Facebook Twitter

საქმე # 330100120003448643

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№377აპ-22 ქ. თბილისი

გ-ი ი., 377აპ-22 1 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ი. გ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. გ–მ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში.

4. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 27 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულმა ი. გ–მ გამოიჩინა სასამართლოს უპატივცემულობა, კერძოდ, მისი ბრალდების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერ პროკურორს – მედეა ცირამუას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი როინ ხინთიბიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ი. გ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა დაუსაბუთებელი და უკანონო განაჩენი.

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დასჯადია სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში. დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა, ანუ დამთავრებულია პროცესის მონაწილის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ან ასეთი სიტყვების წარმოთქმისთანავე. ქმედითი მართლმსაჯულება წარმოუდგენელია სასამართლოს შენობაში სამართალწარმოების ნებისმიერი მონაწილის შეურაცხყოფის კვალდაკვალ. სასამართლოში სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფა ხელს უშლის სასამართლოს წნეხისაგან თავისუფალ გარემოში ფუნქციონირებას, აზიანებს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას და ხელყოფს სამართალწარმოების მონაწილის ღირსებას. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებისათვის აუცილებელია, რომ მართლმსაჯულების მონაწილეებს, რომლებიც წარსდგებიან სასამართლოს წინაშე, არ შეექმნათ დამთრგუნველი და შეურაცხმყოფელი გარემო, რომელიც, ერთი მხრივ, დააკნინებს სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების აღმასრულებლის ავტორიტეტს, ხოლო, მეორე მხრივ, წაახალისებს დავების სასამართლო განხილვებს მიღმა მოგვარების ტენდენციას.

10. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ი. გ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაული, კერძოდ: ი. გ–ის მიერ პროკურორისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, დაზარალებულისა და მოწმედ დაკითხული პროკურორის – შოთა გვარამიას ჩვენებების გარდა, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება. ასევე მოწმედ დაკითხული საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების – ზ. თ–სა და დ. ლ–ს ჩვენებების თანახმად, ი. გ–მ სხდომის დარბაზის დატოვებისას შეიგინა, მათი ვარაუდით, პროკურორ მედეა ცირამუას მისამართით, რადგან სწორედ ის საუბრობდა ამ დროს. საბადრაგო სამსახურის თანამშრომლის – ზ. კ–ს ჩვენებით, ი. გ–მ სხდომის დარბაზიდან გასვლისას ნამდვილად შეიგინა, თუმცა მინიშნება კონკრეტულ ადრესატზე არ ყოფილა, გინების დროს სახელობით არავისთვის მიუმართავს, დარბაზისკენ არ შეტრიალებულა და ხელებით ჟესტიკულაციაც არ გამოუყენებია. მისი მზერა კი მიმართული იყო დარბაზის კარისკენ. მოწმეების – ლ. ა–ს, ს. ი–სა და გ. ა–ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ი. გ–მ დარბაზიდან გასვლისას შეიგინა ისე, რომ დარბაზისა და მხარეებისაკენ არ გამოუხედავს; გინებას არ ჰყავდა კონკრეტული ადრესატი.

13. ბრალდებულმა ი. გ–მ სასამართლოს განუმარტა, რომ მისი აღელვება და გაღიზიანება გამოიწვია ვიდეოჩანაწერმა, სადაც ნათლად ჩანდა დაზარალებულისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტები 3 წლის შვილის თანდასწრებით, რის გამოც მან ითხოვა დარბაზის დატოვება; დარბაზიდან გასვლისას, ძალადობრივი ფაქტების გახსენებით აღელვებულმა, თავისთვის ხმადაბლა შეიგინა და ვერცკი წარმოედგინა, ვინმე თუ გაიგებდა; გინების ადრესატი პროკურორი არ ყოფილა.

14. 2019 წლის 27 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ როდესაც მოსამართლემ ი. გ–ს მისცა სხდომის დარბაზის დატოვების უფლება, ამ დროს ისმის ბრალდებულის გინება, რაზეც მოსამართლე მიმართავს მკაცრი ტონით – „ი–ი“, ბრალდებული ტოვებს დარბაზს და სასამართლო განხილვა გრძელდება მისი მონაწილეობის გარეშე. სასამართლოს შეფასებით, ი. გ–ის უხამს სიტყვებს კონკრეტული ადრესატი რომ ჰყოლოდა, მოსამართლე აუცილებლად მოახდენდა საქართველოს სსსკ-ის 85-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლებრივ რეაგირებას – დაჯარიმება/გაძევების სახით და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ მისდამი სახელობითი მიმართვით.

15. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ი. გ–ის ბრალეულობაში. რაც შეეხება პროკურორების – მედეა ცირამუასა და შოთა ბარამიას ჩვენებებს, ისინი, შესაძლებელია, კეთილსინდისიერად ცდებოდნენ შეგინების ადრესატის აღქმაში. ასეთ შემთხვევაში გონივრული ეჭვი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, ვინაიდან პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ეჭვებსა და ვარაუდებს, იგი უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

16. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე