი და სათანადო ქცევა სასამართლოში, მცირეწლოვანი შვილი და ასევე დაზარალებულის პოზიცია, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია), მსჯავრდებულს განუსაზღვრა მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ბრალდებების სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არ არის აშკარად ლმობიერი, სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი