საქმე # 050100120003885481
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №342აპ-22 ქ. თბილისი
ვ–ი ზ., 342აპ-22 1 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძისა და მსჯავრდებულ ზ. ვ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჯ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. ვ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, ნასამართლევს, – ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სხვაგვარ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის მაისიდან იმავე წლის 22 ივლისის ჩათვლით დროის განმავლობაში ზ. ვ–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ნ. ვ–ს ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, სადაც ცხოვრობდნენ ერთად, უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატურად აგინებდა და სცემდა, კერძოდ, სხეულის სხვადასხვა არეში ურტყამდა ხელ-ფეხს, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.
· 2020 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 10:00 საათზე, ზ. ვ–მ მეუღლეს – ნ. ვ–ს ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, თავიანთი საცხოვრებელი სახლის წინ, ეზოში, ეჭვიანობის გამო დაუწყო გინება იმ მიზეზით, რომ მიიჩნია, რომ ამ უკანასკნელთან შეთანხმებით არ პასუხობდა მობილურ ტელეფონს მევალე – დ. კ–ი, რის გამოც ზ. ვ–მ სცემა ნ. ვ–ს, კერძოდ, სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი და აღნიშნულით მიაყენა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
· 2020 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 12:50 საათზე, ზ. ვ–მ მეუღლეს – ნ. ვ–ს კვლავ ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, თავიანთი საცხოვრებელი სახლის წინ, ეზოში, განაწყენებულმა იმის გამო, რომ დედამისს კუთვნილი მობილური ტელეფონით საუბრისას მათთან სტუმრად მყოფმა ნ. ვ–ს მამიდამ – ლ. ვ–მ უთხრა, რომ ზ–ი ყოველდღე იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, დაუწყო გინება და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ნ. ვ–მ განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
· 2020 წლის მაისიდან იმავე წლის 22 ივლისის ჩათვლით დროის განმავლობაში ზ. ვ–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ნ. ვ–ს ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, სადაც ცხოვრობდნენ ერთად, უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, კერძოდ, აგინებდა და მოიხსენიებდა აუგად, ეძახდა მეძავს, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.
· 2020 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 12:50 საათზე, ზ. ვ–მ ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, თავიანთი საცხოვრებელი სახლის წინ, ეზოში, სტუმრად მყოფ ლ. ვ–ს, გაბრაზებულმა იმის გამო, რომ მან გამოართვა მობილური ტელეფონი და ზ–ს დედას სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ მისი შვილი ზ. ვ–ი ყოველდღე ღებულობდა ალკოჰოლურ სასმელს, ძალადობით, კერძოდ, ხელის კისერში მოჭერით, ასევე ხელების გადაგრეხით წაართვა ტელეფონი და აღნიშნულით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის განაჩენით ზ. ვ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 111,126-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე; ზ. ვ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ზ. ვ–ი გათავისუფლდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან. ზ. ვ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო, სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2020 წლის 22 ივლისიდან და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განაჩენით შეიცვალა: ზ. ვ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ნ. ვ–ს სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი); ზ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ლ. ვ–ს მიმართ ძალადობის ეპიზოდი) და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე; ზ. ვ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება (დაზარალებულ ნ. ვ–ს მიმართ სისტემატური ცემის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2020 წლის 22 ივლისიდან 2021 წლის 22 მარტის ჩათვლით.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ვ–მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ნ. ვ–ზე 2020 წლის 22 ივლისის ძალადობის ეპიზოდი); სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
6. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს მხარეებმა. ბრალდების მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ზ. ვ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალდების სრული მოცულობით და როგორც თითოეულ ეპიზოდში, ისე – დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას 1 წელსა და 6 თვეზე მეტი ვადით, სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
7. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განაჩენის მე-5 და მე-6 პუნქტებში ცვლილების შეტანასა და ზ. ვ–ს პატიმრობიდან გათავისუფლებას.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და დაცვის მხარის პოზიციებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, დაზარალებულმა ნ. ვ–მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის – ზ. ვ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. 2020 წლის 22 ივლისის ეპიზოდებთან მიმართებით (როგორც დაზარალებულ ნ. ვ–ს, ისე – დაზარალებულ ლ. ვ–ს მიმართ), ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს დაზარალებულ ლ. ვ–ს, მოწმეების – ვ. ვ–ისა და დ. შ–ს ჩვენებები, ასევე – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №...... დასკვნა, ლ. ვ–სა და ნ. ვ–ს (ლ. ვ–ს ეპიზოდთან მიმართებით) მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები. დაზარალებულმა ლ. ვ–მ დაადასტურა ზ. ვ–ს მიერ როგორც მის მიმართ, ისე – დაზარალებულ ნ. ვ–ს მიმართ 2020 წლის 22 ივლისს ფიზიკური ძალადობის ფაქტი, შესაბამისად, ამ ნაწილში ზ. ვ–ს ბრალეულობა დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. რაც შეეხება დაზარალებულ ნ. ვ–ზე სისტემატური ცემის, შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდებს, ამ ნაწილში, როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა უარი განაცხადა ზ. ვ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი, ირიბი მტკიცებულებები კი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
10. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება, როგორც ისეთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. წარმოდგენილ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა კი ვერ აკმაყოფილებს ბრალდების ამ ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს და არ ადასტურებს ბრალდებულის ბრალეულობას მისთვის შერაცხული ქმედებების ჩადენაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ სასამართლომ დაადგინა უკანონო განაჩენი. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ზ. ვ–ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (დაზარალებულ ნ. ვ–ს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით (დაზარალებულ ნ. ვ–ს სისტემატური ცემის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს „in dubio pro reo-ს“ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე განაჩენში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა ზ. ვ–სათვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხული ბრალის დასადასტურებლად.
13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მხარეთა მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ. ვ–სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების ან შემსუბუქებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სასამართლოებმა დაასაბუთეს მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის ზომა, კერძოდ, ზ. ვ–ი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის განაჩენით ნასამართლევია ნაკლებად მძიმე კატეგორიის, მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის (სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) ჩადენისათვის, ამ მუხლისთვის არსებული ნასამართლობა მას მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს, შესაბამისად, გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი და დანიშნული სასჯელი – 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებს შეესაბამება.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მსჯავრდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა ზ. ვ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ასევე – ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმეს.
15. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
16. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებას (მსჯავრდებულ ზ. ვ–ს ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში) და მიაჩნია, რომ არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძისა და მსჯავრდებულ ზ. ვ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჯ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე