Facebook Twitter

საქმე # 210100121004797507

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №303აპ-22 ქ. თბილისი

ს. ზ., 303აპ-22 10 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე მახათაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ. ს-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებიდან. ზარალებულების - ნ. ს-სა და ი. ს-ს გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ ზ. ს-ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელსაც ამასთან, ახასიათებს პათოლოგიური სიმთვრალე და სიმთვრალეში - აგრესიული ქცევა, აღიქვეს რეალურად, შეეშინდათ და გაუჩნდათ საფუძვლიანი შიში, რომ იგი მუქარას აასრულებდა; ამასთან, როგორც მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, ზ. ს. მიდრეკილია ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისკენ, რომელმაც არაერთხელ იძალადა ოჯახის წევრზე და დაემუქრა მათ, რაც კიდევ დამატებით ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დაზარალებულებს მართლაც გაუჩნდებოდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ს-ს ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

ზ. ს-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 20 მაისს, საღამოს საათებში, .. მდებარე ს.ების კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ალკოჰოლით მთვრალი ზ. ს. ხელთ ნაქონი ბენზოხერხით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ეზოში მყოფ დას - ნ. ს-სა და ძმას - ი. ს-ს, კერძოდ, უთხრა, რომ დახოცავდა, რის შედეგადაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის განაჩენით ზ. ს., - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ზ. ს-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გადახდილი გირაოს თანხა - 1500 ლარი განაჩენის არსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს - ზ. ს-ს.

ზ. ს-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე მახათაძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ზ. ს-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის პრეტენზიას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა თანახმად, ზ. ს-ს ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივებს, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ ზ. ს-მ ჩაიდინა მითითებული დანაშაული, კერძოდ:

9. წარმოდგენილი საქმის მასალებით - მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2021 წლის 20 მაისს დაზარალებულები - ნ. ს. და ი. ს. იმყოფებოდნენ მამაპაპეულ საცხოვრებელ სახლში პირველი სართულის დასალაგებლად, სადაც, მოცემული ეტაპისთვის ცხოვრობდა მხოლოდ ზ. ს.. დაზარალებულების - ნ. ს-სა და ი. ს-ს გამოკითხვის ოქმებით ასევე დგინდება, რომ შემთხვევის დღეს ისინი თავიანთ ძმას - ზ. ს-ს საერთოდ არ შეხვედრიან და, შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის ეზოში მათ შორის - კონფლიქტი და ურთიერთშელაპარაკება არ მომხდარა. საქმის მასალებით ასევე არ დგინდება ზ. ს-ს სიმთვრალის ფაქტიც. დაზარალებულთა გამოკითხვის ოქმებით დადგენილია ისიც, რომ ისინი სახლიდან უკვე წასულები იყვნენ, რა დროსაც, დაახლოებით - 20-40 მეტრის სიშორიდან გაიგეს მისი მუქარა, რომელიც ბენზოხერხით ჭრიდა, სავარაუდოდ სახლის კიბეს. მათ საერთოდ ვერ დაინახეს ზ. ს., რადგან უკვე ბნელოდა. იგი იცნეს მხოლოდ ხმით. დაზარალებულები განმარტავენ, რომ საცხოვრებელ სახლს პერიოდულად მხოლოდ ისინი ალაგებდნენ, ხოლო ვინაიდან იმ დღეს სახლი მათ დაალაგეს, ზ. ს-ც მიხვდებოდა, რომ სწორედ ნ. ს. და ი. ს. იმყოფებოდნენ სახლში, შესაბამისად, ზ. ს-ს მუქარაც მათი მისამართით იქნებოდა გამოთქმული. თავის მხრივ, ზ. ს-ც განმარტავს, რომ მას ნ. ს. და ი. ს. თავის საცხოვრებელ სახლში, ეზოში ან მიმდებარე ტერიტორიაზე არ დაუნახავს, მათთან პირდაპირი და უშუალო შეხება არ ჰქონია, შესაბამისად, მომხდარი ფაქტის დღეს მათ შორის არც არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ შესაძლოა, დაზარალებულებს - ნ. ს-სა და ი. ს-ს ნამდვილად გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მაგრამ აღნიშნულით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ ზ. ს-ს ჰქონდა მუქარის განზრახვა, რომ იგი ემუქრებოდა მათ - თავის და-ძმას, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, არ დასტურდება, არც ის ფაქტი, რომ ისინი ერთმანეთს უშუალოდ შეხვდნენ და არც ის, რომ ზ. ს-მ დანამდვილებით იცოდა ნ. ს-სა და ი. ს-ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტი ან ვარაუდობდა, რომ მისი და-ძმა მის მუქარას გაიგონებდნენ, მით უმეტეს თვითონ დაზარალებულებიც ცალსახად ადასტურებენ, რომ შემთხვევის დროს ბნელოდა, უშუალოდ ზ. ს. არც უნახავთ, გაიგონეს მხოლოდ მისი ხმა და ვარაუდობენ, რომ, ვინაიდან სახლი მათ დაალაგეს, ზ. ს-ც მიხვდებოდა, რომ სწორედ ისინი იქნებოდნენ სახლში. ამასთან, წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, ზ. ს. არ არის ნასამართლევი, შესაბამისად, არ იკვეთება თავისი და-ძმისა, თუ სხვათა მიმართ წარსულში მუქარისა და ძალადობრივი დანაშაულების ჩადენის ფაქტებიც. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ქმნის მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რომ ზ. ს. დაზარალებულებს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი