Facebook Twitter

საქმე # 110100120003866241

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №282აპ-22 თბილისი

თ–ი ნ., 282აპ-22 2 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. თ–ს ადვოკატ ო. რ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. თ–ს ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით - პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა, გამოყენებასა და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის იანვარში ნ. თ–ი თავის მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა ს–ს მუიციპალიტეტის სოფელ ........ში მცხოვრები ნათესავის - ნ. ნ–ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ, მის შიშველ ფოტოსურათებს, რაც ასევე უკანონოდ გამოიყენა, კერძოდ, სოციალურ ქსელ „.......ს“ საშუალებით უკანონოდ გაავრცელა - გაუგზავნა ნ. ნ–ს ძმას - ი. ნ–ს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენით:

· ნ. თ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

· ნ. თ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2020 წლის 27 ივნისიდან.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის იანვარში ნ. თ–ი თავის მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა ს–ს მუიციპალიტეტის სოფელ .....ში მცხოვრები ნათესავის - ნ. ნ–ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ, მის შიშველ ფოტოსურათებს.

5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

− საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია გელბახიანმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ნ. თ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

− მსჯავრდებულმა ნ. თ–მ და მისმა ადვოკატმა ნ. ც–მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ნ. თ–ს გამართლება.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. თ–ს ადვოკატმა ო. რ–მ, რომელიც საჩივრით ითხოვს ნ. თ–ს გამართლებას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ნ. თ–ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამავე დროს, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. თ–ს ადვოკატ ო. რ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე