საქმე # 330100121005091319
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №457აპ-22 ქ. თბილისი
კ. დ., 457აპ-22 17 მაისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჟ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჟ-მ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და დ. კ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გამოყენებული სასჯელი არის მკაცრი და არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას; კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ დ. კ-მა არ იცის სამართალწარმოების ენა, მას არ ჰყოლია ადვოკატი და არ უსარგებლია თარჯიმნის მომსახურებით; არასწორია სასამართლოს მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლზე, რადგან დ. კ-ს ოჯახის წევრზე არ უძალადია; კასატორი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა (დაავადებულია შაქრიანი დიაბეტითა და არტერიული ჰიპერტენზიით) და საქმის ფაქტობრივი გარემოებების (მსჯავრდებული შეეწინააღმდეგა ბაბუის შეხედულებებს, რის გამოც, მის წინააღმდეგ გამოიცა შემაკავებელი ორდერი) გათვალისწინებითა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ დ. კ-ს ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი, პირობითი მსჯავრის გამოყენებისათვის სავალდებულო წინაპირობები (მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული; იგი აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან), შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლა საკმარისია მისი მიზნების რეალურად განხორციელებისათვის.
2. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ნანა ჯაყელი საკასაციო შესაგებლით ითხოვს, რომ მსჯავრდებულ დ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენით დ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. კ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
4.1. 2021 წლის 20 სექტემბერს დ. კ-ს მიმართ გამოიცა № შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ბრალდებულს: 30 დღით ა) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მისი პაპა - ა. კ. ცხოვრობს; ბ) აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ) აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
4.2. მიუხედავად აღნიშნულისა, 2021 წლის 21 სექტემბერს, ღამის საათებში, დ. კ. მივიდა .. მდებარე, ა. კ-ს სახლში და მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ჟ-მ, რომელიც ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და დ. კ-სათვის შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ განვითარებული მსჯელობა ურთიერთგამომრიცხველი და წინააღმდეგობრივია, ვინაიდან, ერთი მხრივ, საჩივარში მითითებულია, რომ არასწორია სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლთან ერთობლივად დაკვალიფიცირება, რადგან დ. კ-ს ოჯახური ძალადობა არ ჩაუდენია, ასევე - სამართალწარმოების პროცესში დაირღვა მსჯავრდებულის ფუნდამენტური პროცესუალური უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნულია, რომ საქმეში გამოკვეთილია დ. კ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების აუცილებელი წინაპირობები - მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული, აღიარა ჩადენილი ქმედება და ითანამშრომლა გამოძიებასთან.
10. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს, მათ შორის, სამართალწარმოების პროცესში მსჯავრდებულის დაცვისა და თარჯიმნის მომსახურების უფლებების დარღვევასა და დ. კ-ს ქმედებაში გამოკვეთილი დანაშაულის შემადგენლობასთან დაკავშირებით, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალწარმოების პროცესში საპროცესო სამართლის ნორმების იმგვარ დარღვევას, რასაც შეეძლო ემოქმედა დ. კ-ს საქმის განხილვის შედეგზე, საქმის მასალებით არ დადგენილა, ხოლო მსჯავრდების სადავოდ გამხდარ კვალიფიკაციასთან მიმართებით ხაზგასასმელია, რომ დ. კ-ს არავინ ედავებოდა ოჯახის წევრზე ძალადობას, მას ედავებოდნენ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას, დანაშაულს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მსჯავრდებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენებით.
12. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას დ. კ-სათვის შეფარდებული სასჯელის უსამართლობასთან მიმართებითაც და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 531-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, დ. კ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის შემსუბუქება - სასჯელის პირობითად ჩათვლა - არ არის მიზანშეწონილი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ დ. კ-ს ქმედებაში გამოკვეთილია, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაული, რომლის მხედველობაში მიღებითაც (დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ამ გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (რომელიც ისჯება - 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით) სასჯელის მინიმალური ზომის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის შემცირებას არ აქვს კანონიერი გამართლება, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულის წარსული და მის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (დ. კ-ს მიმართ წარსულში სწორედ ბაბუაზე - ა. კ-ზე ძალადობის გამო 12-ჯერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი; დაზარალებული 83 წლის მოხუცია; დანაშაულის ჩადენისას მსჯავრდებული იყო ალკოჰოლით მთვრალი) კუმულაციურად წარმოადგენს ჩადენილი ქმედებისა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებელ ისეთ დამამძიმებელ გარემოებებს, რომლებიც მის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის, ხოლო პირობითი მსჯავრის გამოყენების მიზანშეწონილობას ამცირებს.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი