Facebook Twitter

საქმე # 330802222005688950

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№23I-22 ქ. თბილისი

ქ. ო., 23I-22 2 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ო. ქ-ს (O. K.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე, ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ო. ქ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2020 წლის 12 ივნისს სტამბოლის ანატოლიის მთავარი პროკურატურის მიერ გამოცემული ო. ქ-ს N საბრალდებო დასკვნის თანახმად, მას ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლთან ერთობლივად, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობა) ჩადენაში, რისთვისაც საჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია უვადო თავისუფლების აღკვეთა.

2020 წლის 18 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანატოლიის მე-6 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლომ გამოსცა ო. ქ-ს დაკავების ბრძანება.

2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:

2019 წლის 28 აგვისტოს, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ო. ქ-მა თანამონაწილეებთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა უ. ა.

3. ო. ქ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2021 წლის 5 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ო. ქ-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები;

2021 წლის 6 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ო. ქ.;

2021 წლის 8 დეკემბერს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ო. ქ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;

2021 წლის 14 დეკემბერსა და 2022 წლის 15 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოსაგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ო. ქ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 16 დეკემბერსა და 2022 წლის 7 მარტს;

2022 წლის 2 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ო. ქ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2022 წლის 6 ივნისამდე;

ამჟამად ო. ქ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

4. 2022 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა, რომელმაც მოითხოვა ო. ქ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანატოლიის მე-6 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის ო. ქ-ს დაკავების ბრძანებაში მითითებული დანაშაულისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დასაშვებად იქნა ცნობილი ო. ქ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანატოლიის მე-6 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის ო. ქ-ს დაკავების ბრძანებაში მითითებული დანაშაულისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ო. ქ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ბ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმებას და ო. ქ-ს ექტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგი საფუძვლებით: ო. ქ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება საფრთხე და ასევე, არსებობს მისი წამებისა და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის რეალური საფრთხეც. ამასთან, დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლებები.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ო. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ბ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე რაიმე მასალა თუ შუამდგომლობა არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ო. ქ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2021 წლის 6 დეკემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005).

5. კასატორს მიაჩნია, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ო. ქ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე და ასევე, არსებობს მისი წამებისა და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის რეალური საფრთხე, მაგრამ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია. მითითებული მოსაზრებები შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი ხასიათის განცხადებებით, რაც, როგორც აღინიშნა, გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით და, შესაბამისად, საკმარისი არ არის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების გასაუქმებლად. თავის მხრივ, გაცხადებული საფრთხეის არსებობისა და რეალურობის შესახებ ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ ვერ მოიძია.

6. ასევე აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო დევნისა და უფლებების დარღვევის რისკები, საქართველოს გენერალური პროკურატურის პარალელურად, შეისწავლა შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელიც საერთაშორისო დაცვის მინიჭების შესახებ ო. ქ-ს მოთხოვნას განიხილავდა. საექსტრადიციო საქმის მასალების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ო. ქ-ს უარი ეთქვა საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას შეფასდა როგორც უშუალოდ ო. ქ-ს მიმართ დევნისა და უფლებების დარღვევის საფრთხე, ისე - ჰუმანიტარული სტატუსის შესაძლო მინიჭების საკითხის განხილვის პერიოდში წარმოშობის ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობა. მითითებულმა სამინისტრომ ვერ დაადგინა რეალური საფრთხის არსებობა ო. ქ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში მისი რაიმე ნიშნით დევნასთან ან/და უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.

7. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი.

8. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

9. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საფუძველი ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ო. ქ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე და ასევე, არსებობს მისი წამებისა და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საფრთხე.

10. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ, მართალია, ო. ქ-სათვის ბრალად შერაცხული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს, აგრეთვე, უვადო თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ თურქეთის რესპუბლიკის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სასჯელის გამოყენების შემთხვევაში იგი არ იქნება შეუქცევადი, ვინაიდან თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობა შეიცავს დებულებებს უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი პირობების არსებობისას, სულ მცირე 24 წლის შემდგომ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, უვადო პატიმრობა შეიცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით. უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვის მითითებული სტანდარტი და ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელი, ამ დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, თავსებადია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან (Čalovskis v. Latvia, App no 22205/13, Judgment, ECHR).

11. გარდა ამისა, ადვოკატი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ო. ქ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლებები, რასაც საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, მოახდინოს ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany, no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).

13. წარმოდგენილი საექსტრადიციო საქმის მასალებით დგინდება, რომ, მართალია, ო. ქ-ს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქისაგან შეეძინა შვილი, მაგრამ საქართველო ვერ განიხილება ო. ქ-სა და მისი ოჯახის წევრების მუდმივ საცხოვრებელ ადგილად, ვინაიდან ო. ქ-ცა და მისი პარტნიორიც არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და არ გააჩნიათ საქართველოში მუდმივად ცხოვრების კანონიერი საფუძველი და გამოცდილება. ამასთან, ო. ქ. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ო. ქ-ს მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ო. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი