Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1451-1026(კ-05) 9 მარტი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების აღიარება, საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

კ. თ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ 1972 წელს მისმა ნათესავმა ა. მ-მა საცხოვრებლად დაუთმო ქ. თბილისში, ... ქ. ¹6ა-ში მდებარე სახლი და მიწის ნაკვეთი, სადაც ცხოვრობს დღემდე მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. მოსარჩელე ოჯახთან ერთად არის რეგისტრირებული. დასახლების დღიდან მოსარჩელემ განაახლა ძველი ღობე, რომელიც სამხრეთით ემიჯნება მდინარე მტკვარს, აღმოსავლეთით და დასავლეთით მეზობელ მიწის ნაკვეთებს, ხოლო ჩრდილოეთით ესაზღვრება ხანძთელის ქუჩა. მოსარჩელემ 1990 წლამდე ძველ შენობას მიაშენა დამატებითი საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები, რის შედეგადაც მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 1.1050 კვ.მ-ს, ხოლო შენობა-ნაგებობების ფართია 177 კვ.მ, საიდანაც საერთო სარგებლობისა 127,07 კვ.მ, მათ შორის‚ საცხოვრებელი ფართია 80,82 კვ.მ. აღნიშნული დადასტურებულია თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ 10.03.04. შედგენილ მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საინვენტარიზაციო გეგმით. გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 02.04.04წ. დადგენილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის სამართლებრივ რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ საინვენტარიზაციო გეგმის მონაცემებით აღრიცხვა 2004 წელს განხორციელდა. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი მოთხოვნის დაკმყაოფილებაზე უარი გამგეობის მიერ გაიცა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, სზაკ-ის 95-98-ე მუხლების დარღვევით. მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს მიერ იმის აღიარება, რომ მოსარჩელე 1972 წლიდან ფლობს ნაკვეთს და სკ-ის 181-ე მუხლის თანახმად‚ 1972 წლიდან წამოღობილი აქვს მიწის ნაკვეთი, რომელზედაც 1972-90 წლებში განახორციელა მშენებლობა, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის16.03.94წ. ¹156 და თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 25.09.97წ. ¹19 დადგენილების საფღუძველზე სადავო მიწის ნაკვეთზე და სახლმფლობელობაზე საკუთრების უფლების აღიარება, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მიწის ნაკვეთის და სახლთმფლობელობის მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგიტსრაციის დავალდებულება.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 21.01.05წ. გადაწყვეტილებით კ. თ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლდობის გამო. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მინისტრთა საბჭოს 23.12.83წ. ¹806 დადგენილების, მინისტრთა კაბინეტის 16.03.94წ. ¹156 დადგენილების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 22.09.94წ. ¹21. 34.445 და 25.09.97წ. ¹19.18-1130 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისში 1994წ. სექტემბრამდე თვითნებურად მიტაცებული მიწის ნაკვეთები და უნებართვოდ აშენებული სახლები, რომლებიც არქიტექტურული და სანიტარული თვალსაზრისით აკმაყოფილებს დადგენილ ნორმას, საქალაქო განაშენიანების მოთხოვნებს და რომელთა დანერგვა მიზანშეუწონილია, დაექვემდებარა სამართლებრივ რეგიტსრაციას მიწის მიმტაცებელი პირებისა და საცხოვრებელი სახლის ამშენებელი პირების სახელზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში‚ სასარჩელო განცხადების თანახმად‚ სადავო მიწის ნაკვეთის მიმტაცებელ პირს წარმოადგენს ა. მ-ი და არა კ. თ-ა და თუ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აშენებული სახლი აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს, აღნიშნული დადგენილებების თანახმად‚ რეგისტაციას სახლთმფლობელობა ექვემდებარება ა. მ-ის სახელზე და არა კ. თ-ს სახელზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა კ. თ-ს მიერ. აპელანტმა აღნიშნა, რომ ა. მ-ის ოჯახი ცხოვრობს ... ქ. ¹6-ში, ხოლო აპელანტის ოჯახი - ამავე ქუჩის 6ა-ში, ნაკვეთი აპელანტის მიერ 70-80-იან წლებში იქნა მიტაცებული, რაც დასტურდება მოწმეების ჩვენებებით. 2004 წელს ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების რეგიტსრაცია მოხდა გამგეობისათვის სამართლებრივი რეგისტრაციისათვის მიმართვის და გამგეობის მიერ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენის მოთხოვნის შემდეგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 14.09.05წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ... ქ. ¹6ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და განაშენიანების ფართი კ. თ-ს სახელზე, როგორც უკანონო, აღრიცხულია 2004წ. 10 მარტიდან. პალატამ არ გაიზიარა კ. თ-ს განმარტება, რომ მიწის ნაკვეთს იგი 1972 წლიდან ფლობდა, ვინაიდან‚ 1964წ. სკ-ის 93.1 მუხლის თანახმად მიწა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და მხოლოდ სარგებლობისათვის გაიცემოდა. ტყის კოდექსის 4.2 მუხლის თანახმად მიწა წარმოადგენდა განსაკუთრებულ სახელმწიფო საკუთრებას და იგი გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. სსკ-ის 102.3 მუხლის თანახმად‚ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოსარჩელემ ვერ მიუთითა 1972 წლიდან სადავო მიწის ფართობის და ნაგებობის ფლობის რაიმე სამართლებრივ საფუძველზე და ვერ წარუდგინა მათი მართლზომიერად ფლობის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად‚ სადავო ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც იმყოფება მოსარჩელის არამართლზომიერ მფლობელობაში. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში უთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი და ნაგებობა ა. მ-მა დაუთმო‚ მოწმის ჩვენების თანახმად‚ მოსარჩელემ იყიდა, ხოლო სააპელაციო საჩივრის თანახმად - მიიტაცა ნაკვეთი. სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი და ნაგებობები აღრიცხულია რა 2004 წელს, მასთან მიმართებაში გამოყენებული ვერ იქნება მინისტრთა კაბინეტის 16.03.97წ. ¹156 დადგენილება და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივართან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროექტირების, დანერგვისა და სწავლების ცენტრის ცნობები ნაგებობის დახასიათების და ნარგავების ასაკის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ ცვლიდა.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა კ. თ-ს მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ მინისტრთა საბჭოს 23.12.83წ. ¹806 დადგენილება, მინისტრთა კაბინეტის 16.03.94წ. ¹156 დადგენილება, თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 25.09.97წ. ¹19 დადგენილება შეეხებოდა თვითნებურად მიტაცებულ მიწის ნაკვეთებს და თვითნებურად აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მინისტრთა კაბინეტის 16.03.97წ. ¹156 დადგენილებაზე. კასატორი თვლის, რომ მხოლოდ ერთ გარემოებაზე დაყრდნობით, კერძოდ იმაზე მითითებით, რომ ნაკვეთი 2004წ.ათვის იყო აღრიცხული, არ დაიშვებოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, მით უფრო, რომ გამგეობის უარი მიწის ნაკვეთის დაკანონებაზე განპირობებული იყო მხოლოდ ფორმალური მიზეზით, გამგეობა ვალდებული იყო‚ ნაკვეთების აღრიცხვიანობა‚ ეწარმოებინა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საქმის მასალების შესწავლის, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

მინისტრთა კაბინეტის 23.12.83წ. ¹806, მინისტრთა კაბინეტის 16.03.94წ. ¹156 დადგენილებები, მათ შესასრულებლად გამოცემული საქალაქო საბჭოს აღმასკომის 16.05.85წ. გადაწყვეტილების, მუნიციპალიტეტის კაბინეტის 22.09.94წ. და 25.09.97წ. დადგენილებების თანახმად‚ თვითნებურად მიტაცებული მიწის ნაკვეთები და უნებართვოდ აშენებული სახლები, რომლებიც არქიტექტურულ და სანიტარული თვალსაზრისით აკმაყოფილებს დადგენილ ნორმას, საქალაქო განაშენიანების მოთხოვნებს და რომელთა დანერგვა მიზანშეუწონელია, დაექვემდებარება სამართლებრივ რეგისტრაციას მიწის მიმტაცებელი პირებსა და საცხოვრებელი სახლების ამშენებელი პირების სახელზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ კ. თ-მ სასამართლოს ვერ მიუთითა 1972 წლიდან სადავო მიწის ფართობის და ნაგებობის ფლობის რაიმე სამართლებრივ საფუძველზე და ვერ წარმოადგინა მათი სკ-ის 159-ე მუხლის მიხედვით მართლზომიერი ფლობის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე სააპელაციო პალატის მითითება 1964წ. სკ-ის 93.1, ტყის კოდექსის 4.2 მულებზე, რომელთა თანახმად მიწა განსაკუთრებულ სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და მხოლოდ სარგებლობისათვის გაიცემოდა, არ ქმნიდა კ. თ-ს მოთხოვნაზე უარის თქმის საკმარის სამართლებრივ საფუძველს. კ. თ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილება ძირითადში დამოკიდებულია მიწის ნაკვეთის დაუფლების და ამ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის აგების დროის მომენტზე, ვინაიდან ხსენებული ნორმატიული აქტების თანახმად 1994 წლამდე თვითნებურად მიტაცებული მიწის ნაკვეთები და უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლები სამართლებრივ რეგისტრაციას დაექვემდებარა. მიუხედავად აღნიშნულისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ტექსტიდან გაურკვეველი რჩება თუ რა მიიჩნია ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ დადგენილად, სააპელაციო პალატა არ უთითებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად როდის იყო კ. თ-ს მიერ მიტაცებული მიწის ნაკვეთი და ქრონოლოგიურად რა პერიოდში პერიოდში აშენდა მიტაცებული მიწის ნაკვეთზე თვითნებურად საცხოვრებელი სახლი, აღნიშნულის სანაცვლოდ სააპელაციო პალატა შემოიფარგლა იმის აღნიშვნით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი და ნაგებობა 2004 წელს არის აღრიცხული, რაც თავისთავად არ გამორიცხავს 1994 წლამდე ნაკვეთის მიტაცებას და ნაგებობის 1994 წლამდე აშენებას. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული ის მოტივები, რომელთა მიხედვით სააპელაციო პალატამ უარყო კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროექტირების, დანერგვისა და სწავლების ცენტრის ცნობები. საქმის არსებითად განხილვისას უნდა გაირკვეს შეყვანილ იქნა თუ არა კ. თ-ს სახლთმფლობელობა მუნიციპალიტეტის კაბინეტის 22.09.94წ დადგენილებით გათვალისწინებული, საცხოვრებელი სახლების სამართლებრივი რეგისტრაციის მიზნით რაიონულ გამგეობაში შექმნილი კომისიის მიერ შედგენილ სიაში, რომელიც დადგენილების გამოცემიდან სამ თვეში უნდა ყოფილიყო შედგენილი კომისიის მიერ. დადგენილების თანახმად სიაში უნდა ასახულიყო რაიონის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები და უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, სია რაიონული გამგეობის მიერ უნდა დამტკიცებულიყო.

საკასაციო პალატა თვლის, რომ დავის კანონიერი გადაწყვეტის ინტერესები ქმნიან საქმის ფაქტობრივი გარემოების დადგენის, კერძოდ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად მიწის ნაკვეთის დაუფლების და ნაგებობის აშენების პერიოდის დადგენის საჭიროებას, რაც სცილდება საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს. საქმის მასალების თანახმად დასტურდება, რომ მოსარჩელე კ. თ-ა სასარჩელო განცხადებით, სასკ-ის 25-ე მუხლზე მითითებით, ითხოვდა იმის აღიარებას, რომ 1972 წლიდან ფლობს მიწის ნაკვეთს, რომელსაც შემოვლებული აქვს სასაზღვრო მიჯნა, 1972-90 წლებში ნაკვეთზე განახორციელა მშენებლობა, რის საფუძველზე მოსარჩელე ითხოვდა მინისტრთა კაბინეტის 16.03.94წ. და თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 25.09.97წ. დადგენილების მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთზე და სახლთმფლობელობაზე საკუთრების უფლების აღიარებას და სარეგისტრაციო სამსახურისათვის მიწის ნაკვეთის და სახლთმფლობელობის საკუთრების უფლებით მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციას. მიუხედავად ამისა‚ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, რომლისგანაც კ. თ-ა ითხოვს მიწის ნაკვეთის და სახლთმფლობელობის მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, საქმეზე ჩაბმულია არა მოპასუხედ, არამედ მესამე პირად. ამასთანავე, სასკ-ის 25-ე მუხლის თანახმად აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ დაზუსტებას მოითხოვს დავის საგანი და პროცესის მონაწილეთა სტატუსი, დავის საგნის დაზუსტებაზე უარის თქმის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სარჩელის დასაშვებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის არსებითი განხილვიტსათვის განსჯად სააპელაციო სასამართლოსათვის გაგზავნის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. თ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 14.09.05წ. განჩინება. საქმე განსახილველად განსჯადობით გაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიტსრაციულ საქმეთა პალატას;

2. მხარეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების გამოტანისას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.