Facebook Twitter

საქმე # 330100121005168347

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №427აპ-22 ქ. თბილისი

უ. დ., 427აპ-22 17 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - დავით კიკაჩეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა, რომელიც ითხოვს მის შეცვლასა და დ. უ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების გარეშე, რადგან მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს; კასატორის მითითებით, სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის აღიარება, თუმცა მხედველობაში არ მიუღია დ. უ-ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, რომელიც მოიცავდა ერთიანი განზრახვით ჩადენილ არაერთ დანაშაულებრივ ეპიზოდს და დამდგარი შედეგი, რადგან სისხლის სამართლის საქმეებზე დართული ნივთმტკიცებების გასხვისებით საფრთხე შეექმნა არაერთი საქმის საკითხის გადაწყვეტას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დ. უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 1 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება - 6 თვით.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. უ-მა ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის კომპიუტერული ექსპერტიზის სამმართველოში 2017 წლის პირველი სექტემბრიდან ექსპერტის თანამდებობაზე მუშაობდა დ. უ., რომლის, როგორც ექსპერტის, მოვალეობაში შედიოდა სახელმწიფო უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ დანიშნული კომპიუტერული კვლევების შესრულება და საბოლოოდ, დასრულებული ექსპერტიზის დასკვნებისა და მათზე თანდართული ნივთმტკიცებების ბიუროს კანცელარიისთვის ჩაბარება. დ. უ-მა გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა და 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით დროის პერიოდში, ერთიანი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, მოქალაქეეთა კუთვნილი საკვლევი ნივთიერი მტკიცებულებები და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა: 286 401 ლარად, 9 350 აშშ დოლარად (ეკვივალენტი ლარში), 1250 ევროდ (ეკვივალენტი ლარში) და 15 000 უკრაინულ გრივნად (ეკვივალენტი ლარში) ღირებული, დიდი ოდენობით მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი სხვა მოწყობილობები.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა, რომელიც ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და დ. უ-სათვის სასჯელის გამკაცრებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს, რომლებიც მეორდება საკასაციო საჩივარშიც, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული პასუხები გასცა თავის გადაწყვეტილებაში, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (გულწრფელად აღიარა დანაშაული; ითანამშრომლა გამოძიებასთან; ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. უ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომლის ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან) შესაბამისად, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის გამკაცრება, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრებისა და ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, სასჯელის მიზნების მისაღწევად არ არის აუცილებელი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - დავით კიკაჩეიშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი