საქმე # 010100116001635887
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№251აპ.-22 ქ. თბილისი
ხ. ა., 251აპ-22 7 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
სხდომის მდივან -კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ვლადიმერ თურმანიძის
მსჯავრდებულ - ა. ხ-ს
ადვოკატ - მ. ც-ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ც-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ც-მ, რომელიც მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის ზედმეტად მკაცრი, რადგან სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ა. ხ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, მის ქმედებაში გამოკვეთილია დაუსრულებელი დანაშაული, რომლის შედეგადაც დაზარალებულს რეალურად ზიანი არ მისდგომია; მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს; იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა; აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რისი ერთობლივად მხედველობაში მიღებითაც, შესაძლებელია, მსჯავრად შერაცხული დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელის - ჯარიმის გამოყენება; კასატორის მითითებით, განსახილველ საქმეზე დაზარალებული გარდაცვლილია, რის გამოც, დაცვის მხარემ მემკვიდრის დადგენის მიზნით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, რაც შესაძლებელს გახდის, ა. ხ-ზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი დავით ჭარბაძე საკასაციო შესაგებლით ითხოვს, უარი ეთქვას მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველს, ადვოკატ მ. ც-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენით ა. ხ., - დაბადებული .. წლის 3 ოქტომბერს, - დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა. ხ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ხ-მა ჩაიდინა: თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა, დიდი ოდენობით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:
4.1. ა. ხ. 2016 წლის მაისში ქ. ბათუმში შეხვდა თავის ნაცნობს - შ. ი-ს, რომელიც მოატყუა, რომ თითქოს, იგი იყო ა. ფ-ს წარმომადგენელი და შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკში მდებარე - 1203 კვმ მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული - 1168.78 კვმ შენობა-ნაგებობის განკარგვის უფლება. ა. ხ-მა შ. ი-ს შესთავაზა ა. ფ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაფორმება, რომელიც მისი სესხის უზრუნველსაყოფად დაიტვირთებოდა იპოთეკით, რითაც დაფარავდა შ. ი-ს ვალს - 75 000 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩებოდა ა. ხ-ს.
4.2. 2016 წლის 18 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში ა. ხ-მა წარადგინა ა. ფ-ს სახელით გაცემული ყალბი მინდობილობა, რითაც შეცდომაში შეიყვანა სარეგისტრაციო სამსახური და ყალბი დოკუმენტის გამოყენებით შ. ი-სთან გააფორმა ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკში მდებარე, 2 200 000 აშშ დოლარად ღირებული - 1203 კვმ მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული - 1168.78 კვმ შენობა-ნაგებობის ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც შეეცადა, რომ ხსენებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დაჩქარებული წესით აღერიცხა შ. ი-ს საკუთრებად, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა თავისი ინიციატივით შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, რაც ცნობილი გახდა ქონების მესაკუთრე - ა. ფ-სათვის.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ც-მ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ა. ხ-სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
6. ძებნილი მსჯავრდებული - ა. ხ. დააკავეს და სასჯელს იხდის - 2021 წლის 1 აპრილიდან.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა ა. ხ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ც-მ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და დამატებით აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ არის ნასამართლევი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რისი მხედველობაში მიღებითაც, შესაძლებელია შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება, ასევე - დაცვის მხარემ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, გარდაცვლილ დაზარალებულს ჰყავს მემკვიდრე, რომლის მოძებნა, ა. ხ-ზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასთან დაკავშირებით პოზიციის გასარკვევად, მიუხედავად მათი მცდელობისა, ვერ შეძლეს.
9. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა, არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენი სასჯელის ნაწილში დარჩეს უცვლელად, ასევე - დამატებით წარმოადგინა დაზარალებულ ა. ფ-ს მემკვიდრესთან - ა. ფ-თან გასაუბრების ოქმი, რომელიც წინააღმდეგია, რომ მსჯავრდებულ ა. ხ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ც-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულ ა. ფ-სა და მოწმეების - დ. ბ-ს, გ. კ-ს, გ. კ-ს, შ. ი-ს, ტ. ე-ს, გ. დ-ს, ნ. ჯ-სა და მ. მ-ს ჩვენებები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული დოკუმენტები, ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის № დასკვნა და სხვა მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ა. ხ-მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებები, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რომლითაც მსჯავრი დაედო ა. ხ-ს, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულ ა. ხ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ა. ხ-ს მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი შეუფარდა, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქება და ჯარიმის გამოყენება, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილი დანაშაულის სიმრავლისა (ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა თავით გათვალისწინებული ორი დამოუკიდებელი დანაშაული) და დაზარალებულისათვის მიყენებული შესაძლო ზიანის (2 200 000 აშშ დოლარი) გათვალისწინებით, კუმულაციურად წარმოადგენს ჩადენილი ქმედებისა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებელ, ისეთ დამამძიმებელ გარემოებებს, რომლებიც მის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის, ხოლო არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების მიზანშეწონილობას ამცირებს.
7. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, ხოლო ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია, ამ მუხლში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ა. ფ-ს კანონისმიერი მემკვიდრე - ა. ფ. წინააღმდეგია, რომ ა. ხ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, რისი მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრდებულის მიმართ ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას არ აქვს კანონიერი გამართლება.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ც-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ც-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი