Facebook Twitter

საქმე # 330100120003948213

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №443აპ-22 ქ. თბილისი

გ–ი ბ., 443აპ-22 20 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენით ბ. გ–ი, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 2000 ლარი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ. გ–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც ასევე შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 9 აგვისტოდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. გ–მ ჩაიდინა: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; განზრახი ნაკლებად მძიმე და განზრახი მძიმე დანაშაულებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

3. ბ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 9 აგვისტოს, დღის საათებში, თ–ში, ც–ს ქ. №..-ის მიმდებარედ, სავაჭრო ცენტრ „თ–ს“ ტერიტორიაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და იმავე სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი ბ. გ–ი ფატი ასლანიშვილის ხელჩანთიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ, 350 ლარად ღირებულ, „სამსუნგ გალაქსი ....ის“ მოდელის მობილურ ტელეფონს.

· 2020 წლის 9 აგვისტოს, დღის საათებში, თ–ში, ც–ს ქ. №..-ის მიმდებარედ, სავაჭრო ცენტრ „თ–ს“ ტერიტორიაზე, განზრახი ნაკლებად მძიმე და განზრახი მძიმე დანაშაულებისათვის ნასამართლევი ბ. გ–ი ატარებდა ცივ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, ქარხნული წესით დამზადებულ, მჩხვლეტავ-მჭრელ დანას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. გ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ბ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი და სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ბ. გ–ს ბრალეულობა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის, ასევე – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულ ფ. ა–სა და მოწმეების – მ. ს–ს, გ. ქ–ს, ვ. დ–ს, ლ. კ–ს, ნ. ქ–ს, ქ. ქ–სა და სხვათა ჩვენებებით, სასაქონლო ექსპერტიზის 2020 წლის 10 აგვისტოს №....., ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2020 წლის 21 დეკემბრის №........ და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის 2020 წლის 10 აგვისტოს №..... დასკვნებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ნივთის ამოცნობის ოქმით, განაჩენებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ბ. გ–ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე – სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

8. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს ადვოკატი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს. გასაჩივრებული განაჩენით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ქურდობის ფაქტის შემსწრე მოწმე პოლიციელების – გ. წ–ს, მ. ს–სა და გ. ქ–ს დამაჯერებელი და ურთიერთთავსებადი ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან არის თანმიმდევრული და თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ასევე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რომელთა სისწორეში დაეჭვების ობიექტური საფუძველი მტკიცებულებების გამოკვლევით არ დგინდება; ამასთან, გ. ქ–ი და მ. ს–ი უწყვეტი რეჟიმით ადევნებდნენ თვალს ბ. გ–ს ქმედებებს. აღსანიშნავია, რომ სამართალწარმოების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ თვითმხილველი მოწმეები, რომელთა ჩვენებები მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წყაროს. პოლიციის თანამშრომლები უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენენ ფაქტის უშუალოდ შემსწრე პირებს და ახასიათებთ მიზანმიმართული ყურადღება, რაც პროფესიული საქმიანობის შინაარსით, თავისი საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი ვალის გაცნობიერებით არის განპირობებული. ამასთან, პროფესიულ საქმიანობას ისინი ეწევიან გარკვეულ გარემოებებზე, მოქმედებებზე, ობიექტებზე, ადამიანებზე გაცნობიერებულად მიზანმიმართული ყურადღების მეშვეობით და ასეთი თვითმხილველის აღქმის მაღალი ხარისხი, ჩვენების სისრულე დაკავშირებულია აღსაქმელი სიტუაციის ან მოვლენის ზოგად ცოდნასა და ადეკვატურ შეფასებასთან. პოლიციელის ჩვენება ხშირ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის ფაქტის ხილვით, თანდასწრებით არის წარმოდგენილი და, შესაბამისად, მტკიცებულების ეს წყაროც არის შეუცვლელი. სხვა მოწმეებისაგან განსხვავებით, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ჩვენებას, რომელიც უშუალოდ შეესწრო უკანონო ქმედებას და მის აღსაკვეთად გაატარა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ყოველთვის აქვს უშუალო კავშირი საქმესთან, შეიცავს სასამართლოს მიერ შესაფასებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას, პასუხობს მტკიცებულების დასაშვებობის მოთხოვნას, გააჩნია სანდოობის მაღალი ნიშანი, რასაც მნიშვნელობა აქვს მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებისათვის. საკასაციო პალატის შეფასებით, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების (რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ბ. გ–ს უკანონო ქმედებას) საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №589აპ-21).

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

11. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე