Facebook Twitter

საქმე # 330100121004896565

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №352აპ-22 თბილისი

ბ-ი გ., 352აპ-22 24 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის პირველი ნოემბრის განაჩენით გ. ბ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ბ–ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 21 ივნისიდან იმავე წლის 23 ივნისის ჩათვლით. მსჯავრდებულ გ. ბ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, დაეკისრა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სასწავლო კურსის გავლა.

2. განაჩენის მიხედვით, გ. ბ–ს მსჯავრი დაედო:

ü ოჯახში ძალადობაში, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

ü ოჯახში ძალადობაში, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

ü სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2020 წლის 18 ან 19 აპრილს, საღამოს საათებში, თ–ში, გ–ს „..“ მკ/რ-ის ..-ე კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, გ. ბ–მ თავის მეუღლეს - მ. პ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;

o 2021 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ–ში, მ–ს .. მკ/რ-ის მე-.. კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, გ. ბ–მ წინასწარი შეცნობით თავის ორსულ მეუღლეს - მ. პ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მარჯვენა ხელზე ხელი მოუჭირა, შემდეგ სახეში, მარჯვენა თვალთან დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც იგი დაეცა, დაცემულს კი გ. ბ–მ ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;

o 2021 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ–ში, მ–ს პირველი მკ/რ-ის მე-.. კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, გ. ბ–მ თავისი მეუღლის - მ. პ–ს „.......ის“ ფირმის მობილური ტელეფონი ესროლა სააბაზანოს კედელს, რის შედეგადაც ტელეფონს დაუზიანდა ეკრანი და კორპუსი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1400 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის პირველი ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და გ. ბ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის პირველი ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და გ. ბ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული.

7. მსჯავრდებულ გ. ბ–ის ადვოკატი ლ. ბ–ა საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და გ. ბ–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე